2015 წლის თებერვალში ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე აცხადებდა, რომ ენერგეტიკის მიმართულებით ქვეყანაში მხოლოდ 2015 წელს დაახლოებით 640 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდებოდა. მაშინ ფაქტ-მეტრმა ეს განცხადება გადაამოწმა (იხ. სტატია). საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2015
წელს სხვადასხვა პროექტებში დაახლოებით 340 მლნ აშშ დოლარის შიდა და პირდაპირი უცხოური ინვესტიცია იყო დაგეგმილი. კახა კალაძის მიერ დასახელებულ 640 მლნ დოლარში ასევე მოიაზრებოდა სამხრეთ კავკასიის მილსადენის სისტემის გაფართოების ფარგლებში დაგეგმილი ინვესტიციაც. აღნიშნული პროექტის ფარგლებში 2015 წელს 300 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია იგეგმებოდა. ენერგეტიკის მინისტრის განცხადება იმ დროისთვის სიმართლედ შეფასდა.
2015 წლის შედეგების შეჯამების მიზნით ფაქტ-მეტრი ამ თემას უბრუნდება. ჩვენ ენერგეტიკის სამინისტროდან გამოვითხოვეთ 2015 წელს განხორციელებული შიდა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლები. ასევე, სამხრეთ კავკასიის მილსადენის სისტემის გაფართოების ფარგლებში განხორციელებული ინვესტიციების ოდენობა. ენერგეტიკის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2015 წელს სამხრეთ კავკასიის მილსადენის სისტემის გაფართოების ფარგლებში 556 177 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, რაც დაგეგმილს 85%-ით აღემატება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში განხორციელებული ინვესტიცია აისახება ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელებულ ინვესტიციებში. ენერგეტიკის სფეროში, 2015 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 41 490 00 აშშ დოლარი შეადგინა. აქვე აღსანიშნავია, რომ საქსტატის მონაცემებით, 2015 წლის სამ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების მაჩვენებელი 72.5%-ით არის შემცირებული. რაც შეეხება შიდა ინვესტიციებს, ენერგეტიკის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციების განხორციელების მიზნით 2015 წლის სამ კვარტალში ადგილობრივი ბანკებიდან მოზიდული ფინანსები დაახლოებით 50 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. სამი კვარტლის მონაცემებით, პირდაპირი უცხოური და შიდა ინვესტიციების მაჩვენებელი დაახლოებით 91.5 მლნ აშშ დოლარია, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება წლის დასაწყისში დაგეგმილ (დაახლოებით 340 მლნ აშშ დოლარი) მაჩვენებელს. თუმცა, რადგან მეოთხე კვარტლის მონაცემები ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია, ამ ეტაპზე კახა კალაძის განცხადებას ვერდიქტის გარეშე გთავაზობთ. შესაბამისი სტატისტიკის გამოქვეყნების შემდგომ ფაქტ-მეტრი ამ თემას კვლავ მიუბრუნდება.