კულტურის სამინისტროში დანამატები 1 509%-ით გაიზარდა".
აღსანიშნავია, რომ თორდიას ამ განცხადებას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე გამოეხმაურა: "საქმე გვაქვს საზოგადოების შეცდომაში შეყვანასთან, რადგან აბსოლუტურად არაადეკვატური ანალიზი იყო გაკეთებული. სირცხვილია სახელმწიფო უწყების მხრიდან ასეთი არაადეკვატური განცხადების გაკეთება".
ლაშა თორდიამ გიორგაძის ამ განცხადებას იმავე დღეს უპასუხა. მისი განმარტებით, კულტურის სამინისტროს დაემატა სსიპ-ები და მათი თანხების აკუმულირება მოხდა მთლიანად მის ბიუჯეტში, რამაც ასეთი მკვეთრი ზრდა გამოიწვია. "თუმცა, ამ სსიპ-ების გამოკლებით, 2015 წლის 9 თვეში, 2014 წლის 9 თვესთან შედარებით, 604%-ით არის გაზრდილი დანამატების რაოდენობა" - აღნიშნათორდიამ.
ფაქტ-მეტრმა აღნიშნული საკითხი გამოიკვლია.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წელს უწყების დამტკიცებული საშტატო ერთეული 6 900-ს შეადგენდა, აქედან 140 საშტატო ერთეული სამინისტროს ცენტრალურ აპარატში იყო. 2015 წლის მდგომარეობით, სამინისტროს სისტემაში 7 048 საშტატო ერთეულია დამტკიცებული, მათგან 140 საშტატო ერთეული კი სამინისტროს ცენტრალურ აპარატშია დასაქმებული.
ცხრილი 1:
კულტურის სამინისტროს საშტატო ერთეული 2014-2015 წლებში
წელი | კულტურის სამინისტროს სისტემა | შტატიანი (ცენტრალური აპარატი) | შტატგარეშე (ცენტრალური აპარატი) |
2014 | 6 900 | 140 | 56 |
2015 | 7 048 | 140 | 70 |
ცვლილება | 148 | 0 | 14 |
როგორც ცხრილიდან ჩანს, 2015 წელს კულტურის სამინისტროში საშტატო ერთეულის რაოდენობა 148-ით გაიზარდა. 14 ერთეულით გაიზარდა შტატგარეშე თანამშრომლების რაოდენობაც. ცენტრალური აპარატის საშტატო ერთეული კი უცვლელი დარჩა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, უწყების დაქვემდებარებაში 86 საჯარო სამართლის იურიდიული პირია (სსიპ) გაერთიანებული. რაც შეეხება მათში დასაქმებულ საშტატო და შტატგარეშე თანამშრომლების რაოდენობას, აგრეთვე მათ თანამდებობრივ სარგოს, დანამატსა და პრემიას, კულტურის სამინისტრომ განმარტა, რომ აღნიშნულის შესახებ ჩაშლილი ინფორმაცია უშუალოდ სსიპ-ებისგან უნდა გამოვითხოვოთ. 2014 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალი სსიპ-ებისთვის შრომის ანაზღაურებაზე სუბსიდიის სახით 32.6 მლნ ლარი, 2015 წლის 9 თვის მონაცემებით კი - 36.6 მლნ ლარი დაიხარჯა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, სამინისტროს ცენტრალურ აპარატში 3 მლნ ლარის (თანამდებობრივი სარგო, დანამატი, პრემია), ხოლო 2015 წელს 3.2 მლნ ლარის ხელფასი გაიცა.
ცხრილი 2:
ცენტრალური აპარატის შრომის ანაზღაურება 2014-2015 წლებში (9 თვე)
2014 | 2015 | ზრდა | |
თანამდებობრივი სარგო | 1 787 603 | 1 923 599 | 7.6% |
პრემია | 1 123 771 | 458 410 | -59% |
დანამატი | 81 833 | 839 701 | 926% |
სულ | 2 993 207 | 3 221 710 | 7.6% |
მე-2 ცხრილიდან ჩანს, რომ 2015 წლის 9 თვის მდგომარეობით, კულტურის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სახელფასო ფონდი ჯამში 228 503 ლარით (7.6%-ით) გაიზარდა. პრემიები 59%-ით შემცირდა, თუმცა 926%-ით გაიზარდა დანამატების მოცულობა. თუ პრემიების და დანამატების ცვლილებას შევაჯამებთ, მთლიანობაში, ამ მიზნით დახარჯული თანხა 7.7%-ით (92.5 ათასი ლარი) გაიზარდა.
ფაქტ-მეტრმა კულტურის მინისტრისა და მისი მოადგილეების თანამდებობრივი სარგო, დანამატები და პრემიები ცალკე გაანალიზა (ცხრილი 3). 2015 წლის 9 თვის მონაცემებით, კულტურის მინისტრისა და მისი მოადგილეების შრომის ანაზღაურება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24.5%-ით გაიზარდა. ეს თანამდებობრივი სარგოს და დანამატების ზრდამ განაპირობა.
ცხრილი 3:
კულტურის მინისტრისა და მისი მოადგილეების (4 მოადგილე) სახელფასო ფონდი (2014-2015 წლების 9 თვე)
წელი | ხელფასი | დანამატი | პრემია | ჯამი |
2014 | 108 631 | 24 483 | 80 429 | 213 543 |
2015 | 131 850 | 124 380 | 9 715 | 265 945 |
სხვაობა | 23 219 (21.4%) | 99 897 (408%) | -70 714 (-87.9%) | 52 402 (24.5%) |
დასკვნა 2015
წლის ცხრა თვეში კულტურის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში გაცემული პრემიების მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 59%-ით შემცირდა, თუმცა დანამატების მოცულობა 926%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ დანამატების ზრდის მაღალი პროცენტული მაჩვენებელი პრემიების დანამატებით ჩანაცვლების პრაქტიკამ განაპირობა (შესაბამისად, საქმე გვაქვს ე.წ. საბაზო ეფექტთან - Base Effect). მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით პრემიების გაცემა შეიზღუდა, ის დანამატებმა ჩაანაცვლა და ფაქტობრივად ხელფასის ნაწილად იქცა. სწორედ აღნიშნულზე გაამახვილეს ყურადღება აუდიტის სამსახურშიც. მათივე განმარტებით, დანამატების გაცემის წესიდან გამომდინარე, წარმოუდგენელია წინასწარ იცოდე, თუ რომელ თანამშრომელს რა მოცულობის დამატებითი სამუშაოს შესრულება მოუწევს და მსგავს პრაქტიკას სისტემატური ხასიათი მისცე.
იქიდან გამომდინარე, რომ 2014 წელს დანამატები მინიმალური ოდენობით გაიცა (პრემიების გაცემის გამო), 2015 წელს დანამატის ზრდის მაღალი პროცენტული მაჩვენებელი ლოგიკურია. ასევე, ამის პარალელურად, მნიშვნელოვნად შემცირდა 2015 წელს გაცემული პრემიების მოცულობა. თუ აღნიშნულ ცვლილებებს მთლიანობაში განვიხილავთ, 2015 წლის 9 თვეში კულტურის სამინისტროში პრემიებისა და დანამატების სახით გაცემული თანხა წინა წელთან შედარებით 7.7%-ით არის გაზრდილი.
იმის გათვალისწინებით, რომ კულტურის სამინისტროში დანამატების გაცემა მართლაც მკვეთრად გაიზარდა მაგრამ მთლიანობაში პრემიებისა და დანამატების ჯამი 7.7%-ითაა გაზრდილი, ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ ლაშა თორდიას განცხადება არის მეტწილად სიმართლე.