მიმდინარე წლის 21 დეკემბერს, ამჟამად უკვე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის საქმიანობის სამი წელი შეაჯამა და არაერთ საკითხზე გაამახვილა ყურადღება. თუმცა, მან ძირითადად მხოლოდ მიღწევებზე ისაუბრა. "ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი" პრემიერის გამოსვლას საკუთარ ფეისბუქის გვერდზე პოსტით

გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია, რომ ბოლო სამ წელიწადში საქართველოში მნიშვნელოვანი ეკონომიკური მაჩვენებლები გაუარესდა, ესენია: ინფლაცია, სახელმწიფო ვალი, ეკონომიკური ზრდის ტემპი, ექსპორტი, იმპორტი, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი, პენსია და საარსებო მინიმუმი.

1421257_1081248765259915_1884576824441053768_o

ფაქტ-მეტრმა ბოლო სამი წლის ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლები გააანალიზა.

2012

წელს საქართველოს ეკონომიკა (მთლიანი შიდა პროდუქტი - მშპ) 15.8 მილიარდი აშშ დოლარი იყო, 2015 წლის მშპ-ის საპროგნოზო მაჩვენებელი (მთავრობის პროგნოზის მიხედვით) კი, 14.9 მილიარდი დოლარია. დოლარში გამოხატული მშპ-ის შემცირება ლარის კურსის გაუფასურებამ გამოიწვია. 2012 წელს ლარის კურსი დოლარის მიმართ 1.66 იყო, 2015 წლის ბოლოს კი, ის 2.40-ის ფარგლებშია. თუ ლარში გამოხატულ ნომინალურ მშპ-ს ვნახავთ, ის 2012 წელს 26.2 მილიარდი ლარი იყო, ხოლო 2015 წელს 31.5 მილიარდ ლარს გაუტოლდება. ლარში გამოხატული მშპ-ის ზრდაში თავისი წვლილი ინფლაციას, ანუ საქონელსა და მომსახურებაზე ფასების ზრდას შეაქვს. ინფლაციის გავლენის გარეშე, რეალური მშპ ბოლო სამ წელიწადში 2.6 მილიარდი ლარით გაიზარდა. "ქართული ოცნების" მთავრობის 2012 წლის პროგნოზით, 2015 წელს მშპ 36 მილიარდი ლარი უნდა ყოფილიყო, რეალურად კი, მან 31.5 მილიარდს მიაღწია.

მიუხედავად იმისა, რომ ლარში გამოხატული მშპ გაზრდილია, ბოლო სამ წელიწადში მშპ-ის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად შემცირდა. თუ 2010-2012 წლებში მშპ საშუალოდ 6.6%-ით იზრდებოდა, 2013-2015 წლებში ზრდის საშუალო ტემპი 3.5%-მდე შემცირდა. 2016 წლისთვის კი მთავრობა 3%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. აქვე აღსანიშნავია, რომ 2013-2015 წლებში ხელისუფლებამ ვერცერთხელ ვერ მიაღწია პროგნოზირებულ ეკონომიკურ ზრდის ტემპს.

გრაფიკი 1: 

ეკონომიკური ზრდის ტემპები 2010-2015 წლებში

image001

რაც შეეხება ერთ სულ მოსახლეზე საშუალო წლიურ შემოსავალს, ის 2012 წელს 3 523 აშშ დოლარი იყო, 2015 წელს კი 3 717 დოლარია. ზრდა გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ მისი დაანგარიშებისას, 2015 წელს მოსახლეობის რაოდენობად ახალი საყოველთაო აღწერის შედეგია (3.7 მილიონი ადამიანი) გამოყენებული. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უკვე დააკორექტირა საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის მაჩვენებელი გასული წლებისათვის და შედეგად, მიიღო, რომ 2012 წელს საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი 3 837 დოლარი იყო. შესაბამისად, გამოდის, რომ 2015 წელს 2012 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი შემცირდა. თუმცა, ლარში (კურსის ცვლილების გამო) ის 2 400 ლარით გაიზარდა. როდესაც სხვა ქვეყნებთან შედარების მიზნით შემოსავლების დონე გვაინტერესებს, მაშინ დოლარში ცვლილების გათვალისწინებაა მნიშვნელოვანი, ხოლო როდესაც ქვეყნის შიდა ტენდენცია გვაინტერესებს, ლარში გამოხატული მაჩვენებელი შემოსავლების ცვლილებას უფრო კარგად ასახავს.

2012

წელს ინფლაციის მაჩვენებელი (სამომხმარებლო ფასების ინდექსის მიხედვით) -1.4% იყო, ანუ საქონელი და მომსახურება გაიაფდა. 2013 წელს ინფლაცია 2.4% იყო, 2014 წელს - 2%, ხოლო 2015 წელს მან 6.3%-ს მიაღწია.

