თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას ერთ-ერთ მწვავე საკითხად უფასო სასადილოებით მომსახურების პროგრამა გამოიკვეთა, განსაკუთრებით კი ბენეფიციართა კვებისთვის გამოყოფილი ყოველდღიური თანხა - 1 ლარი და 18 თეთრი. ამასთან დაკავშირებით, რუსთავი 2-ის ეთერში დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, სევდია უგრეხელიძემ განაცხადა: "თანხების ზრდა და ის, რომ მილიონები დაემატა (მიუსაფართა სასადილოების ბიუჯეტს), სულაც არ არის მისასალმებელი, იმიტომ, რომ სოციალურად დაუცველთა რაოდენობა იზრდება. ჩვენ 2014 წელი 13 200 ბენეფიციარით დავამთავრეთ, 2015 დავიწყეთ 22 704-ით და დავამთავრეთ 26 000-ით, ხოლო 2016 წელი იგეგმება 32 000 ბენეფიციარზე".

საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, რიმა ბერაძის თქმით, ბენეფიციართა რაოდენობის ზრდა იმან გამოიწვია, რომ წარსულში მათი აღრიცხვა სათანადოდ არ ხდებოდა. "რაც შეეხება იმას, რომ ბენეფიციართა რიცხვი გაიზარდა... წინა პერიოდში საერთოდ არ არსებობდა აღრიცხვა, საერთოდ სტიქიურად იყო მიშვებული" - განაცხადა ბერაძემ.

თბილისში უფასო სასადილოების მომსახურების შესყიდვა რაიონების გამგეობების მიერ ხდება. 2014 წელს გამგეობების მიერ გაფორმებული ხელშეკრულებებით ჯამში 27160 ბენეფიციარისთვის ყოველდღიური კვების უზრუნველყოფა ხდებოდა. 2015 წლისთვის თბილისის მუნიციპალიტეტის გამგეობებმა 32367 ბენეფიციარის უფასო სასადილოებში კვებით მომსახურებაზე მრავალწლიანი (2017 წლის 31 დეკემბრამდე) ხელშეკრულებები დადეს. 2015 წელს აღნიშნული მიზნებისათვის 13070700 ლარის დახარჯვა იყო გათვალისწინებული. 10 დეკემბერს საკრებულოში წარდგენილი 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, თბილისის მერიამ უფასო სასადილოების პროგრამისათვის 14474 500 ლარი გაითვალისწინა. ბიუჯეტის შესაბამის ქვეპროგრამებში დედაქალაქის რაიონების გამგეობების მიერ უფასო სასადილოებში 33955 ბენეფიციარის კვებაა დაგეგმილი.

აღსანიშნავია, რომ უფასო სასადილოებით მომსახურების შესაძენად გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად, ამ სასადილოების ბენეფიციართა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება (იხ. გრაფიკი 1).

გრაფიკი 1: უფასო სასადილოებით მოსარგებლე ბენეფიციართა რაოდენობა (გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით)

image001

დედაქალაქში უფასო სასადილოების ბენეფიციართა აღრიცხვას დღეს თბილისის მერის 2014 წლის 26 ნოემბრის #2344 ბრძანება არეგულირებს. ამ ბრძანების გამოცემამდე აღნიშნულ საკითხს თბილისის მერის 2012 წლის 5 დეკემბრის #3355 განკარგულება არეგულირებდა. ორივე აქტის შესაბამისად, ბენეფიციართა სიაში შეყვანას ექვემდებარება თბილისში მცხოვრები განმცხადებელი, თუ მისთვის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200000-ს. ასევე, განსაკუთრებულ შემთხვევებში, ბენეფიციართა სიაში შეყვანა გამგებლის მოტივირებული გადაწყვეტილებითაც ხდება. სიაში შეყვანის რიგითობა განცხადების რეგისტრაციის თარიღის მიხედვით დგინდება. შესაბამისად, დღესდღეობით უფასო სასადილოების ბენეფიციართა აღრიცხვა იმავე მეთოდოლოგიით ხდება, როგორც ეს ადრე ხდებოდა.

ფაქტ-მეტრი ასევე დაინტერესდა, თბილისის მერის 2014 წლის განკარგულების თანახმად გამგეობებს ხომ არ დაევალათ სოციალურად დაუცველ იმ მოქალაქეთა შესახებ ინფორმაციის მოძიება და აღრიცხვა, რომლებმაც მათ უშუალოდ განცხადებით არ მიმართეს. როგორც კვლევამ აჩვენა, გამგეობებს პოტენციური ბენეფიციარების აღრიცხვა არ ევალებოდათ და არც ამჟამად ევალებათ. ისინი უშუალოდ მოქალაქეთა განცხადებებს განიხილავენ და ამის საფუძველზე იღებენ გადაწყვეტილებას პირის უფასო სასადილოების სიაში შეყვანის თაობაზე.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პოტენციური ბენეფიციარების რაოდენობა ქალაქ თბილისში 2015 წელს შემცირდა და 2012 წლის ნიშნულს მიუახლოვდა (იხ. გრაფიკი 2).

გრაფიკი 2: სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში რეგისტრირებული პირები

image002

დასკვნა

ქალაქ თბილისში უფასო სასადილოებით მოსარგებლე ბენეფიციართა რაოდენობა 2015 წელს 2014 წელთან შედარებით გაიზარდა. 2016 წელს ბენეფიციართა რაოდენობის 1588-ით ზრდა დაიგეგმა.

ისევე როგორც გასულ წლებში, უფასო სასადილოების მომსახურებით მოსარგებლე ბენეფიციართა სიას რაიონის გამგეობები შემოსული განცხადებების განხილვის შედეგად ადგენენ. შესაბამისად, აღრიცხვის მეთოდოლოგიაში რაიმე ცვლილება არ მომხდარა. მცდელობის მიუხედავად, რიმა ბერაძისგან ვერ მივიღეთ დამატებითი განმარტება იმის თაობაზე, თუ რას გულისხმობდა ის, როცა აცხადებდა, რომ "წინა პერიოდში საერთოდ არ არსებობდა ბენეფიციართა აღრიცხვა". ფაქტ-მეტრის დასკვნით, რიმა ბერაძის განცხადება არის მცდარი.

სევდია უგრეხელიძის მიერ მოყვანილი უფასო სასადილოების ბენეფიციართა რაოდენობა მეტწილად ემთხვევა გამგეობების მიერ გაფორმებულ ხელშეკრულებებს. თუმცა, საკრებულოს დეპუტატმა ეს ზრდა სიღარიბის მატებას დაუკავშირა, რასაც ერთმნიშვნელოვნად ვერ დავასკვნით. ეს რიცხვი წინა წლებშიც იზრდებოდა და ამ ზრდის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა ბენეფიციართა გაზრდილი ინფორმირებაც იყოს. შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, სევდია უგრეხელიძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

თეგები:

პერსონები