საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ) გამოეხმაურა და აუდიტის სამსახური "იქით გააკრიტიკა". მოხსენებაში აღნიშნულია, რომ "საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ" მთავრობის დადგენილების მიღების ფონზე, პრემიების შემცირებული ოდენობის პარალელურად, მნიშვნელოვნად გაიზარდა გაცემული სახელფასო დანამატების მოცულობა.
ნოდარ ხადურის განცხადებას გენერალურმა აუდიტორმა, ლაშა თორდიამ "არაშესაფერისი შედარება" უწოდა და განმარტა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში შრომის ანაზღაურება დასახელებული მონაცემების შესაბამისად ნამდვილად გაიზარდა, თუმცა 4 წლიან ინტერვალში, 2012-დან 2016 წლამდე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებაში კი, რომელიც სხვა საჯარო უწყებებს ეხებოდა, საბაზისო მონაცემად წინა საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელია გამოყენებული.
ფაქტ-მეტრმა ამ საკითხის შესწავლა გადაწყვიტა.
2016წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, შრომის ანაზღაურების მუხლით, 11.8 მლნ ლარია გათვალისწინებული. 2012-2016 წლებში შრომის ანაზღაურების ცვლილების დინამიკა გრაფიკ 1-ზეა მოცემული.
გრაფიკი 1:
შრომის ანაზღაურება აუდიტის სამსახურში (ლარი)
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
როგორც გრაფიკიდან ჩანს, აუდიტის სამსახურში, 2016 წელს, წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით (2015 წელი), შრომის ანაზღაურება 14.55%-ით (1.15-ჯერ) იზრდება და 11.8 მლნ ლარს შეადგენს. 2012-2016 წლებში კი ზრდამ 131.3% შეადგინა და აღნიშნული მაჩვენებელი 4 წლის მანძილზე 2.3-ჯერ გაიზარდა. ანალოგიურ პერიოდში შრომის ანაზღაურება თითქმის ყველა მხარჯავ დაწესებულებაში, მათ შორის მთავრობის ადმინისტრაციასა და საქართველოს პარლამენტში, შესაბამისად, 80.5% და 162.4%-ით, გაიზარდა.
დასკვნა
სტატისტიკის მიხედვით, ნოდარ ხადურის მიერ მოყვანილი რიცხობრივი მონაცემები სიმართლეს შეესაბამება. მომავალ წელს, 2012 წელთან შედარებით, აუდიტის სამსახურში შრომის ანაზღაურება მართლაც 131%-ით იზრდება. თუმცა, 2016 წელს, უშუალოდ წინა წელთან შედარებით, შრომის ანაზღაურება აუდიტის სამსახურში 14.55%-ით (1.15-ჯერ) იზრდება.
როგორც აღვნიშნეთ, ფინანსთა მინისტრის მიერ დასახელებული მაჩვენებლები თანხვედრაშია ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებთან, თუმცა, თავად განცხადების კონტექსტი არასწორია. აუდიტის სამსახურის მოხსენებაში მოყვანილი მაჩვენებლების გაანგარიშებაში საბაზისო პერიოდად წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებია აღებული, ფინანსთა მინისტრი კი, პასუხად გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებაში, ზრდის ტემპის იმ მაჩვენებელზე მიუთითებს, რომელიც 4 წლიან ინტერვალში მომხდარ ცვლილებას ასახავს. ანალოგიურ ოთხწლიან პერიოდში შრომის ანაზღაურება თითქმის ყველა მხარჯავ დაწესებულებაში გაიზარდა და სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამ მხრივ გამონაკლისს არ წარმოადგენს.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ნოდარ ხადურის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.