2012

წლის ბოლოს მთავრობის საგარეო ვალი 6.6 მილიარდი ლარი (4 მილიარდი დოლარი), მშპ-ის 25.3%, საშინაო ვალი კი 1.9 მილიარდი ლარი, მშპ-ის 7.2% იყო. ჯამში, მთავრობის ვალი 8.5 მილიარდი ლარი, მშპ-ის 32.5% იყო. 2015 წლის ნოემბრის მონაცემებით, მთავრობის საგარეო ვალი 10.1 მილიარდი ლარი (4.2 მილიარდი დოლარი), ხოლო საშინაო ვალი 2.86 მილიარდი ლარია. ჯამში, მთავრობის ვალი თითქმის 13 მილიარდი ლარი, ანუ მშპ-ის 41.3%-ია. საგარეო ვალის ზრდა ძირითადად ლარის კურსის გაუფასურებამ განაპირობა, საშინაო ვალი კი, მილიარდი ლარით, დამატებითი ვალის აღების გამო გაიზარდა.

საქართველოს საქონლის ექსპორტი 2015 წლის იანვარ-ნოემბერში 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 159 მლნ დოლარით (7.3%-ით) შემცირდა და 2 019 მლნ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება იმპორტს, ის ასევე, 479 მლნ დოლარით (6.5%-ით), შემცირდა და 6 873 მლნ დოლარი შეადგინა.

2012

წლის ბოლო პენსია საშუალოდ 67 დოლარი იყო, 2015 წლის ბოლოს კი 66 დოლარია. თუმცა, ვინაიდან პენსიონერი პენსიას ძირითადად ლარებში ხარჯავს, მიზანშეწონილია პენსიის მოცულობაში ცვლილება ლარებში შეფასდეს. ამ შემთხვევაში ზრდამ 35-50 ლარი შეადგინა. თუმცა, აქ მნიშვნელოვანი ინფლაციის დონის გათვალისწინებაა - ანუ ე.წ. რეალური პენსიის ცვლილება. თუ 2015 წლის 160 ლარიანი პენსიის მსყიდველობით უნარს 2012 წელს შევადარებთ, ის დაახლოებით 145 ლარია და შესაბამისად, გამოდის, რომ რეალური პენსია 20-35 ლარით გაიზარდა.

საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 2012 წლის ბოლოს 250 ლარი იყო, ხოლო 2015 წლის ნოემბერში მან 278 ლარი შეადგინა.

"გირჩს" არ აღუნიშნავს ისეთი მნიშვნელოვანი მაჩვენებლის შესახებ, როგორიცაა უმუშევრობის დონე. ეს მაჩვენებელი 2013-2014 წლებში შემცირდა. 2012 წელს უმუშევრობის დონე 15% იყო, ხოლო 2014 წელს ის 12.4%-მდე შემცირდა. თუმცა, უმუშევრობის სტატისტიკის სანდოობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გარკვეული ეჭვები არსებობს, რაზეც ფაქტ-მეტრი უკვე წერდა.

ასევე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო სამ წელიწადში ლარის კურსი დოლარის მიმართ 45%-ით გაუფასურდა, ხოლო საქართველოს ოფიციალური სავალუტო რეზერვები (რაც ფინანსური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია) 370 მლნ დოლარით (14%-ით) შემცირდა.

2014-2015

წლებში, 2012 წელთან შედარებით, გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელიც. 2014 წელს 1 758 მლნ დოლარის პირდაპირი ინვესტიცია შემოვიდა, რაც 2012 წლის მაჩვენებელზე თითქმის 2-ჯერ მეტია. ხოლო, 2015 წლის პირველ ცხრა თვეში 1 019 მლნ დოლარის პირდაპირი ინვესტიციაა შემოსული, რაც უკვე აღემატება 2012 წლის მაჩვენებელს.

დასკვნა

მიუხედავად იმისა, რომ "ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის" მიერ წარმოდგენილი ზოგიერთი მაჩვენებლის დოლარში შედარება არალოგიკურად ხდება, მთლიანობაში მოცემული ინფორმაცია სწორად ასახავს იმ მაკროეკონომიკურ ცვლილებებს, რასაც ბოლო 3 წლის განმავლობაში ჰქონდა ადგილი. მაკროეკონომიკური მაჩვენებლების უმეტესობა გაუარესდა. შესაბამისად, როდესაც ამჟამად უკვე ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მისი მთავრობის მიღწევებზე საუბრობდა (ძირითადად იმის შესახებ, თუ რა მიმართულებით რამდენი ფული დაიხარჯა), მან არაფერი თქვა იმაზე, თუ რა მაკროეკონომიკური ეფექტი ჰქონდა ბიუჯეტის გაზრდილ ხარჯებს, რომელიც გაზრდილი მთავრობის ვალის ძირითადი მიზეზია. ასევე, ბიუჯეტიდან მაღალდეფიციტურ ხარჯვას პერიოდულად უარყოფითი გავლენა ჰქონდა ლარის კურსზე და ფასების დონეზე. ეკონომიკური ზრდის შენელების მიზეზი კი, რეგიონში გართულებულ სიტუაციასთან ერთად, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკაც გახდა, რომელიც მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევაზე მიმართული არ იყო.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ის მოსაზრება, რომ ბოლო სამ წელიწადში მაკროეკონომიკური თვალსაზრისით საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობა გაუარესდა, არის მეტწილად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5661 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია