ტელეკომპანია GDS-ის ეთერში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროგრამებზე, მათ შორის მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამაზე ისაუბრა და განაცხადა: "მოგახსენებთ, რომ მიკრო მეწარმეობის მიმართულებით ეკონომიკის სამინისტრომ ძალიან დიდი პროგრამა დაიწყო და სადღაც 5 000-6 000 ადამიანი დავატრენინგეთ და გადავამზადეთ იმისთვის, რომ მათ მეწარმეობის დაწყების შესაძლებლობა ჰქონოდათ".
ფაქტ-მეტრი ამ განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა.
მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა პროექტის - "აწარმოე საქართველოში" - ერთ-ერთი ახალი კომპონენტია. პროგრამის პრეზენტაცია 2014 წლის 20 ოქტომბერს გაიმართა (2015წლის მარტიდან კი, ამოქმედდა) პროგრამას ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - მეწარმეობის განვითარების სააგენტო ახორციელებს. პროგრამის მიზანია რეგიონებში ახალი ბიზნეს-პროექტების დაწყება, ინოვაციების დანერგვა და უკვე არსებული მცირე და მიკრო ბიზნესის განვითარება. მისი ბიუჯეტი 20 მილიონი ლარი, ხანგრძლივობაკი 26 თვეა.
მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას გულისხმობს. ფინანსური მხარდაჭერის კუთხით პროგრამა დამწყებ და არსებულ მეწარმე სუბიექტზე ან მაქსიმუმ სამი ბენეფიციარისგან შემდგარ მეწარმეთა ჯგუფზე თანამონაწილეობრივი დაფინანსების გაცემას ითვალისწინებს. დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა ერთ მეწარმეზე 5 ათასი ლარით განისაზღვრება, რაც მეწარმეთა ჯგუფის შემთხვევაში 15 000 ლარს შეადგენს. ბენეფიციარების მხრიდან თანამონაწილეობის წილი დაფინანსების თანხის არანაკლებ 20%-ით განისაზღვრება. რაც შეეხება ტექნიკურ მხარდაჭერას, ეს კომპონენტი ტრენინგების და პროფესიონალური ტექნიკური კონსულტაციების ჩატარებას გულისხმობს. ტრენინგები პროგრამის დაწყებიდან პირველი 4 თვის განმავლობაში უნდა გამართულიყო და მისი მიზანი დაფინანსების მიღების მსურველთა მომზადება იყო, რაც პოტენციური ბენეფიციარებისთვის კომერციულად მომგებიანი ბიზნეს-გეგმისა თუ საპროექტო წინადადების მომზადების შესაძლებლობების განვითარებას გულისხმობდა. სწორედ ტრენინგების შედეგად მომზადებული გეგმების საფუძველზე შეირჩნენ ბენეფიციარები. ამის შემდეგ, უკვე დამტკიცებული ბენეფიციარები, დაფინანსების გაცემიდან 12 თვის განმავლობაში ტექნიკურ მხარდაჭერასაც იღებენ.
მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით,მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 2016 წლის იანვრის მდგომარეობით, 7 846 ბიზნეს იდეაა შესული, გაფორმდა 1 092 ხელშეკრულება (1 706 განმცხადებელი), ხოლო პროგრამის ბენეფიციარებზე გაცემული თანადაფინანსების თანხა 4 136 476 ლარს შეადგენს. 2016 წლის იანვრის თვიდან, პირველი ეტაპის ფარგლებში, კიდევ 3 400 000 ლარის გაცემაა დაგეგმილი, რაც ბენეფიციარების მხრიდან ვალდებულებების (თანადაფინანსების თანხის 20%, ანუ საკუთარი 1 000 ლარი ბენეფიციარმა თანხის ჩარიცხვამდე უნდა დახარჯოს) შესრულებაზე იქნება დამოკიდებული. როგორც აღვნიშნეთ, გარდა ფინანსური მხარდაჭერისა, პროგრამა ასევე საკონსულტაციო მომსახურების გაწევას, ტრენინგებს/სემინარებს და გადამზადების კურსებს ითვალისწინებს. იანვრის მდგომარეობით, პირველ ეტაპზე დატრენინგებულ პოტენციურ ბენეფიციართა რაოდენობა 3 118 იყო. მეორე ეტაპი უკვე ფინანსური აღრიცხვის და ბიზნესის მართვის სწავლების ტრენინგებს ითვალისწინებს.
დასკვნა
მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა პროექტის - "აწარმოე საქართველოში" - ერთ-ერთი ახალი კომპონენტია. გარდა ფინანსური მხარდაჭერისა, პროგრამა ტექნიკურ მხარდაჭერას, ანუ პოტენციურ ბენეფიციართა დატრენინგებასაც გულისხმობს. იანვრის მონაცემებით, პროგრამის ფარგლებში ტრენინგ კურსი (ბიზნეს-გეგმის მომზადება) 3 118 პოტენციურმა ბენეფიციარმა გაიარა (და არა 5 000-6 000-მა, როგორც მინისტრმა აღნიშნა). თუმცა, პროგრამა გრძელდება და ის ტრენინგების ჩატარების გაგრძელებასაც ითვალისწინებს.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.