ტელეკომპანია GDS-ის ეთერში, საქართველოს პარლამენტის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა: "გლეხები და ფერმერები გავათავისუფლეთ 200 000 ლარამდე მოგების და საშემოსავლო გადასახადისგან, რომ სტიმულირება გაგვეკეთებინა პირველადი წარმოებისთვის. ეს ყველაფერი, ჩემი გათვლებით, ხელშესახებ შედეგებს 2016-2017 წლებისთვის მოიტანს".
საქართველოში საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს საქართველოს საგადასახადო კოდექსი არეგულირებს. მოქმედი საგადასახადო კოდექსი 2011 წლის 1 იანვრიდან შევიდა ძალაში. საშემოსავლო და მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებას შესაბამისად 82-ე და 99-ე მუხლები არეგულირებს.
საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი 2012 წლის 21 ოქტომბერს შეიკრიბა. დროის ამ მონაკვეთში მოქმედებდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის რედაქცია 20 ოქტომბრის მდგომარეობით. საგადასხადო კოდექსის 2012წლის 20 ოქტომბრის კონსოლიდირებული ვერსიის 82-ე მუხლის "ლ" პუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებულია "2014 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული ფიზიკური პირის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული შემოსავალი, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ამ ფიზიკური პირის მიერ აღნიშნული მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 200 000 ლარს". ასევე, საშემოსავლო გადასახადისაგან თავისუფლდებოდა ამ პირთა წრის მიერ გაცემული შრომის ანაზღაურებაც.
99-ე მუხლის "ე" და "ვ" პუნქტების მიხედვით, მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებულია შესაბამისად "2014 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პირველადი მიწოდებით მიღებული მოგება, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ამ პირის მიერ აღნიშნული მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 200 000 ლარს" და "2014 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული მოგების ის ნაწილი, რომლის რეინვესტირებაც ხდება ამ საქმიანობის ფარგლებში". აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის შეკრების შემდგომ, 2012 წლის 28 დეკემბერს მიღებული #189 კანონით,ცვლილება შევიდა 99-მუხლის "ვ" პუნქტში. ახალი რედაქციით, ნორმის აღწერილობით ნაწილში დამატებითი მოთხოვნა გაჩნდა. კერძოდ, მოგების გადასახადისგან გათავისუფლდა მოგების მხოლოდ 3 წლის განმავლობაში რეინვესტირებული ნაწილი.
2013 წლის 30 ივლისის #906 კანონისმიღებით, საგადასახადო კოდექსში მორიგი ცვლილება განხორციელდა. 82-ე მუხლის "ლ" და "ც" და 99-ე მუხლის "ე" პუნქტების მოქმედების ვადა გახანგრძლივდა 2017 წლის პირველ იანვრამდე. სამართლებრივი ნორმების აღწერილობით ნაწილში სხვა შინაარსობრივი ცვლილება არ განხორციელებულა. აუცილებელია აღინიშნოს, რომ ტექნიკური ხასიათის ცვლილებების შედეგად 82-ე მუხლის "ლ" პუნქტში ტერმინი "ფიზიკური პირი" ჩანაცვლებული იქნა ტერმინით "პირი". შედეგად, ნორმა თეორიულად იურიდიულ პირებზეც გავრცელდა და ერთი შეხედვით გაფართოვდა შეღავათით მოსარგებლეთა წრე. თუმცა, საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია მხოლოდ ფიზიკური პირი. ამდენად, ცვლილებას შეღავათით მოსარგებლე პირთა წრეზე გავლენა არ მოუხდენია.
საკითხის სრულყოფილად წარმოჩენისათვის გასათვალისწინებელია 2013 წლის 12 ივლისის ცვლილებებით დაწესებული შეღავათები, თუმცა, მათ დეპუტატი არ შეხებია. #817 კანონის მიხედვით, 2017 წლის პირველ იანვრამდე, დაბეგვრისგან გათავისუფლდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული მოგება, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრის მიერ კოოპერატივიდან მიღებული დივიდენდი და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საკუთრებაში არსებული ქონება (გარდა მიწისა) და ლიზინგით აღებული მოძრავი ქონება.
დასკვნა
საგადასახადო კოდექსის 2012 წლის 20 ოქტომბრის რედაქციით, საშემოსავლო და მოგების გადასახადისაგან, 2014 წლის პირველ იანვრამდე, გათავისუფლებული იყო სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ფიზიკური და იურიდიული პირი, თუ პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული შემოსავალი არ აღემატებოდა 200 000 ლარს. საშემოსავლო გადასახადისაგან თავისუფლდებოდა ამ პირთა წრის მიერ გაცემული შრომის ანაზღაურებაც. ანალოგიური ვადით, მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული იყო სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული მოგების ამავე საქმიანობის ფარგლებში რეინვესტირებული ნაწილიც, გადამხდელის შემოსავლის მოცულობის მიუხედავად. ახალი მოწვევის პარლამენტის მიერ კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, მხოლოდ არსებული ჩანაწერების მოქმედების პერიოდი გახანგრძლივდა. მოგების რეინვესტირებული ნაწილზე დაწესებული შეღავათით სარგებლობისათვის კი დამატებითი პირობა იქნა მოთხოვნილი. კოდექსის ახალი რედაქციით, მოგების გადასახადისაგან მოგების მხოლოდ ის ნაწილი თავისუფლდება, რომლის რეინვესტირება საგადასახადო წლის დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში განხორციელდება.
დეპუტატის მიერ დასახელებული შეღავათები მერვე მოწვევის პარლამენტის შეკრებისას უკვე მოქმედებდა და მხოლოდ მოქმედების ვადის გახანგრძლივება მოხდა, ერთ-ერთი ნორმის აღწერილობითი ნაწილი კი, პირიქით, გამკაცრდა.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადება არის მცდარი.