ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საგარეო საქმეთა მდივანმა, გიგა ბოკერიამ, სასამართლოების მიერ გამოტანილ განაჩენებზე ისაუბრა. ის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოში გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა იყო 0.1% და ეს მაჩვენებელი ახალი ხელისუფლების პირობებში გაიზარდა. გიგა ბოკერიას განცხადებით, "დიდი ტყუილია, თითქოს გამამართლებელი განაჩენების რიცხვი გაიზარდა, ეს არის სიცრუე, შეგიძლიათ იხილოთ უზენაესი სასამართლოს სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, პირიქით შემცირდა გამამართლებელი განაჩენები". მისივე თქმით, გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა 2011, 2012 და 2013 წლებთან შედარებით შემცირებულია და 2014 წლის მონაცემებით, გამამართლებელი განაჩენების მაჩვენებელი 1.5%-ს შეადგენდა.
ფაქტ-მეტრი გიგა ბოკერიას განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა.
სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის არსებითად განხილული საქმეების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია უზენაესი სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. 2015 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით,სასამართლოს მიერ არსებითად განხილული საქმეების რაოდენობამ 3 532 შეადგინა (მათ შორის 3 986 პირი). მათგან, გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა 83 (2.3%), ხოლო ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა კი, 70 იყო (2.0%).
ცხრილი 1:
სასამართლოს მიერ არსებითად განხილული საქმეები (2014-2015 წლები, 9თვე)
გამამართლებელი განაჩენები | |||||
წელი | არსებითად განხილული საქმეები | გამამართლებელი | % | ნაწილობრივ გამამართლებელი | % |
2015 | 3 532 | 83 | 2.3 | 70 | 2.0 |
2014 | 3 248 | 56 | 1.7 | 67 | 2.1 |
როგორც ცხრილიდან ჩანს, 2015 წლის 9 თვის მონაცემებით, გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა 2014 წლის 9 თვესთან შედარებით 27 ერთეულით, ხოლო ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა კი 3 ერთეულით გაიზარდა.
2007-2014წლებში გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა კი ასე გამოიყურება:
ცხრილი 2:
გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა 2007-2014 წლებში
გამამართლებელი განაჩენები | |||||
წელი | არსებითად განხილული საქმეები | გამამართლებელი | % | ნაწილობრივ გამამართლებელი | % |
2007 | 9 344 | 9 | 0.1 | - | - |
2008 | 8 645 | 21 | 0.2 | 183 | 2.1 |
2009 | 6 720 | 9 | 0.1 | 75 | 1.1 |
2010 | 3 495 | 7 | 0.2 | 30 | 0.9 |
2011 | 1 854 | 47 | 2.5 | 19 | 1.0 |
2012 | 1 149 | 90 | 7.8 | 14 | 1.2 |
2013 | 1 813 | 37 | 2.0 | 42 | 2.3 |
2014 | 4 655 | 76 | 1.6 | 90 | 1.9 |
როგორც ცხრილიდან ჩანს, გამამართლებელი განაჩენების ყველაზე დაბალი პროცენტული მაჩვენებელი (0.1 – 0.2 %) 2007-2010 წლებში დაფიქსირდა. 2011 წელს მონაცემები 2.5%-მდე გაიზარდა. 2012 წელს გამამართლებელი განაჩენების პროცენტული მაჩვენებელი გასამმაგდა და 7.8%-ს მიაღწია. აღნიშნული მაჩვენებელი 2013 წელს მნიშვნელოვნად შემცირდა და 2.0% გახდა, 2014 წელს კი, გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა 1.6%-მდე შემცირდა. 2015 წლის 9 თვის მონაცემებით, გამამართლებელი განაჩენების პროცენტული მონაცემი 0.6%-ით, 2.3%-მდე გაიზრდა.
დასკვნა 2014
წელს სასამართლოს მიერ არსებითად განხილული საქმეებიდან გამამართლებელი განაჩენების (4 655) პროცენტული წილი 1.6% იყო. აღნიშნული მონაცემები მართლაც ჩამორჩება 2013, 2012 და 2011 წლების მაჩვენებლებს. აქვე აღსანიშნავია, რომ გიგა ბოკერია გამამართლებელ განაჩენებზე საუბრისას მხოლოდ 2011-2014 წლის მონაცემებზე საუბრობს და ყურადღებას აღარ ამახვილებს 2015 წლის 9 თვის მონაცემებზე. 2015 წლის 9 თვის მონაცემებით, გამამართლებელი განაჩენების პროცენტულმა მაჩვენებელმა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.6%-ით მოიმატა და 2.3% შეადგინა. თავის განცხადებაში, ეკა ბესელიამ ყველაზე დაბალ მონაცემზე (0.1%) მიუთითა და არაფერი თქვა 2011-2012 წლებზე, როდესაც გამამართლებელი განაჩენების პროცენტული მაჩვენებელი ჯერ 2.5, შემდეგ 7.8%-მდე გაიზარდა. ამასთან, მან გვერდი აუარა ბოლო წლებში გამამართლებელი განაჩენების კლების ტენდენციას.
ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ გიგა ბოკერიას განცხადება არის მეტწილად სიმართლე.