რომ ასაკობრივი პენსიისთვის გამოყოფილი თანხები მომავალ წელს 90 მლნ ლარით გაიზრდება, რომლის დაფინანსებაც ძირითადად გადასახადებიდან და სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან მიღებული შემოსავლების ხარჯზე მოხდება.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მეორე წარდგენისას, საგადასახადო შემოსავლების გეგმა 7 780 მლნ ლარით, ხოლო სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან მიღებული შემოსავლების გეგმა 200 მლნ ლარით იყო განსაზღვრული. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მესამეწარდგენისას, საგადასახადო შემოსავლების გეგმა 7 980 მლნ ლარამდე (200 მლნ ლარით), ხოლო არაფინანსური აქტივების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლების გეგმა 225 მლნ ლარამდე (25 მლნ ლარით) გაიზარდა. თავისთავად, საგადასახადო შემოსავლების გეგმის დროის მოკლევადიან მონაკვეთში 2.6%-ით ზრდა გარკვეულ კითხვებს ბადებს, თუმცა ფაქტ-მეტრი, ამ ეტაპზე, მოცემული საკითხის შესახებ მსჯელობაში არ შევა.
2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მეორე წარდგენისას, საპენსიო ხარჯები 1 480 მლნ ლარს შეადგენდა და ამ თანხაში პენსიის ზრდა გათვალისწინებული არ იყო. ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში კი, 2016 წლის 1 ივლისიდან ასაკობრივი პენსიის 20 ლარით ზრდაა გათვალისწინებული. შესაბამისად, ასაკობრივი პენსიის დასაფინანსებლად გამოყოფილი ხარჯი 1 570 მლნ ლარამდე გაიზარდა, რაც 90 მლნ ლარით აღემატება კანონპროექტის წინა ვარიანტით გათვალისწინებულ ხარჯებს, ხოლო 2015 წელთან შედარებით, საპენსიო უზრუნველყოფის დაფინანსება 180 მლნ ლარით გაიზრდება. სახელმწიფო ბიუჯეტში საპენსიო უზრუნველყოფისთვის გამოყოფილი თანხა მოიცავს როგორც სახელმწიფო პენსიის, ისე სხვადასხვა კატეგორიის მოხელეთათვის სახელმწიფო კომპენსაციის[1]უზრუნველყოფის თანხებსაც.
სახელმწიფო ბიუჯეტში საპენსიო უზრუნველყოფის ხარჯები ყოველწლიურად იზრდებოდა, რაც პენსიონერთა რაოდენობის და პენსიის მოცულობის ზრდით იყო განპირობებული.
გრაფიკი 1:
საპენსიო დანახარჯებისა და საპენსიო ასაკის მოსახლეობის დინამიკა 2012-2016 წლებში
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, სოციალური მომსახურების სააგენტო[2]სოციალური სააგენტოს მონაცემებით,
ამჟამად საქართველოში 706 695 პენსიონერია. 2013-2015 წლების სტატისტიკის მიხედვით, საპენსიო ასაკის მოსახლეობის რაოდენობა ყოველთვიურად საშუალოდ 0.11-0.13%-ით, ხოლო ყოველწლიურად 1.5%-ით იზრდება. თუ ზრდის აღნიშნული ტემპი შენარჩუნდება, 2016 წლის ბოლოს საპენსიო ასაკის მოსახლეობის რაოდენობა სავარაუდოდ 719 ათას ადამიანს მიაღწევს. პენსიონერთა რაოდენობის ზრდის გათვალისწინებით, ივლისიდან პენსიის 20 ლარით ზრდის დასაფინანსებლად 86 მლნ ლარი, ხოლო მთლიანობაში, 2016 წლის განმავლობაში საპენსიო უზრუნველყოფის ხარჯების დასაფინანსებლად, 1 460 მლნ ლარი იქნება საჭირო.
როგორც აღვნიშნეთ, საპენსიო უზრუნველყოფისთვის გამოყოფილ თანხაში პენსიის ხარჯებთან ერთად სახელმწიფო კომპენსაციის ხარჯებიც შედის. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის ნოემბრის თვის მონაცემებით, სახელმწიფო კომპენსაციის სახით 88 მლნ ლარია გაცემული. თუ სახელმწიფო კომპენსაციის დანახარჯების ზრდის ტემპი არ შეიცვლება, მომავალ წელს სახელმწიფო კომპენსაციის დასაფინანსებლად დაახლოებით 98-100 მლნ ლარი საკმარისი იქნება. შესაბამისად, მომავალ წელს საპენსიო უზრუნველყოფისთვის და სახელმწიფო კომპენსაციებისთვის გამოყოფილი თანხა, 1 570 მლნ ლარი, მთლიანობაში საკმარისი იქნება ივლისიდან პენსიის 20 ლარით ზრდის დასაფინანსებლად.
