და დასძინა: "განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომლის დახმარებითაც ჩვენს თაობას შეუნარჩუნდა 500-ზე მეტი ვაზის სახეობა. ჯერ კიდევ 7-8 წლის წინ, ბიძინა ივანიშვილმა ჯიღაურაში სანერგე მეურნეობა გააკეთა, სადაც რამდენიმე ათეული მილიონი ინვესტიციაა ჩადებული. მან ეს სანერგე მეურნეობა უსასყიდლოდ გადმოსცა სახელმწიფოს, რასაც მინდა მადლიერებით გავუსვა ხაზი".
ფაქტ-მეტრმა პრემიერის მიერ გაჟღერებული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრის დირექტორის, ლევან უჯმაჯურიძის ინფორმაციით, ა(ა)იპ "აგროსა" და შპს "აგრო ქართუს" ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრი, ფონდ "ქართუს" ფინანსური მხარდაჭერით, 2007 წელს დაარსდა. მისივე თქმით, სანერგე მეურნეობა სოფელ ჯიღაურაში 54 ჰექტარზეა განთავსებული. სანერგეში ვაზისა და ხეხილოვანი კულტურების ენდემური (სახეობები, რომლებიც მხოლოდ გარკვეულ ტერიტორიაზე იზრდებიან და სხვაგან არ გვხვდებიან) ჯიშების მოძიება, გამრავლება, კონსერვაცია, საძირეთა და სანამყენეთა ახალი ჯიშების და კლონების შერჩევა, სადედეების გაშენება-მოვლის უახლოესი ტექნოლოგიების რეალიზება და მცენარეთა ფოტოსანიტარული მონიტორინგი ხორციელდება. ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, მეურნეობაში ქართული ვაზის 437 ჯიში, უცხოური ვაზის 350 ჯიში, ასევე 300 სახის ხეხილოვანი, მათ შორის კურკოვანი და კენკროვანი კულტურაა გაშენებული.
2014 წლის თებერვალში ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჯიღაურას სანერგე მეურნეობა (ასევე წილკნისა და ახალქალაქის მეურნეობები) სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადასცა.ყოფილი პრემიერის მფლობელობაში, შპს "აგრო ქართუში" შემავალი სანერგე მეურნეობები ერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ-ს - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრს გადაეცა. ჯიღაურას სანერგე მეურნეობის კვლევითი პროექტების დაფინანსება სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ბიუჯეტიდან ხორციელდება. სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მეხილეობა-მევენახეობის დეპარტამენტის უფროსის, ზვიად ბობოქაშვილის ინფორმაციით, ჯიღაურას მეურნეობას 2014 წელს კვლევითი საქმიანობისთვის 540 000 ლარი, 2015 წელს კი 633 000 ლარი გამოეყო.
ჯიღაურას მეურნეობაში პერიოდულად მოწეული მოსავლის და ნერგების რეალიზაცია ხორციელდება. რადგან ჯიღაურას მეურნეობა სსიპ სამეცნიერო კვლევითი ცენტრის შემადგენლობაში შედის, მისი ქონების განკარგვის უფლება ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს პრეროგატივაა. ზვიად ბობოქაშვილის ინფორმაციით, სააგენტო ყოველწლიურად დაახლოებით 400 000 ლარის ნერგსა და ხილ-ბოსტნეულის რეალიზაციას ახდენს. ნერგების და ხილ-ბოსტნეულის გაყიდვის შესახებ ინფორმაცია სააგენტოს ვებგვერდზე წინასწარ ქვეყნდება.ჯიღაურას მეურნეობაში მოყვანილი ხილ-ბოსტნეულის და ნერგების შესყიდვა ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ჯიღაურას სანერგე მეურნეობა თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და მანქანა-დანადგარებით არის აღჭურვილი. მათივე ინფორმაციით, სახელმწიფოსთვის გადაცემულ ქონებაში 20 მილიონ ლარამდე ინვესტიციაა ჩადებული.
დასკვნა
ჯიღაურას სანერგე მეურნეობა ფონდ "ქართუს" ფინანსური მხარდაჭერით 2007 წელს შეიქმნა. აღნიშნულ მეურნეობაში 437 ქართული და 350 უცხოური ვაზის სახეობაა გაშენებული. ჯიღაურას სანერგე მეურნეობა 2014 წელს ყოფილმა პრემიერმა სახელმწიფოს გადასცა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება: "ბიძინა ივანიშვილმა ჯიღაურის სანერგე მეურნეობა უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს", არის სიმართლე.