თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით, რუსთავი 2-ის ეთერში საკრებულოს წევრებს შორის დებატები გაიმართა. საკრებულოს დეპუტატმა, ირაკლი აბესაძემ, განაცხადა: "ბიუჯეტში თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა რიგი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, სამაგიეროდ, მერიის ადმინისტრაციის სახელფასო ფონდი 7 მილიონით, კონცერტების ჩასატარებლად გამოყოფილი თანხა დაახლოებით 2 მილიონით და რეკლამების დაფინასება 600 ათასი ლარით გაზარდეს. როგორც ჩანს, საარჩევნო წელიწადია და საკუთარი საქმიანობის რეკლამირება სურთ".

ირაკლი აბესაძეს საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, რიმა ბერაძემ უპასუხა: "არავითარ კონცერტებს არ ემატება თანხა. კულტურას და განათლებას ემატება 3 მილიონი. 3 მილიონით გაზრდა ნიშნავს, რომ მომავალ, 2016 წელს თბილისს 7 საბავშვო ბაღი შეემატება".

ჩვენ საკრებულოს დეპუტატების განცხადებების სიზუსტის გადამოწმებას შევეცადეთ.

2016 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების და პროგრამულ ჩამონათვალში კონცერტების, ანუ ქალაქგაფორმებითი ღონისძიებების მოწყობა, 02.07. მუხლს (გვ. 23) განეკუთვნება. ამ მუხლით, 2016 წელს, თბილისის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 4 მილიონი ლარია გამოყოფილი (გვ. 88), რაც მიმდინარე წელს ამავე მიზნით გამოყოფილ თანხას (2 293 000 ლარი) 1 707 000 ლარით აღემატება. გარდა კონცერტების ორგანიზებისა, ეს ქვეპროგრამა მემორიალური დაფების დამზადება-მონტაჟს, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა თბილისის პანთეონებში საფლავების მოწყობას, თბილისში არსებული ძეგლების მოვლა-პატრონობას, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟს, სასცენო-საკონცერტო განათებას, გახმოვანების აპარატურით და სასცენო დეკორაციებით მომსახურებას ითვალისწინებს.

რაც შეეხება რეკლამირებას, მედია-სივრცესა და სოციალურ ქსელში საინფორმაციო რგოლების განთავსება, პოლიგრაფიული და სარეკლამო მასალები (თანმდევი მომსახურება-მონტაჟით) საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების ქვეპროგრამაში (კოდი: 07.02.04. გვ. 61) შედის. 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ამ ქვეპროგრამებისთვის 1.8 მილიონი ლარია (07.02.04) გამოყოფილი. მიმდინარე წელთან შედარებით მატება 580 000 ლარია (გვ. 117).

ირაკლი აბესაძის საპასუხო განცხადებაში რიმა ბერაძემ კონცერტების დაფინანსების ზრდა გამორიცხა და განათლების პროგრამის დაფინანსების ზრდა 2016 წელს დაგეგმილი საბავშვო ბაღების მშენებლობით ახსნა. აქ უნდა განვმარტოთ, რომ კონცერტების დაფინანსებას, ანუ ქალაქგაფორმებით ღონისძიებებს (კოდი: 02.07), არანაირი კავშირი არ აქვს განათლების პროგრამასთან (კოდი: 7.0) და თუ რატომ დააკავშირა რიმა ბერაძემ ეს ორი პროგრამა ერთმანეთთან, გაუგებარია. კონცერტების დაფინანსება კი, ნამდვილად იზრდება.

ჩვენ განათლების პროგრამის დაფინანსებაც გადავამოწმეთ. 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, განათლების პროგრამის დაფინანსება (95 903 800 ლარი, კოდი: 7.0 გვ. 115) დაახლოებით 4.5 მილიონით არის გაზრდილი (მიმდინარე წელს, იმავე მიზნით 91 325 100 ლარი იყო გამოყოფილი). საბავშვო ბაღების მშენებლობა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელშეწყობის ქვეპროგრამას განეკუთვნება (07.01.02. გვ. 58). ამ ქვემუხლის დაფინანსება 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით 84 მილიონია, რაც მიმდინარე წელს ამავე მიზნით გამოყოფილ თანხას დაახლოებით 2 მილიონით აღემატება (2015 წელი - 82.1 მილიონი). აქედან გამომდინარე, განათლების პროგრამის დაფინანსების ზრდა მხოლოდ ამ ქვეპროგრამის [საბავშვო ბაღების მშენებლობის დაფინანსება] დაფინანსების ზრდით არ არის განპირობებული და რეკლამირების ქვეპროგრამების დაფინანსებაც რეალურად იზრდება. რაც შეეხება ახალ საბავშვო ბაღებს, 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 9 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობაა დაგეგმილი (გვ. 55).

რაც შეეხება მერიისთვის შეთავაზებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ფრაქცია "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" მერიას წერილობით მიმართადა თბილისის საცობებისგან განტვირთვის მიზნით, მომავალი წლის ბიუჯეტში მთელი რიგი სატრანსპორტო კვანძების (მაგ. თამარაშვილის და უნივერსიტეტის ქუჩების გადაკვეთაზე საგზაო მოძრაობის ორ დონეზე მოწყობა ესტაკადით; ვერეს ხეობიდან გამომავალი ახალი მაგისტრალის გვირაბით დაკავშირება გმირთა მოედანზე არსებულ, ლაგუნასკენ მიმავალ გვირაბთან; სააკაძის მოედანზე ორდონიანი მოძრაობის მოწყობა გვირაბით, მარშალ გელოვანის მოედანზე (ვეფხვი და მოყმესთან); საგზაო მოძრაობის ორ დონეზე მოწყობა (გვირაბით) და ა.შ.) პროექტირების და მშენებლობისთვის საჭირო თანხის გათვალისწინება სთხოვა. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, თბილისის 2016 წლის ბიუჯეტში წერილში მითითებულ პროექტთაგან არცერთის დაფინანსება არ აისახა.

ირაკლი აბესაძის ინფორმაციით, თითოეული დასახლებული საგზაო მონაკვეთის პროექტირებისა და მშენებლობისთვის საშუალოდ 4-10 მილიონ ლარამდეა საჭირო. აქედან გამომდინარე, თანხა, რომლითაც მერიის სახელფასო ფონდი, კონცერტების და რეკლამის დაფინანსება გაიზარდა (ჯამში დაახლოებით 9 მილიონი ლარი), საკმარისი იქნებოდა მერიისთვის შეთავაზებული გარკვეული პროექტების დასაფინანსებლად.

10 დეკემბერს საკრებულოში 2016 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი შევიდა. საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯმდომარის, ჯაბა სამუშიას ინფორმაციით, ზემოთ განხილული ქვეპროგრამების დაფინანსებაში ცვლილებაა. კერძოდ, ქალაქგაფორმებითი ღონისძიებების (მუხლი 07.02) დაფინანსება 400 000 ლარით გაიზარდა და 4 400 000 ლარი გახდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების ქვეპროგრამის დაფინანსება შემცირდა და 1 800 000 ლარის ნაცვლად, 1 მილიონი ლარით განისაზღვრა.

დასკვნა

2016 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ქალაქგაფორმებითი (კონცეტრების მოწყობის და სხვა) ღონისძიებების მუხლის დაფინანსებამიმდინარე წელთან შედარებით 1.7 მილიონი ლარით არის გაზრდილი (ბიუჯეტის ჩასწორებული ვარიანტით, 2.1 მლნ ლარი). რეკლამირების დაფინასება ჯამში 200 000 ლარით მცირდება (წინა პროექტით, მისი 600 000 ლარით ზრდა იგეგმებოდა).

განათლების მუხლის დაფინანსება მართლაც გაზრდილია, თუმცა 4.5 მილიონის ნაცვლად (როგორც თავდაპირველად დაიგეგმა), ბიუჯეტის შესწორებული ვარიანტის მიხედვით 3.7 მილიონით არის გაზრდილი, რაც იმით არის განპირობებული, რომ რეკლამირების მუხლის დაფინანსება დაგეგმილი 600 000 ლარით გაზრდის ნაცვლად, 200 000 ლარით შეამცირეს. აქვე აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ქვემუხლებისა და შრომის ანაზღაურების მუხლისთვის დამატებული თანხა (დაახლოებით 9 მილიონი) მერიისთვის შეთავაზებული გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად სავარაუდოდ საკმარისი იქნებოდა.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი აბესაძის განცხადება არის სიმართლე,რიმა ბერაძის განცხადება კი - მცდარი.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5420 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი