საგარეჯოს მოსახლეობასთან შეხვედრისას, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: "

ჩვენ ბოლო სამი წლის განმავლობაში დავაგეთ იმაზე მეტი გზა და ხიდი, ვიდრე სააკაშვილმა ცხრა წლის განმავლობაში. მაგრამ ჩვენ, მისგან განსხვავებით, გზას, ხიდებს და ა.შ. არ ვხსნით სხვადასხვა ხედებით. ეს არის ჩვენი მთავრობის მუშაობის სტილი. ჩვენ გელაპარაკებით მხოლოდ სიმართლეს".

მკითხველთა თხოვნის საფუძველზე, ფაქტ-მეტრმა ირაკლი ღარიბაშვილის ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

განცხადების გადასამოწმებლად, საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან 2004-2015 წლებში დაგებულ-რეაბილიტირებული გზების და ხიდების სტატისტიკა გამოვითხოვეთ. აქვე აღსანიშნავია, რომ ამ უწყების სტატისტიკა არ მოიცავს ინფორმაციას იმ შიდა (ადგილობრივი მნიშვნელობის) გზების და ხიდების შესახებ, რომლებიც მუნიციპალიტეტების ადგილობრივი სახსრებით რეაბილიტირდა. იმის გამო, რომ ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტიდან ინფორმაციის ცალცალკე გამოთხოვა კვლევის პროცესს გააჭიანურებდა, ჩვენ მხოლოდ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მონაცემებს ვეყრდნობით.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2004-2012 წლებში სულ 3 434 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია და პერიოდული შეკეთება განხორციელდა. ასევე, რეაბილიტირდა 484 ხიდი, ახალი საავტომობილო ხიდი კი ამ პერიოდში არ აშენებულა.

ცხრილი 1: 2004-2012

წლებში რეაბილიტირებული გზის (კილომეტრები) და ხიდების რაოდენობა

image001

აქვე აღსანიშნავია, რომ დეპარტამენტისვე ინფორმაციით, 2009-2010 წლებში, ფონდ "ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს" გზების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია 220 კმ საავტომობილო გზას ჩაუტარდა. 2004-2012 წლებში, სულ 3 654 კმ გზის რეაბილიტაცია მოხდა.

რაც შეეხება 2013-2015 წლების სტატისტიკას, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სულ 730.3 კმ გზა და 109 სახიდე გადასასვლელი იქნა რეაბილიტირებული. ასევე, ამავე წლებში 23 ახალი ხიდი აშენდა.

ცხრილი 2: 2013-2015

წლებში რეაბილიტირებული გზა (კილომეტრებში) და ხიდები

წელი რეაბილიტირებული გზა რეაბილიტირებული სახიდე გადასავლელი ახალი ხიდი
2013 260 კმ 45 9
2014 265 კმ 42 11
2015 (ოქტომბერი) 205.3 კმ 22 3
სულ 730.3 კმ 109 23

ჩვენ, ასევე, საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან 2006-2015 წლებში ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე მიმდინარე სამშენებლო აქტივობის და უკვე დასრულებული საგზაო მონაკვეთების სტატისტიკაც გამოვითხოვეთ.

ცხრილი 3: 2006-2015

წლებში ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე მიმდინარე სამშენებლო აქტივობა და დასრულებული გზა (კმ)

წელი აქტივობა დასრულებული
2006-2012 280 კმ 68.5 კმ
2013-2015 (ოქტომბერი) 321 კმ 85.2 კმ

როგორც სტატისტიკიდან ჩანს, 2013-2015 წლებში ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე  სამშენებლო აქტივობა 41 კმ-ით მეტ გზის მონაკვეთზე მიმდინარეობდა და მოძრაობაც 16.7 კმ-ით მეტ სიგრძის გზაზე გაიხსნა, ვიდრე 2006-2012 წლებში ("ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში). თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროისთვის დასრულებული მონაკვეთების დიდი ნაწილის მშენებლობა 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე დაიგეგმა და დაიწყო (ამის შესახებ ფაქტ-მეტრი უკვე წერდა).

მაგისტრალის უმეტესი მონაკვეთის მშენებლობისთვის საჭირო თანხების მოძიება და გამოყოფა 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე მოხდა (გარდა სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის (კმ 0 - კმ 50) მოდერნიზაცია-მშენებლობისა და აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებისა).

დასკვნა 2004-2012

წლებში სულ 3 654 კმ გზის რეაბილიტაცია განხორციელდა, 2013 წლიდან 2015 წლის ოქტომბრის ჩათვლით კი, 730.3 კმ გზა რეაბილიტირდა. რაც შეეხება ხიდებს, 2004-2012 წლებში 484 ხიდის რეაბილიტაცია მოხდა და ახალი  ხიდი არ აშენებულა. 2013-2015 წლებში კი, 23 ახალი ხიდი აშენდა და 109 რეაბილიტირდა.

რაც შეეხება ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე განხორციელებულ სამუშაოებს, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მოძრაობა 16.7 კმ-ით მეტ გზაზე გაიხსნა, ვიდრე 2006-2012 წლებში. თუმცა, აღსანიშნავია, რომ დასრულებული მონაკვეთების დიდი ნაწილის მშენებლობა 2012 წლის 1 ოქტომბრამდე დაიგეგმა და დაიწყო.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის მეტწილად მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი