სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას განცხადებით, 2016 წლიდან ქართული თაფლი ევროპულ ბაზარზე აღიარებული სერტიფიკატით გავა. "თაფლის ექსპორტთან დაკავშირებით დირექტივის ვადები დავაჩქარეთ, რომლებიც უშუალოდ მეფუტკრეობას უკავშირდებოდა. გვინდა, 2016 წლის პირველ კვარტალში უკვე შესაძლებელი იყოს ექსპორტი. ბევრი ღონისძიებაა გასატარებელი, მათ შორის, ქვეყანაში არ არსებობდა თაფლის ლაბორატორია, რომელიც 2015 წელს დავნერგეთ. ამ პროცედურების გავლის შემდეგ, უკვე შეეძლებათ გასცენ სერტიფიკატი, რომელიც საერთაშორისოდ იქნება აღიარებული და შესაძლებლობას მოგვცემს თაფლი ევროპულ ბაზარზე გავიტანოთ" - განაცხადა

დანელიამ.

ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

საქართველოს მთავრობის #714 დადგენილების (2014

წლის 26 დეკემბრის) თანახმად, თაფლზე ტექნიკური რეგლამენტი მიიღეს, რომელიც ძალაში 2015 წლის ივლისიდან შევიდა. ტექნიკური რეგლამენტი ხელს შეუწყობს ქვეყანაში თაფლის ფალსიფიცირების შემცირებას, ასევე მოაწესრიგებს პროდუქციის წარმოების და ბაზარზე განთავსების საკითხებს.

რაც შეეხება თაფლის ლაბორატორიულ შემოწმებას, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში (LMA) 2015 წლის სექტემბრიდან ევროკავშირის სტანდარტის შესაბამისი თაფლის კვლევის სრული სპექტრის დანერგვის და ვალიდაცია/ვერიფიკაციის პროცესი მიმდინარეობს. თაფლის შემოწმებისას თანამედროვე კვლევის მეთოდებით ისეთი რთულად გამოსაკვლევი მახასიათებლების განსაზღვრა ხდება, როგორიცაა ანტიბიოტიკებისა და პესტიციდების შემცველობა. აღნიშნულ მახასიათებლებზე კვლევას ევროკავშირი სურსათის უვნებლობის კანონმდებლობის საფუძველზე ითხოვს. ევროკავშირის სტანდარტის კვლევების დანერგვის უზრუნველყოფისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ უახლესი, მაღალტექნოლოგიური აპარატურა შეიძინა, რამაც აღნიშნული კვლევის საქართველოში ჩატარება გახადა შესაძლებელი. 2014 წლის მარტში ლაბორატორიამ ANAB-დან (ANSI-ASQ  National Accreditation Board) ISO 17 025 საერთაშორისო აკრედიტაცია მიიღო, რაც იმის საფუძველია, რომ ლაბორატორიის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები საერთაშორისო მასშტაბით იქნას აღიარებული.

თაფლის ლაბორატორიულ კვლევასთან დაკავშირებით ჩვენ კომენტარი სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსს, ირაკლი გულედანს ვთხოვეთ. მისი ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის ლაბორატორიაში ახლად დანერგილი მეთოდებით თაფლის ხარისხი და უვნებლობა მოწმდება. ხარისხის განმსაზღვრელი კვლევის ჩატარება უკვე შესაძლებელია, ხოლო რაც შეეხება თაფლის უვნებლობის განსაზღვრას, ეს პროცესიც დაწყებულია. თაფლში რამდენიმე პესტიციდის, ანტიბიოტიკის და მძიმე მეტალის შემცველობის დადგენა უკვე შესაძლებელია. მისივე ინფორმაციით, იანვარში ლაბორატორიას საერთაშორისო მააკრედიტირებელი ორგანოს - ANAB-ის სპეციალისტები სტუმრობდნენ. ისინი ლაბორატორიაში ახლადდანერგილი მეთოდების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას სწავლობდნენ. წინასწარი დასკვნები დადებითია. საბოლოო დასკვნა თებერვლის ბოლოს გახდება ცნობილი. რაც შეეხება სერტიფიკატის მინიჭებას, ირაკლი გულედანის განმარტებით, სერტიფიკატს სსიპ "სურსათის ეროვნული სააგენტო" ლაბორატორიის მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზე გასცემს. დღეს უკვე შესაძლებელია თაფლისთვის ხარისხის სერთიფიკატის მინიჭება, რაც ადგილობრივ ბაზარზე გასასვლელად საკმარისია, ხოლო უვნებლობის სერთიფიკატის მინიჭებისთვის საჭირო კვლევების სრული სპექტრის ვალიდაციის პროცესი სავარაუდოდ ივლისისთვის დასრულდება. ამის შემდეგ, შესაძლებელი იქნება საერთაშორისო სერტიფიკატის გაცემა, რომლის საშუალებითაც თაფლი ევროპულ ბაზარზე გავა.

