ბარამიძემ.
ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
2015 წლის 19 ნოემბერს მთავრობამ პარლამენტს მოწმის დაკითხვის წესში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტიწარუდგინა. კანონპროექტის თანახმად, 1998 წლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწმის იძულებით დაკითხვის წესი (მოწმე ვალდებულია გამოცხადდეს გამომძიებლის/პროკურორის გამოძახებით. არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მოხდება მისი იძულებით მიყვანა და შეიძლება დაეკისროს ფულადი სახდელი. ჩვენების მიცემაზე უარის თქმის შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა განსაზღვრული), უქმდება და ცვლილებები შედის 2009 წელს მიღებულ ახალი საპროცესო კოდექსის იმ ნორმებში, რომლებიც, არაერთი გადავადების შედეგად, საბოლოოდ, 2016 წლის 1 იანვრისთვის უნდა ამოქმედებულიყო.
2009 წელს მიღებული წესი მოწმის გამოძიების ეტაპზე ჩვენების მიცემის ვალდებულებისაგან გათავისუფლებასა და მოწმისა და გამოძიების ურთიერთობისათვის ნებაყოფლობითი ხასიათის მიცემას გულისხმობდა. ასევე, კანონში შესატანი ცვლილებები ოთხ გამონაკლისს ითვალისწინებდა, რომელთა არსებობის შემთხვევაში გამოძიების ეტაპზე პირი სავალდებულო წესით, მოწმის სახით, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე შეიძლება დაკითხულიყო (იხ. საგამონაკლისო შემთხვევები). ამ წესის ამოქმედება 2009 წელს შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან გამომძიებლებისა და პროკურორების სათანადო გადამზადება გახდა საჭირო. ადვოკატ ოთარ კახიძის განცხადებით, 2012წლის სექტემბრისთვის ყველანაირი დოკუმენტაცია/სახელმძღვანელო პრინციპები და სამოქმედო გეგმა უკვე მზად იყო. ასევე, შედგენილი იყო ტრენინგების გრაფიკიც და თუკი ჯეროვნად მოხდებოდა მისი განხორციელება, მაშინ 2013 წლისთვის მოწმის დაკითხვის ახალი წესის ამოქმედება შესაძლებელი იქნებოდა. თუმცა, ფაქტია, რომ 2009-2012 წლებში აღნიშნული წესი არ ამოქმედდა. ასევე, ფაქტია, რომ ეს წესი 2016 წლამდე არ ამოქმედებულა და მეტიც, მაშინ, როცა ამ წესის ძალაში შესვლამდე მხოლოდ რამდენიმე თვე რჩებოდა, მთავრობის ინიციატივით მისი შეცვლა გადაწყდა.
კანონპროექტის ავტორთა განმარტებით, ოთხი გამონაკლისი შემთხვევა, როდესაც პირი შეიძლება იძულებითი წესით მაგისტრატ მოსამართლესთან იქნეს დაკითხული, არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ბრალდების მხარემ მოიპოვოს გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმ პირისაგან, რომელსაც გააჩნია ინფორმაცია და უარს აცხადებს გამოძიებისათვის მის მიწოდებაზე. ეს, თავის მხრივ, ქმნის რეალურ საფრთხეს, რომ გამოძიების ეფექტურობა დაეცემა, რაც, ცვლილებების ინიციატორთა აზრით, უარყოფითად იმოქმედებს დანაშაულთან ბრძოლის მაჩვენებელზე.
სისხლის სამართლის კოდექსში შესული ბოლო ცვლილებების თანახმად, ბრალდების მხარის შუამდგომლობით გამოძიების ადგილის ან მოწმის ადგილსამყოფელის მიხედვით, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოსაკითხი პირის მოწმედ დაკითხვა, უკვე განსაზღვრული შემთხვევების გარდა, ასევე იმ შემთხვევაშიც იქნება შესაძლებელი, როცა არსებობს გონივრული ეჭვი პირის მიერ სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო ინფორმაციის ფლობის შესახებ და ეს პირი უარს ამბობს ჩვენების ნებაყოფლობით მიცემაზე. ასეთ შემთხვევაში მოწმე ვალდებულია, სასამართლო სხდომაზე გამოცხადდეს.
არასამთავრობო სექტორის აზრით, ამ კონკრეტული ჩანაწერით ზედმეტად ფართოვდება ის საგამონაკლისო შემთხვევები, რომელთა დროსაც შესაძლებელია პირის იძულებით დაკითხვა. "ამ კანონის მიღებით ნებაყოფლობითობაზე საუბარს დავასრულებთ. რადგან, საგამოძიებო ორგანოს, ჩვენების ნებაყოფლობით მიცემაზე პირის მიერ უარის შემთხვევაში, ძალიან მარტივად შეეძლება მისი მაგისტრატ მოსამართლესთან წაყვანა და იძულებით დაკითხვა" - განაცხადაადამიანის უფლებათა მონიტორინგისა და სწავლების ცენტრის (EMC) წარმომადგენელმა სოფო ვერძეულმა.
კანონპროექტთან დაკავშირებით უარყოფითი დამოკიდებულება სახალხო დამცველმაც დააფიქსირა. "სამწუხაროა, როდესაც საგამონაკლისო წესი ქმნის რისკებს, რომ ის პრაქტიკაში ხშირად იყოს გამოყენებული. ამიტომ, ჩვენ უნდა ვეცადოთ, სტანდარტები იყოს რაც შეიძლება მაღალი და არ იყოს გამოყენებული სასამართლოში მოწმეთა იძულებით დაკითხვის წესი" - განაცხადაუჩა ნანუაშვილმა.
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭირვალე მართლმსაჯულებისთვის, რომელიც 34-მდე არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, მიიჩნევს,რომ აღნიშნულმა ცვლილებებმა სასამართლო სისტემის რესურსების გაუმართლებელი შეზღუდვა შეიძლება გამოიწვიოს. კანონპროექტით არა თუ იზღუდება, არამედ საერთოდ განსაზღვრული არ არის, რამდენი მოწმე შეიძლება დაკითხონ მხარეებმა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე. დაცვის და ბრალდების მხარის მიერ განუსაზღვრელი რაოდენობის მოწმის დაკითხვამ შესაძლოა სასამართლო სისტემის პარალიზება გამოიწვიოს.
შემოთავაზებულ ცვლილებებში მხარეთა თანასწორობის პრობლემაც იკვეთება. 2009 წელს მიღებული წესისგან განსხვავებით, მაგისტრატ მოსამართლესთან ბრალდების მიერ მოწმის დაკითხვას დაცვის მხარე ვერ დაესწრება. შესაბამისად, ის ვერ შეძლებს მისთვის კითხვების დასმას. ამდენად, მოწმის სანდოობის გადამოწმება მხოლოდ არსებითი განხილვის დროს იქნება შესაძლებელი.
კანონპროექტი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების შემთხვევაში სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასაც ითვალისწინებდა, რაც დიდი კრიტიკის საგნად იქცა. არასამთავრობო სექტორის განცხადებით, ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება მოწმეს გამოძიების ეტაპზე "იძულებით" მიცემული ჩვენების შეცვლის სტიმულს დაუკარგავდა. კანონპროექტის ავტორებმა გაითვალისწინეს აღნიშნული წესის გაუქმების შესახებ რეკომენდაციები და ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ მუხლი პროექტიდან ამოიღეს.
ამასთან, კანონპროექტის თანახმად, ისეთ დანაშაულებზე, როგორიცაა განზრახ მკვლელობა, განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ძარცვა, ყაჩაღობა, შეთქმულება ან ამბოხება კონსტიტუციური წყობის ძალადობით შესაცვლელად, ტერორიზმი და სხვა შემთხვევები, 2018 წლის 1 იანვრამდე შენარჩუნებული იქნება მოწმის დაკითხვის ძველი წესი. ავტორთა განმარტებით, აღნიშნული დანაშაულების ჩადენისთანავე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დანაშაულზე მყისიერი რეაგირების და მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის, მოწმის დაკითხვის სწრაფად განუხორციელებლობამ შესაძლოა შექმნას მტკიცებულებათა განადგურების, შემთხვევის ადგილის დაზიანებისა და მოწმეთა მიმალვის საფრთხე. ამდენად, შესაძლოა რისკის ქვეშ დადგეს დანაშაულების ეფექტიანი გამოძიება.
სამოქალაქო სექტორის უარყოფითი შეფასებების მიუხედავად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონი პარლამენტმა 2015 წლის 18 დეკემბერს მიიღო. მას პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა. შესაბამისად, 2016 წლის 20 თებერვლიდან, ეს ცვლილებები ძალაში შევა.
დასკვნა 2015
წლის 19 ნოემბერს პარლამენტს სისხლის სამართლის პროცესში მოწმის დაკითხვის წესში შესატანი ცვლილებები წარედგინა. ცვლილებები შევიდა 2009 წელს მიღებულ წესში, რომელიც არაერთი გადავადების შემდეგ, 2016 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო. ცვლილებების თანახმად, მოწმისა და გამოძიების ურთიერთობა ნებაყოფლობით ხასიათს იღებს. გამოძიების ეტაპზე ჩვენების მიცემა მოწმის სურვილისამებრ მოხდება, თუმცა, გამონაკლის შემთხვევებში, მოწმის ნების მიუხედავად, ის ვალდებული იქნება ჩვენება მაგისტრატ მოსამართლესთან მისცეს, დაცვის მხარის დაუსწრებლად.
2009წელს მიღებული წესისგან განსხვავებით, საგამონაკლისო შემთხვევები ძალიან გაფართოვდა და გამომძიებელს გონივრული ეჭვის არსებობის შემთხვევაშიც შეეძლება იძულების წესით მოწმის მაგისტრატ მოსამართლესთან წაყვანა, რაც გამოძიების ეტაპზე ჩვენების მიცემის ნებაყოფლობითობას ეჭვქვეშ აყენებს.
ამასთან, გარკვეულ დანაშაულებთან მიმართებით, 2018 წლის 1 იანვრამდე, მოწმის დაკითხვის ძველი წესი ნარჩუნდება, რაც გამოძიების ეტაპზე მოწმის მიერ ჩვენების მიცემის ვალდებულებას და უარის შემთხვევაში მის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. გამომდიანრე იქიდან, რომ 2009 წელს მიღებული მოწმის დაკითხვის წესი ჯერაც არ ამოქმედებულა და თან მნიშვნელოვანი ცვლილებებიც განიცადა, შეიძლება ითქვას, რომ 2018 წლის 1 იანვრისთვის ზემოთაღნიშნულ დანაშაულებებზე ახალი წესის ამოქმედება გარანტირებული არ არის. შესაბამისად, იმის თქმა, რომ კანონპროექტის მიღების შემდეგ მოწმის დაკითხვა მხოლოდ სასამართლოში არის შესაძლებელი, გადაჭარბებულია.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ალექსანდრე ბარამიძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.