რუსთავი 2-ის ეთერში თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა და შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ, ალეკო ელისაშვილმა, შეწყალების კომისიის სკანდალზე ისაუბრა. მან გამოძიების ეფექტურობაში ეჭვი შეიტანა და პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა კიდევ ერთხელ მოითხოვა. "მთავარი პროკურატურა ჩემი სარეგისტრაციო დოკუმენტებით კავდება, ლოგიკას აქ ვერ ვხედავ, გარდა იმისა, რომ გამოძიება არასწორი მიმართულებით მიდის, კორუფციის ფაქტით კი არა, ჩემი დოკუმენტაციით ინტერესდება, სად არის ლოგიკა? პროკურატურა საქმეს კი არ იძიებს, ჩემ წინააღმდეგ რაღაცეების შეგროვებას ცდილობს" - განაცხადა ელისაშვილმა.
ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
ალეკო ელისაშვილმა ჯერ კიდევ 2015 წლის 24 დეკემბერს არასამთავრობო ორგანიზაციებთან საუბრისას განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით საქართველოს პროკურატურამ ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან იმ საინიციატივო ჯგუფის წევრთა სია გამოითხოვა, რომელთაც ელისაშვილი ქალაქ თბილისის საკრებულოს 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებზე საბურთალოს დეპუტატობის კანდიდატად წარადგინეს. მისთვის უცნობია, თუ რაში შეიძლება სჭირდებოდეს პროკურატურას აღნიშნული ინფორმაცია. აქვე აღსანიშნავია, რომ ეს ინფორმაციასაჯარო და ყველასთვის ხელმისაწვდომია.
ფაქტ-მეტრმა ამ ფაქტების დასაზუსტებლად როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ისე პროკურატურასაც მიმართა. თუმცა, პროკურატურამ აღნიშნული ინფორმაციის მოწოდებაზე უარიგანაცხადა. მათი პოზიციით, აღმასრულებელი ორგანოს მიერ სისხლისსამართლებრივ დევნასა და პროცესთან დაკავშირებით განხორციელებულ ქმედებებზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი არ ვრცელდება, შესაბამისად, მათ ჩვენ მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის მოწოდების ვალდებულება არ გააჩნიათ.
რაც შეეხება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, უწყების განცხადებით, საქართველოს მთავარ პროკურატურას ცესკოდან ალეკო ელისაშვილის, როგორც მაჟორიტარი კანდიდატის წარმდგენ პირთა სია და სხვა რაიმე სახის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არ გამოუთხოვია. თუმცა, მათივე განცხადებით, პროკურატურამ მოითხოვა საჯარო ინფორმაცია ალეკო ელისაშვილის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ კომისიაში განცხადებით მიმართვის ვადისა და მისი რეგისტრაციაში გატარების ვადის შესახებ. აღნიშნულის თაობაზე ინფორმირებულიიქნა ალეკო ელისაშვილიც. სწორედ აღნიშნულ წერილზე საუბრობდა ელისაშვილი გადაცემა არჩევანის ეთერში.
ფაქტ-მეტრთან საუბრისას ალეკო ელისაშვილმა კვლავ განაცხადა, რომ ის ვერ ხედავს ლოგიკას, თუ რა კავშირი შეიძლება არსებობდეს თანამდებობის პირების მიერ შესაძლო კორუფციული ფაქტის დადგენის მიზნით წარმოებულ გამოძიებასა და მისი ცესკოში კანდიდატად რეგისტრაციის ვადებს შორის.
ამ თემასთან დაკავშირებით საინტერესოა პარლამენტის დეპუტატების - მანანა კობახიძისა და ეკა ბესელიას განცხადებები, რომლებიც ალეკო ელისაშვილის მიერ სავარაუდო ცრუ ჩვენების გამო მასზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას მოითხოვენ. თუმცა, თუნდაც ამ მიმართულებით მიდიოდეს გამოძიება, ჩნდება კითხვა, თუ რამდენად რელევანტურია გამოძიებისთვის ალეკო ელისაშვილის კანდიდატად რეგისტრაციის ვადების დადგენა.
აქედან გამომდინარე, ელისაშვილის განცხადებით, მისთვის პროკურატურის ქმედებები, რომლებიც შემხებლობაში არ არის მათ მიერ გამოსაძიებელ მთავარ საქმესთან, გარკვეული ზეგავლენის მოხდენის მცდელობას გავს. თუმცა, კითხვაზე, თუ რა სახის ზეგავლენის მოხდენა შეუძლია პროკურატურას აღნიშნული ინფორმაციის გამოთხოვით, ელისაშვილმა განაცხადა, რომ მან თავადაც არ იცის პასუხი. ეს მხოლოდ მისი ვარაუდებია და პროკურატურისგან სწორედ ამის გარკვევას ცდილობს.
დასკვნა
ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მთავარი პროკურატურა მისი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კანდიდატად რეგისტრაციის დოკუმენტაციით დაინტერესდა. ცესკოს პასუხის მიხედვით, პროკურატურამ ელისაშვილის მიერ კომისიაში კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ განცხადებით მიმართვის ვადისა და მისი რეგისტრაციაში გატარების ვადების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უარი განაცხადა აღნიშნული ინფორმაციის მოწოდებაზე. მათი პასუხიდან ირკვევა, რომ კანონის თანახმად, სისხლისსამართლებრივ დევნასა და საქმის წარმოებასთან დაკავშირებით, მასზე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი არ ვრცელდება, შესაბამისად აღნიშნული ინფორმაციის მოწოდების ვალდებულება არ გააჩნია. ამდენად, პროკურატურის პასუხიდან გამოდის, რომ აღნიშნული ინფორმაცია სისხლისსამართლებრივი საქმის წარმოების პროცესს ეხება, თუმცა უცნობია, თუ რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს თანამდებობის პირების მიერ შესაძლო კორუფციული ფაქტების გამომჟღავნებასთან ალეკო ელისაშვილის კანდიდატად რეგისტრაციის ვადებს.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ალეკო ელისაშვილის განცხადება არის სიმართლე.