საკრებულოს დეპუტატმა ირაკლი აბესაძემ, "რუსთავი 2"-ის ეთერში, მერიის თანამშრომლები უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულა. მან ამ კონტექსტში, ზაჰესის ხიდის რეაბილიტაციაზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, შპს "სამშენებლო კომერციული კორპორაცია ხიდი", მასზე დაკისრებული მოვალეობა ვერ შეასრულა, მერიამ კი მას ავანსად ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის 40% უკვე გადაუხადა: "თბილისის მერია დღეს ვერ ახერხებს ვერც სამუშაოების შესრულებას და ვერც ბიუჯეტში ამ თანხის დაბრუნებას. გადახდილი 1 790 000 ლარიდან, რაც ჩვენ დოკუმენტურად დადასტურებული გვაქვს, კომპანიამ ჯერჯერობით 100 000 ლარის სამუშაო შეასრულა, რაც იმას ნიშნავს, რომ დანარჩენი 1 670 000 ლარი არის მოსაძებნი და ბიუჯეტში დასაბრუნებელი".
ფაქტ-მეტრი ზაჰესის ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობით დაინტერესდა.
2014 წლის 13 ნოემბერს თბილისის მერიამ ზაჰესის დასახლებასთან არსებული ხიდი-აკვედუკის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში შპს "სამშენებლო კომერციულმა კორპორაცია ხიდმა" გაიმარჯვა. თბილისის მერიასა და აღნიშნულ შპს-ს შორის ხელშეკრულება 2014 წლის 31 დეკემბერს გაფორმდა.ხელშეკრულება ქალაქ თბილისში, ზაჰესის დასახლებასთან არსებული სარკინიგზო გზაგამტარის და ხიდ-აკვედუკის სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულებას ითვალისწინებდა და მისი ღირებულება 4 462 000 ლარი იყო (მათ შორის: ზაჰესის დასახლებასთან არსებული სარკინიგზო გზაგამტარის რეკონსტრუქციისთვის - 941 898 ლარი, ხიდ-აკვედუკის რეკონსტრუქციისთვის - 3 520 101 ლარი). სამუშაოს დასრულების ვადად 400 კალენდარული დღე განისაზღვრა.
2015 წელს გამარჯვებულ კომპანიას თბილისის მერიამ ავანსის სახით 1 784 800 ლარი ჩაურიცხა (წინასწარ გადახდილი თანხების გაცემის წესი მერიის 2014 წლის 4 სექტემბრის #508 ბრძანებითაადადგენილი. 2015 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, შპს "ხიდმა" მხოლოდ 384 885 ლარის ღირებულების სამუშაოები შეასრულა (სარკინიგზო გზაგამტარის რეკონსტრუქცია - 325 986 ლარი და ხიდ-აკვედუკის რეკონსტრუქცია - 58 899 ლარი). ავანსად მიღებული თანხიდან, კომპანიას 1 405 115 ლარის ღირებულების სამუშაოები არ შეუსრულებია. ხელშეკრულების მიხედვით, პროექტი 400 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს (ანუ 2016 წლის 4 თებერვალს), თუმცა მიმდინარე წლის ოქტომბრის მდგომარეობით, ზაჰესის ხიდის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხის მხოლოდ 8.7%-ია ათვისებული.
ჩვენ ხელშეკრულებაში ავანსის გამოყენებასთან დაკავშირებულ იმ პუნქტსაც გავეცანით, სადაც აღნიშნულია, რომ "წინასწარი ანგარიშსწორების (ავანსი) გამოყენება შესაძლებელია საავანსო თანხის იდენტური ოდენობის, უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში (რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების დასრულების ვადას) ხელშეკრულების საერთო ღირებულების არაუმეტეს 40%-ის ოდენობით. მიმწოდებელმა ავანსის თანხები მხოლოდ ამ შესყიდვებთან დაკავშირებულ ვალდებულებების შესასრულებლად უნდა გამოიყენოს". ანუ, ავანსად გაცემული თანხა ბანკის გარანტიით არის დაცული.
ზაჰესის ხიდის რეაბილიტაციის მიმდინარეობასთან დაკავშირებით კომენტარი მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის შენობა-ნაგებობების და საინჟინრო ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობისა და რეაბილიტაციის მართვის განყოფილების უფროსს, დიმიტრი ტატინაშვილსაც ვთხოვეთ. მისი ინფორმაციით, შპს "ხიდმა" ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები მართლაც ვერ შეასრულა, ამიტომ მასთან ხელშეკრულება გაუქმდა და სარკინიგზო გზაგამტარის რეკონსტრუქციის სამუშაოები შპს "ენსისის" გადაეცა. რაც შეეხება ხიდ-აკვედუკის რეკონტრუქციას, ამაზე ხელახალი ტენდერი მზადდება და უახლოეს დღეებში გამოცხადდება.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხელშეკრულების მიხედვით (პუნქტი 6.1), შემსყიდველი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლს სამუშაოების მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე ახორციელებს. ალბათ, მერიას უფრო მეტი ოპერატიულობა უნდა გამოეჩინა, მეტად აქტიურად უნდა მიედევნებინა თვალი სამუშაოების მიმდინარეობისთვის და შესრულების ნელი ტემპის გამო დროული რეაგირება მოეხდინა. დღეს, 4 ნოემბერს, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომაზე თბილისის მოსახლეობას კომპანიების მიერ არაჯეროვნად შესრულებული გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ბოდიში მოუხადა და დასძინა, რომ რამდენიმე კომპანიასთან მოქმედი ხელშეკრულება შეწყდა, გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა და დარჩენილი სამუშაოები უახლოეს დღეებში გაგრძელდება.ამ კონკრეტულ შემთხვევაში შედეგად ის მივიღეთ, რომ ზაჰესის სარკინიგზო გზაგამტარის და ხიდ- აკვედუკის რეკონსტრუქციის დასრულება კიდევ გაურკვეველი ვადით გადაიწევს და ზაჰესის მოსახლეობას შემოვლითი გზით სარგებლობის გამო დისკომფორტი კიდევ კარგა ხნის მანძილზე შეექმნება.
დასკვნა 2014
წლის 31 დეკემბერს თბილისის მერიასა და შპს "სამშენებლო კომერციულ კორპორაცია ხიდს" შორის ზაჰესის დასახლებასთან არსებული სარკინიგზო გზაგამტარის და ხიდი-აკვედუკის სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების ღირებულება 4 462 000 ლარი იყო. 2015 წელს შპს "ხიდმა" ავანსის სახით 1 784 800 ლარი მიიღო (ხელშეკრულების ღირებულების 40%), თუმცა მხოლოდ 384 885 ლარის ღირებულების სამუშაოები შეასრულა (ირაკლი აბესაძე განცხადებაში სხვა რიცხვს ასახელებს, თუმცა ჩვენთან საუბარში მან განგვიმარტა, რომ სიუჟეტი 3 ოქტომბერს არის ჩაწერილი. იმ მომენტისთვის მხოლოდ 100 000 ლარის სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ჰქონდა და სრული დოკუმენტაცია მან მხოლოდ 7 ოქტომბერს მიიღო). მერიის ინფორმაციით, შპს "ხიდთან", სამუშაოების შეუსრულებლობის გამო, ხელშეკრულება გაუქმდა. რაც შეეხება ავანსად გაცემული თანხას აუთვისებელ ნაწილს, ნებისმიერ შემთხვევაში ის ბანკის გარანტიითაა დაცული და ბიუჯეტმა აღნიშნული თანხა არ უნდა დაკარგოს.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი აბესაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.