გადაცემა 20/30-ს ეთერში "ახალი პოლიტიკური ცენტრის - გირჩის" წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში ყოველი 100 ლარიდან, რომელსაც მოქალაქე შოულობს, 35 ლარი სახელმწიფოს მიაქვს. ეს კი, ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას აფერხებს. ამასთან, მან აღნიშნა, რომ აღნიშნული ბიუჯეტით სოციალური პრობლემების მნიშვნელოვნად აღმოფხვრა შესაძლებელია, თუკი ის მიზნობრივად, შესაბამისი საჭიროებების მქონე ოჯახებზე დაიხარჯება.
ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
ვახტანგ მეგრელიშვილი ბიუჯეტის სიდიდეს ქვეყნის ეკონომიკასთან მიმართებაში განსაზღვრავს. ბიუჯეტში, ე.წ. ნაერთი ბიუჯეტი (ის მოიცავს როგორც სახელმწიფო, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებს), ხოლო ეკონომიკაში მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ - საქართველოს მოსახლეობის მთლიანი შემოსავალი, რომელიც გამომუშავებულია საქართველოს ტერიტორიაზე ერთი წლის განმავლობაში) იგულისხმება. 2015 წლის ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობები დაახლოებით 11 მილიარდი ლარია, ხოლო მშპ 31.5 მილიარდი ლარი. შესაბამისად, ბიუჯეტი მშპ-ის მიმართ 35%-ია.
ფრაზაში - "ყოველი 100 ლარიდან, რომელსაც მოქალაქე შოულობს, 35 ლარი სახელმწიფოს მიაქვს", მოსახლეობის მიერ ნაერთ ბიუჯეტში გადასახადების სახით და ასევე სხვა წყაროებიდან გადახდილი ფული იგულისხმება. 2015 წელს ნაერთ ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლების და სხვა შემოსავლების სახით 8.7 მლრდ ლარამდე უნდა შევიდეს, რაც 2015 წლის პროგნოზირებული მშპ-ის 28% და არა 35%-ია. თუმცა, 28% საშუალო რიცხვია და არ ნიშნავს, რომ ყველა მოქალაქეს ზუსტად ეს რიცხვი გამოუდის გადახდილი. მაგალითად, თუ ადამიანი დაქირავებით არის დასაქმებული და შესაბამისად, ხელფასს იღებს, მას 20%-ის ოდენობით საშემოსავლო გადასახადი უკავდება. შესაბამისად, თუ დანიშნული ხელფასი 1 000 ლარი აქვს, ხელზე 800 ლარს აიღებს. ეს 800 ლარი კი, როდესაც ადამიანი მის დახარჯვას დაიწყებს, მეორედ იბეგრება. ამ დროს ის ე.წ. არაპირდაპირი გადასახადებით (დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ), აქციზი და საბაჟო გადასახადი) იბეგრება. თუ ადამიანი იმპორტირებულ და აქციზურ საქონელს არ ყიდულობს, მას მხოლოდ დღგ-ის გადახდა უწევს. დღგ-ის განაკვეთი 18%-ია. გამოდის, რომ ყოველ დახარჯულ 100 ლარზე დღგ-ში 15.25 ლარი მიდის. ჯამში, 800 ლარის დახარჯვისას, დღგ 122 ლარი იქნება. საბოლოოდ გამოდის, რომ 1 000 ლარის ხელფასიდან გადასახადებში 322 (200+122) ლარია გადახდილი, რაც შემოსავლის 32.3%-ია. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რეალურად ყველა ადამიანი მეტ-ნაკლებად აქციზით დაბეგრილ საქონელსაც (საწვავი, სიგარეტი, ალკოჰოლური სასმელები, მობილურ ტელეფონზე საუბარი და ა.შ.) მოიხმარს, რეალურია, რომ შემოსავლის 35%-ს გადასახადებში ან ბიუჯეტში მიმართულ სხვა თანხებში (მაგ. ჯარიმები, მოსაკრებელი, ლიცენზიების საფასური, სესხის მომსახურება და ა.შ.) იხდიდეს.
თუკი მოქალაქეების უმეტესი ნაწილის შემოსავლის დაახლოებით 35% მართლაც ბიუჯეტში მიდის, რატომ გამოდის საშუალო მაჩვენებელი გაცილებით დაბალი, 28%? ამის მიზეზია გარკვეული ჯგუფების გადასახადებისგან გათავისუფლება. მაგალითად, თუ ადამიანი სოფელში ცხოვრობს და თავისი შრომით მიღებულ პროდუქციას მოიხმარს, ან საექსპორტო პროდუქციას აწარმოებს, დღგ-ს არ იხდის. ასევე, დღგ-სგან გათავისუფლებულია თბოსადგურებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება, ტუროპერატორების საქმიანობა და სხვა. საშემოსავლო ან მოგების გადასახადით არ იბეგრება ადამიანი, თუ შემოსავალი გარკვეული დახმარების სახით აქვს (მაგალითად, საზღვარგარეთიდან ოჯახის წევრი უგზავნის). ასევე, 20%-ის ნაცვლად მიმდინარე წლის მაისის თვიდან ის 5%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის, თუ შემოსავალს უძრავი ქონების გაქირავებიდან ან გაყიდვიდან იღებს.
2014წლის მაგალითზე გამოდის, რომ არაპირდაპირი გადასახადების სახით ბიუჯეტში მშპ-ის მხოლოდ 16.8% იყო გადახდილი, როდესაც 18% მხოლოდ დღგ-ის განაკვეთია. ეს სხვაობა სწორედ გარკვეული ჯგუფების და საქმიანობების გადასახადებისგან გათავისუფლების გამოა.
ის, თუ შემოსავლების რამდენი პროცენტი უნდა მიჰქონდეს სახელმწიფოს, ეს საკითხი პოლიტიკურ იდეოლოგიებს შორის შეუთანხმებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. მემარცხენე პოლიტიკური ძალები თვლიან, რომ უკეთესია სახელმწიფოს დიდი წილი მიჰქონდეს, რადგან ეს თანხა სხვადასხვა პროგრამების სახით ისევ მოსახლეობას უბრუნდება და სახელმწიფო აღნიშნულ შემოსავალს უკეთ გადაანაწილებს. მემარჯვენე პოლიტიკურ ძალებს კი მიაჩნიათ, რომ რაც ნაკლებ ფულს გადაიხდიან მოქალაქეები ბიუჯეტში, უკეთესია, ვინაიდან ეს დაბალ საგადასახადო განაკვეთებს და უკეთეს ბიზნეს გარემოს ნიშნავს, რაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.
ევროკავშირის ქვეყნების და სხვა ზოგიერთი განვითარებული ქვეყნის ბიუჯეტი ქვეყნის ეკონომიკის (მშპ-ის) 35%-ზე მეტია. ეს კი იმითაა განპირობებული, რომ ამ ქვეყნებში უკვე აქცენტი დაგროვილი სიმდიდრის გადანაწილებაზე, სოციალური ფონის გათანაბრებაზე და არა სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე კეთდება. ამასთან, ის რომ სახელმწიფოს ეკონომიკაში ჩარევის მაღალი დონე ეკონომიკური ზრდის ტემპს ანელებს, ამაზე ფაქტობრივად არავინ კამათობს. ამას ადასტურებს ისეთი ავტორიტეტული კვლევა, როგორიცაა ამერიკელი პროფესორების ჯეიმს გვორტნის (ფლორიდის უნივერსიტეტი), რობერტ ლოუსონის (ოჰაიოს უნივერსიტეტი) და რენდალ ჰოლკომბის (ფლორიდის უნივერსიტეტი) ნაშრომი ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრი ქვეყნების შესახებ. კვლევის თანხმად, 1960-1996 წლების მონაცემების შესწავლის საფუძველზე, ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და მთავრობის ზომის (ბიუჯეტის სიდიდე) ზრდას შორის ცალსახა უარყოფითი ურთიერთკავშირი გამოიკვეთა.
გრაფიკი 1:
ურთიერთკავშირი მთავრობის ზომას (ჰორიზონტალურ ღერძზე) და ეკონომიკის ზრდის ტემპს (ვერტიკალურ ღერძზე) შორის OECD-ის ქეყნებში 1960-1996 წლებში
რაც შეეხება იმას, რომ ბიუჯეტიდან თანხების მიზნობრივად ხარჯვის შემთხვევაში სიღარიბე მეტად შემცირდება, ეს რეალობაა. მიზნობრივად ხარჯვა იმას გულისხმობს, რომ დახმარებას მხოლოდ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები მოქალაქეები და არა ყველა იღებს, ისე როგორც ეს დღესაა საყოველთაო ხასიათის პროგრამების განხორციელებისას (მაგ. საყოველთაო ჯანდაცვა, ვაუჩერები, საგაზაფხულო ხვნა-თესვის დაფინანსება, სუბსიდიები და სხვა). მიზნობრივი დაფინანსების დროს, შესაძლებელია სოციალურად დაუცველი ადამიანებისკენ გაცილებით მეტი თანხა მიემართოს.
დასკვნა
საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობები ქვეყნის ეკონომიკის (მშპ-ის) 35%-ია. თუმცა, თუ მოქალაქეების მიერ პირდაპირ ბიუჯეტში შეტანილ თანხას ცალკე გამოვყოფთ, ის მშპ-ის 28%-ს შეადგენს. თუმცა, ადამიანს, რომელსაც შემოსავალი ხელფასის სახით აქვს და შემდეგ თავის ხელფასს სრულად ხარჯავს, შემოსავლის დაახლოებით 35% ბიუჯეტში შეაქვს. "სახელმწიფოს მიაქვს" არ ნიშნავს, რომ შემოსავალი ხელისუფლების წევრებს "მიაქვთ". ადმინისტრაციული ხარჯი ეკონომიკის მიმართ 9%-ია. დანარჩენი თანხა კი ისევ მოსახლეობას უბრუნდება პენსიის, სოციალური დახმარების, ინფრასტრუქტურის განვითარების, სუბსიდიების და სხვა ხარჯების სახით.
ის, თუ რამდენი უნდა იყოს ბიუჯეტი ეკონომიკის მიმართ, ეს პოლიტიკურ იდეოლოგიებს შორის დისკურსის ერთ-ერთი მთავარი საკითხია (ანუ, იმის განსაზღვრა, თუ რა უფრო პრიორიტეტულია ქვეყნისთვის - არსებული შემოსავლების მეტ-ნაკლებად თანაბრად გადანაწილება, თუ ეკონომიკური განვითარების ტემპის დაჩქარება).
ვახტანგ მეგრელიშვილის შეფასებით, დღევანდელი ბიუჯეტით შესაძლებელია სოციალური პრობლემები უკეთესად მოგვარდეს, თუ ბიუჯეტიდან დახმარებას მხოლოდ ღარიბები აიღებენ და არა ყველა მოქალაქე, როგორც ეს დღეს ხდება.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადება არის სიმართლე.