მორაგბეთა ნაკრების წარმატებულ გამოსვლაში დიდი წვლილი აქვს "ქართუ ჯგუფს", რადგან მთელ ინფრასტრუქტურას და სტადიონებს "ქართუ ჯგუფი" აშენებს".
ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
საქართველოს რაგბის კავშირის წლიური შემოსავლები სახელმწიფო ბიუჯეტიდან და კერძო სექტორიდან შემოსულ თანხებს მოიცავს. 2015 წლის მონაცემებით, ფედერაციის ბიუჯეტი 12 მლნ ლარს აღემატება, ხოლო 2008 წლიდან 2015 წლამდე სახელმწიფოს მიერ რაგბიზე ჯამურად გაწეული ხარჯები 49 მილიონ ლარს უტოლდება. საქართველოს რაგბის კავშირის ინფორმაციით, უკანასკნელ წლებში კერძო სექტორის წარმომადგენლების მიერ გაწეული ხარჯებით ფონდი "ქართუ" ლიდერობს, რომელიც სპორტის ამ სახეობით პირველად 2008 წელს დაინტერესდა და მას შამდეგ არაერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტიგანახორციელა, რომელთა რიგებშიც გამოსარჩევია მთელი საქართველოს მასშტაბით ჯამში 23 ახალი, თანამედროვე სტანდარტების მქონე რაგბის არენის აშენება და საწვრთნელი ბაზის მწყობრში მოყვანა. მთლიანობაში, ფონდის მიერ განხორციელებული პროქტების ჯამურმა დანახარჯმა, 2008-2014 წლის მონაცემებით, 100 მილიონ ლარს გადააჭარბა. საქართველოს რაგბის კავშირიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებს შორის თანამშრომლობა კვლავ გრძელდება და სამომავლოდ ფონდ "ქართუს" მიერ დაახლოებით იგივე რაოდენობის ინვესტიციის განხორციელებაა დაგეგმილი.
2014 წლის 17 ნოემბერს, ლონდონში გამართულ რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) კონფერენციაზე, მსოფლიოს მასშტაბით რაგბის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სხვადასხვა ნომინანტი დააჯილდოვეს. საქართველოში რაგბის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური ჯილდო საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ფონდ "ქართუს" დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა მიიღო. რაგბის საერთაშორისო საბჭოს მიერ გავრცელებულ ტექსტში ნათქვამია, რომ ფონდ "ქართუს" მეშვეობით რაგბი საქართველოში წამყვან სპორტის სახეობად იქცა. საქართველოს რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტის, გია ნიჟარაძის განცხადებით,ფონდის მიერ გაწეული დახმარება უპრეცედენტოა, ვინაიდან, აქამდე მსგავსი ინვესტიცია რაგბიში ინდივიდუალურად არავის განუხორციელებია.
2017წელი ქართული რაგბისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღია, ვინაიდან ამ წელს საქართველო რაგბის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. შეჯიბრისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნაში სახელმწიფოსთან ერთად ფონდი "ქართუც" მონაწილეობს. ჩვენი ინფორმაციით, ფონდის მიერ თბილისში, დიღმის რაიონში მშენებარე ახალი სარაგბო სტადიონის მშენებლობა დაფინანსდება, რომელიც 25 ათას გულშემატკივარს დაიტევს.
გარდა ინფრასტრუქტურული პროექტებისა, ფონდი "ქართუ" ასევე აფინანსებს რაგბისთან დაკავშირებულ სხადასხვა პროექტს და ნაწილობრივ ფარავს ეროვნული ნაკრების წვრთნასთან და სატურნირო მზადებასთან დაკავშირებულ ხარჯებს.
აღსანიშნავია რაგბის კავშირში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, რასაც ქართული რაგბის მომავალზე შეიძლება უარყოფითი გავლენა მოეხდინა. გასული წლის მიწურულს, რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნების ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა საზოგადოების ნაწილში გარკვეული კითხვები და უნდობლობა გააჩინა სახელმწიფოს მხრიდან არჩევნების პროცესში შესაძლო ჩარევის შესახებ. 2015 წლის 20 დეკემბერს დაგეგმილი არჩევნები, სადაც რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევა უნდა მომხდარიყო, დარეგისტრირებული კანდიდატების - გია ნიჟარაძისა და ირაკლი აბუსერიძის მიერ საკუთარი კანდიდატურების მოხსნის გამო გადაიდო. ყოფილმა კანდიდატებმა განაცხადეს, რომ ისინი მაქსიმალურად წინ აღუდგებოდნენ ჩარევის ყველანაირ მცდელობას, აღნიშნული ნაბიჯი კი სარაგბო თემის ერთიანობის შენარჩუნების მიზნით გადადგეს.სრკ-ის საპრეზიდენტო არჩევნები ხელახლა 2016 წლის 24 იანვარს გაიმართა, სადაც მონაწილეობა ორმა კანდიდატმა - ილია ზედგენიძემ და გოჩა სვანიძემ მიიღეს. არჩევნებში ფარული კენჭისყრის საფუძველზე, 35 ხმით 32-ის წინააღმდეგ, გოჩა სვანიძემ გაიმარჯვა და რაგბის კავშირს მომდევნო ოთხი წლის მანძილზე ის უხელმძღვანელებს.
დასკვნაფონდ "ქართუს" მიერ ქართული რაგბისთვის გაწეული დანახარჯები უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში დაახლოებით 40 მილიონი ლარით აღემატება იგივე დანიშნულებით ბიუჯეტიდან გაწეულ ხარჯებს. გარდა ინფრასტრუქტურული პროექტებისა, ფონდი ამ პერიოდის განმავლობაში რაგბის განვითარების სხვადასხვა პროექტს აფინანსებდა. ასევე, ფონდიდან ფინანსდებოდა ნაკრების წვრთნასთან დაკავშირებული ხარჯები. ამ კონტექსტში აღსანიშნავია, რომ 2014 წელს საქართველოს ყოფილ პრემიერსა და ფონდ "ქართუს" დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს რაგბის საერთაშორისო საბჭომ (IRB) სპორტის ამ სახეობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური ჯილდოც გადასცა.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, კახა კალაძის განცხადება არის სიმართლე.