ფაქტ-მეტრმა მინისტრის ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
ფინანსთა სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც თამბაქოს ნაწარმზე, ალაოს ლუდზე, სპირტიან სასმელებსა და სხვა ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის გადასახადის ზრდას ითვალისწინებდა, ძალაში 2015 წლის 1 იანვრიდან შევიდა. 1 იანვრიდან თამბაქოს აქციზის განაკვეთი გაიზარდა (იხ. ფაქტ-მეტრის სტატია ამ თემაზე), ხოლო ალაოს ლუდსა და სხვა ტიპის ალკოჰოლურ სასმელებზე რეგულაციები 1 მარტიდან ამოქმედდა. ლუდზე აქციზის ზრდასთან დაკავშირებით ფაქტ-მეტრი უკვე წერდა. საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანამდე, 1 ლიტრ ლუდზე აქციზის გადასახადი 40 თეთრს შეადგენდა,ცვლილების შედეგად კი, აქციზის გადასახადი 50%-ით (ანუ 20 თეთრით) გაიზარდა და 60 თეთრი გახდა.
საქართველოში ლუდის ბაზრის მოცულობა 2006-2014 წლებში 45%-ით გაიზარდა. ბაზარი ყოველწლიურად იზრდებოდა, გამონაკლისი მხოლოდ 2010 წელი იყო (2010 წელს ლუდზე აქციზმა მოიმატა და 20 თეთრის ნაცვლად, 40 თეთრი გახდა). 2011-2014 წლებში ლუდის მოხმარება წელიწადში 100-105 მლნ ლიტრს შორის მერყეობდა. დღევანდელი მდგომარეობით, იმპორტირებულ ლუდს ბაზრის მხოლოდ 3% უჭირავს, 97% კი ადგილობრივ წარმოებაზე მოდის.
გრაფიკი 1:
ლუდის ბაზრის დინამიკა საქართველოში 2006-2014 წლებში (მლნ ლიტრი)
როგორც აღვნიშნეთ, ალაოს ლუდზე აქციზი 2015 წლის მარტიდან გაიზარდა. იმის საილუსტრაციოდ, იქონია თუ არა გავლენა ამ ცვლილებამ ლუდის ბაზარზე, 2015 წლის მარტი-სექტემბრის მონაცემები მიმოვიხილეთ და წინა წლის ანალოგიურ პერიოდს შევადარეთ.
ცხრილი 1:
ლუდის ბაზრის დინამიკა ლიტრებში გადახდილი აქციზის მიხედვით 2014-2015 წლებში (მარტი-სექტემბერი)
წელი | თვე | ლუდის ბაზარი (მლნ ლიტრი) |
2014 | მარტ./სექ. | 70.7 |
2015 | მარტ./სექ. | 61.2 |
სხვაობა % | -15% |
როგორც ცხრილიდან ჩანს, 2015 წლის მარტ-სექტემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (აქციზის გაზრდამდე პერიოდი) ლუდის ბაზარი 15%-ით შემცირდა.
აღსანიშნავია, რომ 2015 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ალაოს ლუდზე, ალკოჰოლურ სასმელსა და ეთილის სპირტზე აქციზის გადასახადის ზრდას ბიუჯეტში დამატებით 30-40 მილიონი ლარის მობილიზება უნდა მოეხდინა.ალაოს ლუდის აქციზის გადასახადის ზრდის შედეგად მიღებული შემოსავალი (2015 წლის 9 თვე) წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს მხოლოდ 5.9 მლნ ლარით აღემატება, ანუ 16.7%-ით არის გაზრდილი.
ცხრილი 2:
ლუდის წარმოებიდან გადახილი გადასახადები 2014-2015 წლები (მლნ ლარი)
გადასახადის დასახელება | 2014 (9 თვე) | 2015 (9 თვე) | სხვაობა % |
აქციზის გადასახადი | 35.3 | 41.2 | 16.7% |
დღგ | 22 | 18.4 | -16.4% |
საშემოსავლო | 4.6 | 4.7 | 1.2% |
ლუდის ბაზარზე გავლენა კიდევ ერთმა რეგულაციამ მოახდინა. 2014 წლის სექტემბრიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 171-
ე მუხლი ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივ ადგილებში ლუდის სმა აიკრძალა, ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის უფლება კი აქტის დამწერს, ანუ პოლიციელს მიეცა. ამ კანონის ამოქმედებს შემდეგ, 2014 წლის ოქტომბერ-ნოემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (როდესაც ეს ნორმა არ მოქმედებდა), ლუდის მოხმარება 26-28 %-ით შემცირდა.
ცხრილი 3:
ლუდის მოხმარება ლიტრებში, 2013-2014 წლებში (სექტემბერი-ნოემბერი)
თვე | 2013 | 2014 | სხვაობა | სხვაობა % |
სექტემბერი | 8 032 585 | 8 192 056 | 159 471 | 2% |
ოქტომბერი | 5 828 914 | 4 285 105 | -1 543 809 | -26.5% |
ნოემბერი | 4 467 156 | 3 568 586 | -1 398 571 | -28.2% |
საკითხის შესწავლისას ჩვენ კომპანია "ნატახტარის" კორპორაციულ საქმეთა დირექტორს, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილსაც დავუკავშირდით და საგადასახადო ცვლილების კომენტირება ვთხოვეთ. მისი განმარტებით, ალაოს ლუდზე აქციზის გაზრდა არაკონსტრუქციული ნაბიჯი იყო. "ლუდზე აქციზის გაზრდამ გამოიწვია ის, რომ ლუდის მწარმოებლები იძულებული გახდნენ ლუდზე ფასი გაეზარდათ. შედეგად, შემცირებული ლუდის ბაზარი მივიღეთ. ბოლო 9 თვის მონაცემით, 19%-იანი შემცირება გვაქვს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის ფისკალური ეფექტი, რასაც ბიუჯეტი ამ ცვლილებით ელოდა, მიღწეული ვერ იქნება" - განაცხადა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.
როგორც აღვნიშნეთ, აქციზის ზრდამ ლუდის ბაზარზე ზეგავლენა 2010 წელსაც მოახდინა და ბაზრის შემცირება გამოიწვია. თუმცა, მომდევნო წლები (აქციზის ხელახალ გაძვირებამდე), კვლავ ბაზრის ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა. როგორ განვითარდება მოვლენები ამჯერად, ამას მომავალი გვიჩვენებს. ფაქტია, რომ განხორციელებულმა ცვლილებებმა ადგილობრივი მრეწველობის ერთ-ერთ წარმატებულ დარგს გარკვეული პრობლემები შეუქმნა. მთავრობამ ალბათ უნდა გააანალიზოს, აქციზის ზრდის შედეგად მიღებული ფისკალური ეფექტი მეტია თუ ის უარყოფითი შედეგი, რაც ლუდის ბიზნესისთვის ამ ცვლილებამ გამოიწვია.
დასკვნა 2015
წლის 1 მარტიდან ალაოს ლუდზე აქციზის განაკვეთი 50%-ით გაიზარდა და 1 ლიტრზე 60 თეთრი გახდა. აქციზის გაზრდის შემდეგ, 2015 წლის მარტიდან, ლუდის მოხმარება 15%-ით (2015 წლის 9 თვის მონაცემით კი 19%-ით) შემცირდა.
ლუდის მოხმარებაზე ზეგავლენა საზოგადოებრივ ადგილებში ლუდის სმის აკრძალვამაც მოახდინა (ამ რეგულაციის ამოქმედების შემდეგ ლუდის ბაზარი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26-28%-ით შემცირდა). ამას დაემატა ლარის გაუფასურებით გამოწვეული შემცირებული მსყიდველუნარიანობა. აქედან გამომდინარე, ალაოს ლუდზე აქციზის ზრდა ლუდის მოხმარების შემცირების ერთადერთი ფაქტორი არ ყოფილა, თუმცა ლუდის ბაზრის შემცირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ნამდვილად იყო. ლუდის ბაზრის შემცირების ძირითად მიზეზად სწორედ ლუდზე აქციზის ზრდას ასახელებს თავის კვლევაში"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოც".
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ნოდარ ხადურის განცხადება არის მცდარი.