სახელმწიფომ აღნიშნული გაცვლით უფრო მეტი საპრივატიზაციო ობიექტი დაიბრუნა, რომელსაც მეტი საინვესტიციო დატვირთვა ექნება. "მე არ მინდა შევიდე ღირებულებით ნაწილში, თუმცა, მე ვფიქრობ, რომ კრწანისის ნაწილი გაცილებით დიდია ბობოყვათზე" - განაცხადა ამ საკითხის კომენტირებისას ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ფაქტ-მეტრმა ეს საკითხი გამოიკვლია.
საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის 2010 წლის 9 დეკემბრის №1129 განკარგულებისთანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება, პირდაპირი მიყიდვის გზით, სიმბოლურ ფასად (1 ლარად), საქართველოს საპატრიარქოს გადაეცა. კერძოდ, საუბარია 7 270 657 კვ.მ საერთო ფართობის მქონე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 37 ნაკვეთსა (მათ შორის კრწანისის ტყე-პარკის მიწის 5 ნაკვეთი) და 24 547.94 კვ.მ საერთო ფართობის 14 შენობა-ნაგებობაზე. თუმცა, ამავე განკარგულებით, საპატრიარქოს აღნიშნული უძრავი ქონების მესამე პირისათვის საკუთრებაში გადაცემა აეკრძალა.
2014 წლის 4 მარტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის №341 განკარგულებისთანახმად, საპატრიარქოს მესამე პირისთვის უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის შეზღუდვა მოეხსნა.
2014 წლის 10 აპრილს, საპატრიარქომ შპს "ემ & სი ჯორჯია ჰოლდინგთან" ერთად შპს "კრწანისის პარკი" დააფუძნა, რომლის მიზნადაც მოგების მიღება, ხოლო ძირითადი საქმიანობის საგნად მშენებლობა, საინვესტიციო საქმიანობა, წიაღისეულის მოპოვება, გადამუშავება და რეალიზაცია განისაზღვრა. ახლადშექმნილ შპს-ის კაპიტალში 25%-იანი წილის მქონე საპატრიარქომ მისთვის სახელმწიფოს მიერ 2010 წლის №1129 განკარგულებითგადაცემული ქონება მთლიანად და 2006 წლის 15 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტის №479 განკარგულების საფუძველზე გადაცემული 1 000 კვ.მ-ის უძრავი ქონებაც შეიტანა. წესდების თანახმად შპს "კრწანისის პარკის" წილის 75%-ის მფლობელის "ემ & სი ჯორჯია ჰოლდინგის" შენატანს კაპიტალში ფულადი და არაფულადი შენატანი წარმოადგენს. ამასთან, მომავალში სამშენებლო პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების გაღება მხოლოდ შპს "ემ & სი ჯორჯია ჰოლდინგს" დაევალა.
შპს "კრწანისის პარკის" გენერალურ დირექტორად რატი ღვამბერიადაინიშნა, რომელიც შპს "კრწანისის პარკის" 75%-იანი წილის მფლობელის შპს "ემ & სი ჯორჯია ჰოლდინგის" დირექტორიცაა. ამ კომპანიის რეგისტრაცია 2014 წლის პირველ აპრილს, ანუ შპს "კრწანისის პარკის" რეგისტრაციამდე 9 დღით ადრე მოხდა.
2014 წლის 28 ნოემბერს შპს "კრწანისის პარკსა" და სახელწიფოს შორის უძრავი ქონების გაცემის შესახებ დადებული ხელშეკრულებისმიხედვით, სახელმწიფომ თბილისი-რუსთავის ავტობანის მშენებლობის მიზნებისთვის სოფელ ფონიჭალის მიმდებარედ 19 544 კვ.მ საერთო ფართობის არასასოფლო-სამეურნეო მიწის 4 ნაკვეთი შეიძინა. აღნიშნულის სანაცვლოდ კი, შპს "კრწანისის პარკს" მთლიანობაში 919 778 ლარი გადასცა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის 2015 წლის 16 იანვარის №31 განკარგულებით,საქართველოს საპატრიარქოს კვლავ აეკრძალა 2010 წელს პრეზიდენტის განკარგულებით გადაცემული ქონების მესამე პირებისთვის საკუთრებაში გადაცემა.
2015 წლის 11 სექტემბერს, საქართველოს საპატრიარქომ სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს" წერილითმიმართა და შპს "კრწანისის პარკის" 25 %-ის სანაცვლოდ, ქობულეთში, აბაშიძის ქ. №128-ში მდებარე 149 796 კვ.მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთისა და მასზე მდებარე 4 662.21 კვ.მ საერთო ფართობის 18 შენობა-ნაგებობის უსასყიდლოდ გადაცემა მოითხოვა. საპატრიარქომ, ასევე, 49 წლის ვადით 11 810 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე მდებარე 2 შენობა-ნაგებობის უსასყიდლოდ გადაცემაც მოითხოვა.
აღნიშნული მიმართვის საფუძველზე, ეკონომიკის სამინისტრომ შეიმუშავა პროექტი, რომელიც 14 სექტემბერს უკვე მთავრობას წარუდგინა. პროექტის თანახმად, ბობოყვათის რეზიდენციის სანაცვლოდ "კრწანისის პარკის" წილის 100% სახელმწიფოს უბრუნდებოდა. ფაქტ-მეტრმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აღნიშნული პროექტი გამოითხოვა. მიღებულ პასუხში ნათქვამია, რომ პროექტი 59 გვერდისგან შედგება, თუმცა ჩვენ მხოლოდ 2 გვერდი მოგვაწოდეს. შესაბამისად, უცნობია შპს "კრწანისის პარკის" წილის 75%-ის მფლობელის შპს "ემ & სი ჯორჯია ჰოლდინგის" პოზიცია აღნიშნული გარიგების დადებისას. ირაკლი ღარიბაშვილის 2015 წლის 21 სექტემბრის №2013 განკარგულებით,ცხადი გახდა, რომ პროექტში არანაირი ცვლილება არ შესულა და საპატრიარქოს მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა. შედეგად, ბობოყვათის რეზიდენცია საპატრიარქოს გადაეცა, ხოლო შპს "კრწანისის პარკის" 100%-იანი წილის, ე.ი. საპატრიარქოსთვის 2010 წელს გადაცემული ქონების (რომელიც თავდაპირველთან შედარებით 18 544 კვ.მ-ით შემცირდა) მესაკუთრე კვლავ სახელმწიფო გახდა.
საპატრიარქოსა და სახელმწიფოს შორის დადებულმა გარიგებამ მისი მიზანშეწონილობის შესახებ მრავალი კითხვა გააჩინა. ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით,მიზანშეწონილობის ნაწილში მას კითხვები არ გააჩნია, რადგან ცხადია, რომ სახელმწიფო ამ გაცვლის შედეგად მოგებული დარჩა. მისი განცხადებით, კრწანისის ნაწილი გაცილებით დიდია, თუმცა, აღსანიშნავია, რომ გაცვლის მომენტში ღირებულებით ნაწილთან დაკავშირებით აუდიტის დასკვნა არ არსებობდა. როგორც ფაქტ-მეტრისთვის ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით გახდა ცნობილი, აუდიტორული დასკვნა მხოლოდ 2015 წლის 30 ოქტომბერს მომზადდა.
საქართველოს მთავრობა ლარის გაცვლითი კურსის დასტაბილიზების გეგმის ფარგლებში, სხვა საპრივატიზაციო ობიექტებთან ერთად, ბობოყვათის რეზიდენციის გაყიდვასაც გეგმავდა,რომლის საწყის თანხადაც 35 მილიონი ლარი სახელდებოდა. თუმცა, საბოლოოდ, ბობოყვათის რეზიდენცია საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხიდან ამოღებული იქნა. აქვე აღსანიშნავია, რომ როგორც ფაქტ-მეტრისთვის ცნობილია, საპატრიარქოსთან გარიგებამდე ბიძინა ივანიშვილი პირადად აწარმოებდა ინვესტორებთან მოლაპარაკებას ბობოყვათის რეზიდენციის გაყიდვასთან დაკავშირებით. შესაბამისი ინვესტორები შეთავაზებას სწავლობდნენ, თუმცა, საბოლოოდ აღნიშნული ქონება ისე გაიცვალა "კრწანისის პარკში", რომ პოტენციური ინვესტორებისთვის არც უცნობებიათ.
რაც შეეხება შპს "კრწანისის პარკში" არსებულ ქონებას, ის კრწანისის ტყე-პარკის მიწის 5 ნაკვეთის გარდა, ფონიჭალის, აღთაკლიის, ყარაჯალარისა და რუსთავის მიმდებარე ტერიტორიის მიწებს და მათზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს მოიცავდა, რომელთა საერთო ღირებულება აუდიტორული კომპანია "კომპაუდის" 2015 წლის 30 ოქტომბრის №800 აუდიტორული დასკვნისთანახმად 61 548 600 ლარს შეადგენს. შესაბამისად, საბაზრო ღირებულების მიხედვით, შპს "კრწანისის პარკის" ქონება ნამდვილად აღემატება ბობოყვათის რეზიდენციას.
დღესდღეობით, შპს "კრწანისის პარკი", როგორც იურიდიული პირი, არსებობას აგრძელებს, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს №1/1-4547 ბრძანების თანახმად, მისი კაპიტალიდან ქონების ამოღება მთლიანად მოხდა და კაპიტალი 0 ლარით განისაზღვრა. ამასთან, უცნობია, თუ რა მიზნით შეიტანა სახელმწიფომ შპს "კრწანისის პარკი" შპს "თერძის" კაპიტალში, რომლის წილების 100%-აც თავად სახელმწიფო ფლობს.
დასკვნა
შპს "კრწანისის პარკი" 2014 წლის პირველ აპრილს დაფუძნდა, რომლის კაპიტალშიც საქართველოს საპატრიარქომ წილების 25%-ის ნაცვლად, სახელმწიფოსგან 2006 წელს სიმბოლურ ფასად (1 ლარად) გადაცემული 1 000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, 2010 წლის 9 სექტემბერს გადაცემული 7 270 657 კვ.მ საერთო ფართობის მქონე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 37 ნაკვეთი და 24 547.94 კვ.მ საერთო ფართობის მქონე 14 შენობა-ნაგებობა შეიტანა. შპს "კრწანისის პარკმა" 2014 წლის 28 ნოემბერს აღნიშნული ქონებიდან 19 544 კვ.მ მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს 919 778 ლარად მიყიდა, თუმცა რას მოხმარდა აღნიშნული თანხა, უცნობია.
აუდიტორული კომპანია "კომპაუდის" 2015 წლის 30 ოქტომბრის დასკვნის თანახმად, სახელმწიფოსა და საპატრიარქოს შორის გაცვლის ხელშეკრულების დადების მომენტისთვის შპს "კრწანისის პარკის" კაპიტალი 61.5 მილიონ ლარს შეადგენდა, რომელიც სახელმწიფომ საპატრიარქოს 35 მილიონ ლარად შეფასებულ ბობოყვათის რეზიდენციაში გაუცვალა. თუმცა, აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ძნელი სათქმელია, თუ რა საბოლოო ფასები დაფიქსირდებოდა ზემოაღნიშნული ობიექტების გაყიდვის შემთხვევაში.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.