ჩვენ ქართული თაფლის წარმოებითაც დავინტერესდით. ამჟამად, საქართველო წელიწადში დაახლოებით 4 000 ტონა თაფლს აწარმოებს, ხოლო ბოლო წლების სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება:

ცხრილი 1:

თაფლის წარმოება 2010-2013 წლებში (ტონა)

წელი 2010 2011 2012 2013
ოდენობა 4 200 2 700 4 100 3 900
წყარო: საქსტატი

ქართული თაფლი ექსპორტზე ძირითადად ლიბიაში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, საუდის არაბეთში, ერაყსა და ლიბანში გადის. 2014 წელს ამ ქვეყნებს ჩინეთისა და სამხრეთ კორეის რესპუბლიკის სახით ახალი საექსპორტო მიმართულებები დაემატა. ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მეტი - 17 ტონა თაფლი (116 700 აშშ დოლარის ღირებულების) ექსპორტზე 2013 წელს გავიდა.

ცხრილი 2:

თაფლის ექსპორტი 2012-2014 წლებში (ტონა)

წელი 2012 2013 2014
ოდენობა 2.7 17 5.4
წყარო: საქსტატი

2014

წელს საქართველოდან თაფლის ექსპორტი 5 ქვეყანაში განხორციელდა. საუდის არაბეთში ექსპორტმა 4.3 ტონა, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში - 0.1 ტონა, ჰონკონგში - 0.6 ტონა, ჩინეთში - 0.3 ტონა, ხოლო სამხრეთ კორეაში - 0.1 ტონა შეადგინა.

ქართული თაფლის წარმოებაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ჩვენ კომენტარი მეფუტკრეობის გილდიის თავმჯდომარეს და კომპანია "ბრეტის" დირექტორს, გიორგი კეპაშვილს ვთხოვეთ. მისი ინფორმაციით, "საქართველოში მეფუტკრეობას 50 000-ზე მეტი ადამიანი მისდევს. მათი 99.6% მოყვარულია. მხოლოდ რამდენიმე მეფუტკრეს ჰქავს ფუტკრის 300 ან  მეტი ოჯახი. მოყვარული მეფუტკრეების ცოდნის დონე ძალიან დაბალია. ადამიანს, რომელსაც ფუტკრის 20-30 ოჯახი ჰყავს, სწავლის შესაძლებლობა არ აქვს. ამიტომ, სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს მეფუტკრეებს ცოდნის ამაღლებაში".

მეფუტკრეობის გილდიის თავმჯდომარემ ქართული თაფლის ევროპულ ბაზარზე გასვლის პერსპექტივაზეც ისაუბრა: "ქართული თაფლი თავისი ხარისხით და საგემოვნო თვისებებით იმდენად გამორჩეულია, ევროკავშირის ბაზარზე რომ შევიდეთ, ყველაზე ძვირადღირებული თაფლი იქნება. თუმცა, ამას მთავრობის მხრიდან დახმარება და ბაზარზე პროდუქტის სწორი წარდგენა სჭირდება. ქართულმა თაფლმა განსხვავებული ნიშა უნდა დაიკავოს. ევროპელ მომხმარებელს უნდა ვუთხრათ, რომ ეს არის ნატურალური და ორგანული პროდუქტი. ქართული ფუტკარი მსოფლიოში უნიკალურია, მას ყველაზე გრძელი ხორთუმი აქვს და ნექტარს ისეთი ღრმა სანექტრეებიდანაც იღებს, რომლებსაც სხვა ჯიშის ფუტკარი ვერ წვდება. გამორჩეულია საქართველოს ფლორაც. აქ არსებული მცენარეების ¾ მსოფლიოში სხვაგან არსად ხარობს. ეს განაპირობებს ქართული თაფლის სხვა თაფლისგან გამორჩეულობას და უპირატესობას".

სწორედ ქართული თაფლის გამორჩეული საგემოვნო თვისებები განაპირობებს მის საკმაოდ მაღალ ფასს. ქართული თაფლის საშუალო  ფასი ადგილობრივ ბაზარზე 2012-2015 წლებში 14 -16 ლარს შორის მერყეობდა, სხვა ქვეყნების თაფლის საშუალო ფასი მსოფლიო ბაზარზე შედარებით დაბალია:

ცხრილი 3:

თაფლის საშუალო საბაზრო ფასი მსოფლიო ბაზარზე

წელი 2012 2013 2014 2015
არგენტინული 3.48$ 3.93$ 4.39$ 3.92$
ავსტრალიური 3.81$ 3.90$ 4.86$ 4.87$
ჩინური 2.13$ 2.09$ 2.05$ 1.95$
მექსიკური 3.90$ 3.97$ 4.07$ 4.33$
წყარო: სოფლის მეურნეობის სამინისტრო

დასკვნა

ქართული თაფლის ევროპულ ბაზარზე გატანის მიმართულებით საჭირო ნაბიჯები გადაიდგა - შემუშავდა თაფლის ტექნიკური რეგლამენტი და სოფლის მეურნეობის ლაბორატორიაში თაფლის კვლევის სრული სპექტრის დანერგვა მიმდინარეობს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თაფლის კვლევის დადებითი შედეგების არსებობისას ქართული თაფლი ევროკავშირის ბაზარზე მეორე დღესვე შევა. აქედან გამომდინარე, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ქართული თაფლის ევროპულ ბაზარზე გატანა შეიძლება ვერ მოხერხდეს. თაფლის ნიმუშების ლაბორატორიული შემოწმება ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. ამ მიმართულებით, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, კვლავ ბევრი ღონისძიებაა გასატარებელი. კერძოდ, დაბალია მეფუტკრეთა ცოდნის დონე, მოძველებულია მათი მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა და აუცილებელია მათი ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ოთარ დანელიას განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი