პარლამენტის სხდომაზე მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, რომ მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა კომპანიების მიერ აპარატურის შესყიდვის ხარჯზე მოხდა, ხოლო ახალ სავალუტო შემოდინებებს ადგილი არ ჰქონია.
ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, გარდა იმისა, რომ ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას, ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროსაც წარმოადგენს. მიმდინარე წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, ქვეყანაში 530 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 25 მლნ აშშ დოლარით (5%-ით) აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. პირველ კვარტალში ინვესტიციების მოცულობა წინა წელთან შედარებით 43%-ით შემცირდა და 175 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო მეორე კვარტალში 355 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მონაცემზე 81%-ით მეტია. ეკონომიკის სექტორების მიხედვით ყველაზე მეტი ინვესტიცია (354 მლნ დოლარი) ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდა, რაც ქვეყანაში შემოსული ინვესტიციების საერთო მოცულობის 67%-ს შეადგენს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახური პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაანგარიშებისას საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიასეყრდნობა. პირდაპირ უცხოურ ინვესტიციად კლასიფიცირდება არარეზიდენტის მიერ საქართველოს საწარმოში განხორციელებული ინვესტიცია, რომელიც საწარმოს საწესდებო კაპიტალის 10%-ს აღემატება. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემდეგ კომპონენტებს მოიცავს: საწარმოს სააქციო კაპიტალი, რეინვესტირებული შემოსავლები და სავალო ინსტრუმენტები (სავაჭრო კრედიტები და სასესხო ოპერაციები).
ზოგიერთი სახის ფინანსური ოპერაცია შესაძლოა კლასიფიცირდეს როგორც პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, თუმცა მისი გავლენა ეკონომიკაზე განსხვავებული იყოს. კერძოდ, ინვესტორის მიერ ახალი საწარმოს დაარსება ან არსებულ საწარმოში წილის შესყიდვა,ასევე პირდაპირი ინვესტორის მიერ საწარმოსთვის სესხის მიცემა ზრდის სავალუტო ნაკადებს და ვალუტის კურსზე დადებითი გავლენა აქვს. რეინვესტირებული შემოსავალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ერთ-ერთი კომპონენტია. მართალია, შემოსავლის რეინვესტირება უცხოური ვალუტის ახალ ნაკადებს არ წარმოშობს, თუმცა ეროვნული ვალუტის კურსზე მას მაინც დადებითი გავლენა აქვს. უცხოელ ინვესტორს საწარმოდან მიღებული შემოსავლების რეინვესტირება რომ არ მოეხდინა, ის ამ თანხას ქვეყნიდან გაიტანდა, რაც უცხოური ვალუტის გადინებას გაზრდიდა და ლარის კურსზე უარყოფითად იმოქმედებდა.
ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ თუ აქამდე სტატისტიკის ეროვნული სამსახურისთვის ინფორმაციის მიწოდება საწარმოებისთვის ნებაყოფლობითი იყო, მიმდინარე წლის მეორე კვარტლიდან საწარმოები ვალდებულნი არიან საქსტატს მოთხოვნილი ინფორმაცია გადასცენ. აღნიშნული ცვლილების შედეგად, საქსტატისთვის მიწოდებული ინფორმაციის რაოდენობა გაიზარდა და ამან ინვესტიციების სტატისტიკაზეც მოახდინა გავლენა.
ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე წარმოდგენილია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკა კომპონენტების მიხედვით, 2009-2015 წლებისთვის.
გრაფიკი 1:
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები კომპონენტების მიხედვით, 2009-2015 წლები
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
როგორც გრაფიკიდან ჩანს, რეინვესტირება 2010-1012 წლებში განხორციელებული ინვესტიციების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდა. 2010 წელს რეინვესტირებულმა შემოსავლებმა ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 28% შეადგინა, ხოლო 2011 წელს რეინვესტირებული შემოსავლების წილი 30% იყო.
მიმდინარე წლის პირველ ორ კვარტალში 530 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 49% საწარმოს სააქციო კაპიტალის ზრდაზე, 32% (169 მლნ აშშ დოლარი) რეინვესტიციაზე, ხოლო 19% სავაჭრო კრედიტებისა და სასესხო ოპერაციებით მიღებულ შემოსავლებზე (რომელიც სხვა კაპიტალის მუხლში კლასიფიცირდება) მოდიოდა.
მიუხედავად იმისა, რომ მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში არ გამყარებულა. მაისში წინა თვესთან შედარებით ლარი 2.9%-ით გაუფასურდა და გაცვლითმა კურსმა 2.32 შეადგინა. ივნის-ივლისში ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა, თუმცა აგვისტოს თვიდან გაუფასურების ტენდენცია კვლავ გაგრძელდა.
გრაფიკი 2:
ლარის საშუალო თვიური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
უნდა აღვნიშნოთ, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არ არის სავალუტო შემოდინების ერთადერთი წყარო და შესაბამისად კურსზე გავლენას სხვა ფაქტორებიც ახდენენ. კერძოდ; ქვეყნის საგარეო ვაჭრობის დინამიკა და ქვეყნის სავალუტო შემოსავლები საზღვარგარეთიდან (ტურიზმი, ფულადი გზავნილები). ორი კვარტლის ჯამური მონაცემებით, ინვესტიციები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მხოლოდ 5%-ით გაიზარდა. უმნიშვნელოდ, 3%-ით, გაიზარდა შემოსავლები ტურიზმიდან, ხოლო სატრანსპორტო და კავშირგაბმულობის მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები შემცირდა. სავაჭრო სალდო 2%-ით, ხოლო მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.4%-ით გაუარესდა. საგადამხდელო ბალანსის მესამე კვარტლის სტატისტიკა ჯერჯერობით გამოქვეყნებული არ არის, თუმცა ლარის კურსის დინამიკიდან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სავალუტო შემოდინებები მესამე კვარტალში შემცირდა.
მეორე კვარტალში კავშირგაბმულობის სექტორში მართლაც 207 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, თუმცა კონკრეტულად რომელი კომპონენტის ხარჯზე მოხდა ინვესტიციების ზრდა და რაში დაიხარჯა აღნიშნული თანხა, ამის ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს. შესაბამისად, დეპუტატის განცხადების ის ნაწილი, სადაც აღნიშნულია, რომ 207 მლნ დოლარი აპარატურის შესყიდვას მოხმარდა, გადამოწმებას არ ექვემდებარება.
ზოგადად, საქართველო არ არის მაღალი ტექნოლოგიების მწარმოებელი ქვეყანა და საწარმოს გადაიარაღებისა და ნორმალურად ფუნქციონირებისთვის საჭირო ტექნიკისა და აპარატურის ძირითადი ნაწილი ქვეყანაში იმპორტით შემოდის. შესაბამისად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაწილი ტექნიკის შესყიდვაზე მიემართება, რაც იმპორტს ზრდის. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიების მიერ ტექნიკისა და დანადგარების იმპორტი ქვეყნიდან უცხოური ვალუტის გადინებას იწვევს, ეს უარყოფითი მოვლენა არ არის, რადგან საწარმოების ტექნიკური აღჭურვა და გადაიარაღება ზრდის მწარმოებლურობას და ეკონომიკაზე დადებითად მოქმედებს.
დასკვნა
საქსტატი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაანგარიშებისას საერთაშორისო მეთოდოლოგიით განსაზღვრულ სტანდარტებს ეყრდნობა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები რამდენიმე კომპონენტს მოიცავს, მათ შორის არის რეინვესტირებული შემოსავლები (მათ შორის გრძელვადიანი საწარმოო საშუალებების შესყიდვა, მაგალითად აპარატურის), რომელიც სავალუტო შემოდინების ახალ ნაკადებს არ წარმოშობს, თუმცა ამცირებს ქვეყნიდან კაპიტალის გადინებას. შემოსავლების რეინვესტირება ეკონომიკისთვის დადებითი ფაქტორია. მიმდინარე წელს რეინვესტირებული შემოსავლების წილმა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 32% შეადგინა. ასევე, ანალოგიური წილი მოდიოდა რეინვესტიციაზე 2010-2011 წლებშიც.
რაც შეეხება ინვესტიციების გავლენას ლარის კურსზე, უნდა აღვნიშნოთ რომ ინვესტიციებთან ერთად კურსზე გავლენას ახდენენ ისეთ ფაქტორები როგორიცაა იმპორტ-ექსპორტის დინამიკა, ფულადი გზავნილები და სხვა შემოსავლები საზღვარგარეთიდან. საგადასახდელო ბალანსის ორი კვარტლის მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოში დაახლოებით 165 მილიონი დოლარით ნაკლები შემოვიდა, ვიდრე გავიდა, რაც შესაბამისად აისახა ლარის კურსზე.
რაც შეეხება განცხადების იმ ნაწილს, რომ 207 მლნ აშშ დოლარი აპარატურის შესყიდვას მოხმარდა, სტატისტიკური მონაცემების უქონლობის გამო მისი გადამოწმება შეუძლებელია. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ზოგადად საქართველო იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა და საწარმოს მანქანა-დანადგარებს და ტექნიკის ძირითად ნაწილს საზღვარგარეთიდან ყიდულობს. მართალია, ტექნიკის შესყიდვა ზრდის იმპორტს, მაგრამ მეორეს მხრივ დადებითად მოქმედებს მწარმოებლურობასა და ეკონომიკაზე. ზოგადად, უცხოური ინვესტიციების ძირითად დანიშნულებაც ეკონომიკის სტიმულირება და მწარმოებლურობის ზრდაა.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ მიხეილ მაჭავარიანის განცხადება მეტწილად მცდარია.