მიმდინარე წლის სექტემბერში პენსია 10 ლარით (6.7%-ით), 160 ლარამდე გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 6.3% შეადგინა. ფასები სურსათზე 5.2%-ით, კომუნალურ მომსახურებაზე 9.2%-ით, ხოლო ჯანდაცვაზე 11.5 %-ით გაიზარდა. რამდენადაც სურსათი და მედიკამენტები საპენსიო ასაკის მოსახლეობის მოხმარების ძირითად ნაწილს შეადგენს, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პენსიის ნომინალური ზრდის მიუხედავად, მსყიდველუნარიანობის გათვალისწინებით, რეალურად პენსია არ გაზრდილა. აღნიშნულ თემაზე ფაქტ-მეტრი უკვე წერდა (იხ. სტატია).ბოლო ორი წლის მანძილზე, 2013 წლის სექტემბრიდან (როდესაც პენსია 150 ლარი გახდა) 2015 წლის ნოემბრამდე, ფასები დაახლოებით 10%-ით გაიზარდა, ხოლო მომავალ წელს ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით 5.5%-ია. ამდენად, გამოდის, რომ მთლიანობაში, 2013 წელთან შედარებით, ფასები დაახლოებით 16%-მდე გაიზრდება. ინფლაციის ასეთი დონის გათვალისწინებით, რეალურ მაჩვენებლებში, 2016 წლის ბოლოს 180 ლარის მსყიდველუნარიანობა იგივე იქნება, რაც 2013 წელს 151 ლარის მსყიდველუნარიანობა იყო. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ 2015-2016 წლებში პენსია ნომინალურ მაჩვენებლებში 30 ლარით იზრდება, რეალურად, მსყიდველუნარიანობის მიხედვით, პენსია ფაქტობრივად იგივე რჩება.
დასკვნა 2012
წლის სექტემბერში საპენსიო პაკეტის ფულადი კომპონენტი 110-125 ლარის ფარგლებში იყო. 2013 წლის სექტემბერში პენსია 150 ლარამდე, ხოლო მიმდინარე წლის სექტემბრიდან კი 160 ლარამდე გაიზარდა. მომავალი წლის ივლისიდან პენსიის 180 ლარამდე ზრდაა დაგეგმილი.
2016წლის ბიუჯეტის პროექტის ბოლო რედაქციით, საპენსიო ხარჯი 180 მლნ ლარით იზრდება, რაც 180 ლარამდე გაზრდილი პენსიის დასაფინანსებლად საკმარისია. სახელმწიფო გაზრდილ პენსიას გადასახადებიდან და პრივატიზაციიდან მიღებული შემოსავლების ზრდის ხარჯზე დააფინანსებს. საგადასახადო შემოსავლების გეგმის დროის მოკლევადიან მონაკვეთში 2.6%-ით ზრდა შეიძლება გარკვეულ კითხვებს ბადებს, თუმცა ფაქტ-მეტრი, ამ ეტაპზე, მოცემულ საკითხზე მსჯელობაში არ შევა და ამ თემაზე მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს.
თუ 2013 წლის 150 ლარიანი პენსიის მსყიდველუნარიანობას 2016 წლის 180 ლარიან პენსიას შევადარებთ, ვნახავთ, რომ გაზრდილი ინფლაციის გამო, 2016 წლის ბოლოს 180 ლარს იგივე მსყიდველობითი უნარი ექნება, რაც 151 ლარს 2013 წელს ჰქონდა.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ნოდარ ხადურის განცხადება არის სიმართლე._________________________________ [1]
სახელმწიფო კომპენსაცია მოიცავს სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან დათხოვნილ პირთათვის, პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილი მუშაკებისთვის, უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირთათვის, მოსამართლეთათვის და სხვა კატეგორიის მოხელეთათვის კომპენსაციის სახით გაცემულ თანხებს.
[2] 2016 წელს პენსიონერთა რაოდენობის საპროგნოზო მაჩვენებელი გაანგარიშებულია გასული წლების საშუალო თვიური ზრდის ტემპის გათვალისწინებით.