თბილისის საკრებულოს წევრმა, ირაკლი ნადირაძემ, თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტზე საუბრისას განაცხადა: "დედაქალაქის 2016 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ორი საზოგადოებრივი ტუალეტის მშენებლობა, სადაც თითოეულის ღირებულება 50 ათას ლარს შეადგენს. ამ ფასად ვარკეთილში ორ ოთახიანი ბინის შეძენაა შესაძლებელი".
ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
16ნოემბერს თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2016 წლის ბიუჯეტის განხილვა დაიწყო. დოკუმენტის მიხედვით, მომავალ წელს თბილისისთვის 810 მილიონი ლარის გამოყოფა იგეგმება, რაც შარშანდელი წლის ბიუჯეტს 7 მილიონი ლარით აღემატება. ახალი ბიუჯეტის მიხედვით, ცვლილებები სხვადასხვა სფეროებს შეეხო. მაგალითად, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისთვის დამატებით 20 მილიონი ლარია განსაზღვრული, ახალი ობიექტების მშენებლობის და ავარიული სახლების რეაბილიტაციითვის კი მომავალ წელს 29 მილიონი ლარით ნაკლები დაიხარჯება.
თბილისის მერიის მიერ საკრებულოსთვის წარდგენილ საბიუჯეტო პროექტში სხვადასხვა კეთილმოწყობის ღონისძიებების განხორციელებისთვის 4.5 მლნ ლარია გათვალისწინებული, საიდანაც 100 ათასი ლარი თბილისის მასშტაბით ორი საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოწყობას უნდა მოხმარდეს (202 გვ). თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, თბილისის რომელ ნაწილში მოხდება მათი განთავსება. ამ სამუშაოსთვის განკუთვნილი ხარჯების ანაზღაურება დედაქალაქის ხაზინიდან მოხდება. მედიასთან საუბარისას,დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ "ორი საზოგადოებრივი ტუალეტი ნამდვილად არ იქნება", თუმცა სხვა დეტალები მას არ დაუკონკრეტებია. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ კი განაცხადა, რომ ამ თემაზე დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს. სველი წერტილების მოწყობის გარდა, თბილისის 2016 წლის ბიუჯეტში დამატებითი თანხები გამოყოფილია საზოგადოებრივი ტუალეტების მოვლა-პატრონობისთვისაც. დოკუმენტის მიხედვით (გვ. 218), მომავალ წელს ამ მიმართულებით 60 ათასი ლარი დაიხარჯება.
2016წლის ბიუჯეტის განხილვა დედაქალაქის საკრებულოში გასულ კვირას დაიწყო და ის 25 ნოემბრამდე გაგრძელდება. საკრებულოს შენიშვნების გასათვალისწინებლად და დოკუმენტის საბოლოო სახით შემუშავებისთვის მერიას დრო 10 დეკემბრამდე აქვს.
უძრავი ქონების სააგენტოების ვებგვერდებზე ფაქტ-მეტრმა დედაქალაქის გარეუბნებში გასაყიდი ბინების ფასებიც მიმოიხილა. როგორც აღმოჩნდა, თითოეული საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოსაწყობად ბიუჯეტში გათვალისწინებული თანხით (50 ათასი ლარი), ისანი-სამგორის რაიონში მართლაც შესაძლებელია ერთ ან ორ ოთახიანი ბინის შეძენა.
დასკვნა
თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა გრძელდება. დღეის მდგომარეობით, თბილისის მერიის მიერ საკრებულოსთვის წარდგენილ საბიუჯეტო დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მომავალ წელს დედაქალქში ორი საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოწყობაა დაგეგმილი. თითოეულის ღირებულება 50 ათას ლარს შეადგენს.
ფაქტ-მეტრი საჭიროდ მიიჩნევს თბილისში ახალი საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწყობას, რომლებსაც საკუთარი შემოსავალი ექნებათ და ამ შემოსავლით შესაძლებელი იქნება მათი სათანადოდ მოვლა. თუმცა, 100 ათასი ლარი (შესაბამისი ხარჯთეფექტურობის ანალიზის გარეშე) სცდება 2 საპირფარეშოსთვის საჭირო რესურსებს და ეჭვებს აჩენს არამიზნობრივ და გაუაზრებელ ხარჯვაზე.
არსებული ინფორმაციიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის, ირაკლი ნადირაძის განცხადება არის სიმართლე.