იტვირთება

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ვახტანგ ლემონჯავამ განაცხადა: "ლევან კორტავას სადისტურ მკვლელობაში ეჭვმიტანილი მალხაზ სინაურიძე ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ მიცემული ცრუ ჩვენების სანაცვლოდ ციხიდან გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. ეს ფაქტი ამტკიცებს, რომ პროკურატურა შერჩევითი სამართლის განხორციელებით არის დაკავებული".

მალხაზ სინაურიძის სახელი გასულ წლებში მომხდარ რეზონანსულ სისხლის სამართლის საქმეებს უკავშირდება. პროკურატურის ინტერესის ობიექტი ის პირველად 2006 წლის "ციხის ბუნტთან" დაკავშირებით გახდა. ამ დროისთვის ის სამკურნალო დაწესებულების დირექტორის თანამდებობას იკავებდა. შემდგომში კი, სინაურიძის სახელი პატიმარ ლევან კორტავას მკვლელობის (2013 წელი) საქმის გარშემო გახდა აქტუალური.

მალხაზ სინაურიძე პენიტენციალურ სისტემაში 2000-2008 წლებში, სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი, იგი გეგუთის #14 ციხის უფროსის თანამდებობას იკავებდა. "ნაციონალურმა მოძრაობამ" მისი პენიტენციალურ სისტემაში დაბრუნება და შემდგომში კორტავას საქმეზე პროკურატურასთან გირაოს გაფორმება პოლიტიკურ მოტივებს დაუკავშირა. კონკრეტულად კი, 2006 წლის ციხის ბუნტის საქმის გამოძებას, სადაც მალხაზ სინაურიძემ საკუთარი თავდაპირველი ჩვენება ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ შეცვალა. 2007 წელს პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში იგი ციხის ბუნტის ორგანიზატორებად პატიმრებს, კონკრეტულად კი კანონიერ ქურდებს ასახელებდა, 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი, ჩვენება შეცვალა და აღნიშნულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ბაჩო ახალაიას დააკისრა (ახალაიას იმ პერიოდში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა). გავრცელებული ინფორმაციის

თანახმად, სინაურიძე ჩვენების შეცვლიდან დაახლოებით ერთ კვირაში ციხის უფროსად დაინიშნა.

2013 წლის 13 მაისს გეგუთის ციხეში მრავლობითი დაზიანების შედეგად გარდაცვლილ ლევან კორტავას საქმეზე, სხვა რამდენიმე დამნაშავესთან ერთად, პროკურატურამ ბრალი მალხაზ სინაურიძესაც წაუყენა. საგამოძებო უწყება მას სისხლის სამართლის კოდექსის 375-

ე მუხლის საფუძველზე დანაშაულის დაფარვას ედავებოდა, რაც ამ შემთხვევაში მტკიცებულებების გაყალბებაში და დროული რეაგირების განუხორციელებლობაში გამოიხატებოდა. მოგვიანებით, სინაურიძეს, რომელსაც ლევან კორტავას გარდაცვალების პერიოდში გეგუთის #14 ციხის დირექტორის თანამდებობა ეკავა, დანაშაულის აღიარების სანაცვლოდ ხუთი ათას ლარიანი გირაო შეეფარდა.

დღევანდელი მდგომარეობით, აშშ-ში მყოფი მალხაზ სინაურიძე პროკურატურის მიერ კორტავას საქმესთან დაკავშირებით იძებნება. სინაურიძემ მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ მან ქვეყნის საზღვრები კანონიერად დატოვა, რის შესახებაც პროკურატურას ინფორმაცია წინასწარ გააჩნდა. სავარაუდოა, რომ მას ქვეყნის დროებით დატოვების საშუალებას აღმკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო არ უზღუდავდა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 200-ე მუხლით,

არსებული სავალდებულო პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, გირაოს პირობების განსაზღვრა პროკურატურის დისკრეციულ უფლებას წარმოადგენს. შესაბამისად, ბრალდებულის მიერ ქვეყნის დროებით დატოვება ამ ჭრილში კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში არ მოდის.

აღსანიშნავია, რომ სინაურიძემ კორტავას საქმის ძიების პერიოდი გაიხსენა და განაცხადა, რომ დანაშაული ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული ზეწოლის

ნიადაგზე აღიარა, რაშიც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი ეკა ბესელია და მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი დაადანაშაულა. აღნიშნულ ბრალდებასთან დაკავშირებით, ორივე დასახელებულმა პირმა კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა. სინაურიძე საქართველოში დაუბრუნებლობის მიზეზად ჯანმრთელობასთან და ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებულ პრობლემებს ასახელებს და აცხადებს, რომ მზად არის საგამოძიებო უწყებებთან დისტანციურად ითანამშრომლოს, რასაც გამოხმაურება ამ დრომდე არ მოჰყოლია.

  დასკვნა

ფაქტ-მეტრის კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ვახტანგ ლემონჯავას განცხადებაში რამდენიმე არაზუსტი დეტალია. მნიშვნელოვანია, რომ სინაურიძეს ბრალი არა ლევან კორტავას მკვლელობაში, არამედ დანაშაულის დაფარვაში ედება. ამ საქმესთან დაკავშირებით დანაშაულის აღიარების სანაცვლოდ მას აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა.

შესაძლო პოლიტიკური მოტივების არსებობა ციხის ბუნტის საქმის ირგვლივ განვითარებული მოვლენებიდან გამორიცხული არ არის. 2012 წელს ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების შეცვლის შემდეგ სინაურიძის ციხის უფროსად დანიშვნა და შემდგომში კორტავას საქმესთან დაკავშირებით გირაოს შეფარდება ეჭვებს ნამდვილად აჩენს. აღსანიშნავია თავად მალხაზ სინაურიძის განცხადებაც, სადაც ის პოლიტიკურ ზეწოლაში მმართველი ძალის წარმომადგენლებს ადანაშაულებს.

ფაქტ-მეტრმა შესაბამისი კითხვებით პროკურატურასაც მიმართა, თუმცა, პასუხები ვერც ამჯერად მიიღო. მიუხედავად ამისა, ფაქტ-მეტრი, ბუნებრივია, დაზუსტებით ვერ იტყვის, მისცა თუ არა ცრუ ჩვენება მალხაზ სინაურიძემ და რამდენად ადეკვატური იყო პროკურატურის ქმედებები ამ საქმესთან მიმართებაში. შესაბამისად, ვახტანგ ლემონჯავას განცხადებას უვერდიქტოდ ვტოვებთ.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

3301 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
23%
ყალბი ამბავი
18%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი