პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დეპუტატმა ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა: "2014 წელს გამოქვეყნდა არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი. ეს იყო ეუთოს სასამართლოების მონიტორინგის ანგარიში, ევროკავშირის 2014 წლის ადამიანის უფლებათა ანგარიში, 2014 წლის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, აგრეთვე ევროსაბჭოს დოკუმენტები და სხვა საერთაშორისო  ორგანიზაციების ანგარიშები, სადაც ნათქვამია, რომ პოლიტიზებული პროკურატურა ხელს უშლის და აფერხებს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას".

ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

ეუთოს 2014 წლის სასამართლო პროცესების მონიტორინგის ანგარიში

ისეთ კონკრეტულ შემთხვევებზე საუბრობს, რომლებიც პროკურატურაზე პოლიტიკურ ზეწოლად შეიძლება იყოს აღქმული. მაგალითად, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "მონიტორინგის პერიოდში, მედიამ გააშუქა მოქმედ ქართველ მაღალჩინოსანთა მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები ყოფილი პრეზიდენტისა და პოლიტიკური ოპოზიციის სხვა წევრების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელების შესაძლებლობის შესახებ. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო თანამდებობის პირებმა თავი შეიკავონ საჯარო განცხადებებისგან, რაც ეჭვს წარმოშობს სასამართლო სისტემის ხელშეუხებლობის მიმართ და შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ მათ გააჩნიათ უფლებამოსილება, პროკურატურის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩაერიონ".

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2014 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ კონსტიტუცია და კანონი შერჩევით დაჭერებს და პატიმრობას კრძალავს, რასაც საქართველოს ხელისუფლება თანმიმდევრულად არ ითვალისწინებდა. ამ კონტექსტში განსაკუთრებით გამოყოფილია პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ არსებული სისხლის სამართლებრივი დავები, სადაც სახეზეა როგორც უფლებრივი, ასევე პროცესუალური დარღვევები. იგივე თემაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2014 წლის 12 სექტემბერს სპეციალური განცხადება

გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ პოლიტიკურად მოტივირებული დევნა საფრთხის ქვეშ აყენებს ქართულ დემოკრატიას.

ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ, ევროკომისიამ, 2014 წელს გამოაქვეყნა დოკუმენტი - "

ევროპის  სამეზობლო პოლიტიკის განხორციელება საქართველოში", სადაც ნათქვამია, რომ პროკურატურის საქმიანობა უნდა იყოს გამჭვირვალე და პოლიტიკური მოტივაციისგან თავისუფალი, სისხლის სამართლებრივი დევნა კი მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა ხორციელდებოდეს. ანგარიშში ევროკომისია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ დაასრულოს პროკურატურის რეფორმირება და უზრუნველყოს მისი ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე (გვ. 5).

2014 წელს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ სპეციალური რეზოლუცია

მიიღო. დოკუმენტის მიხედვით, გენერალური ასაბლეა შეშფოთებულია იმ განცხადებებით, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე მიუთითებენ და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ დაწყებული საქმეები იყოს გამჭვირვალე, მიუკერძოებელი და სამართლიან სასამართლოს პრინციპზე დაფუძნებული (გვ. 10). რეზოლუციაში ნახსენებია მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის, გიგი უგულავას, ბაჩო ახალაიას და ზურაბ ადეიშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმეები.

გარდა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული ანგარიშებისა, 2014 წელს ამ თემაზე კომენტარი მაღალი რანგის ევროპელმა თანამდებობის პირებმაც გააკეთეს. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ფედერიკა მოგერინის განცხადებით, სისხლის სამართლებრივი დევნა გამჭვირვალე და პოლიტიკური ზეგავლენისგან თავისუფალი უნდა იყოს, ბრალდება კი მტკიცებულებებს უნდა ეფუძნებოდეს, რისი ვალდებულებაც საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებითაც აქვს ნაკისრი. პოლიტიკური დევნის ნეგატიურ შედეგებზე კომენტარი

გააკეთა შვედეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა. იგი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის პასუხისგებაში მიცემის ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ  მისი აზრით მსგავსი პროცესები საქართველოსთვის ზიანის მომტანია.

დასკვნა

ჩიორა თაქთაქიშვილი მართალია, როდესაც აღნიშნულ ანგარიშებში არსებულ რეკომენდაციებზე უთითებს. ტექსტებში მართლაც ვხვდებით ეჭვებსა და შეშფოთებებს პროკურატურის პოლიტიზების, შერჩევითი სამართლის და პოლიტიკური ნიშნით დევნის  შესახებ.

დეპუტატი ზუსტი არ არის, როდესაც ამბობს, რომ აღნიშნულ დოკუმენტებში საუბარია პოლიტიზებულ პროკურატურაზე, როგორც ქვეყნის დასავლური ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვან შემაფერხებელ ელემენტზე. მიუხედავად იმისა, რომ  ტექსტებში ცალსახად გვხვდება შენიშვნები პროკურატურის პოლიტიკური ზეგავლენისა და შერჩევითი სამართლის შემთხვევების შესახებ, რაც დამაზიანებელია როგორც ქართული დემოკრატიისთვის, ისე ქვეყნის იმიჯისთვის, ინტეგრაციული პროცესის შეფერხებასთან მათი პირდაპირი დაკავშირება 2014 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშებში არ გვხვდება.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5663 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია