ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში", რომელიც "რუსთავი 2"-ის ქონების დაყადაღების და ტელეკომპანია "იმედზე" ინგა გრიგოლიას, საზოგადოებრივ მაუწყებელზე კი ეკა მიშველაძის თოქ-შოუების დახურვის ფაქტებს მიეძღვნა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა: "ორგანიზაციამ - "რეპორტიორები საზღვრების გარეშე", გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც ყოველწლიურად ქვეყნდება რეიტინგები მედიის თავისუფლების ხარისხის შესახებ. ამ რეიტინგში 2008 წელს საქართველო 120-ე ადგილზე გახლდათ, ხოლო დღეს, 2015 წელს, 69-ე ადგილზე ვართ".
ფაქტ-მეტრმა ირაკლი სესიაშვილის განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
"რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც მედიის თავისუფლების ინდექსს 2002 წლიდან იკვლევს. საკუთარ ვებგვერდზე ორგანიზაცია თავის მისიას ასე განსაზღვრავს: "დავიცვათ პრესის და ჟურნალისტების თავისუფლება მთელ მსოფლიოში".
"რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" მედიის თავისუფლების ინდექსს ყოველწლიურად აქვეყნებს. 2008 წელს ამ ინდექსში საქართველო მართლაც 120-ე ადგილზე იყო, რაც ყოფილი ხელისუფლების მიერ მედიის თავისუფლების შეზღუდვის ფაქტებს ადეკვატურად ასახავდა. 2015 წელს საქართველომ პოზიცია 69-ე ადგილამდე გაიუმჯობესა, თუმცა 2015 წლის მაჩვენებლები 2013 წლის 15 ოქტომბრიდან 2014 წლის 14 ოქტომბრამდე პერიოდსეყრდნობა. შესაბამისად, 2015 წელს გამოქვეყნებულ ინდექსში გასული წლის მონაცემებია ასახული და მიმდინარე წლის შესახებ ინფორმაცია 2016 წელს გამოქვეყნდება. ამდენად, ქართულ მედიაში მიმდინარე წლის ზაფხულიდან დაწყებული ნეგატიური პროცესები მომდევნო წლის ანგარიშში შეფასდება.
"ქართული ოცნების" ხელისუფლება მედიას მთავრობაში მოსვლიდანვე აკრიტიკებდა და ჟურნალისტებს მეტი პროფესიონალიზმისკენ მოუწოდებდა. 2013 წლის 3 ოქტომბერს, მედიის წარმომადგენლებთან მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ჟურნალისტებმა "საქმის გარჩევად და ჟურნალისტიკის გაკვეთილად" შეაფასეს, ვინაიდან ივანიშვილმა ისინი არაპროფესიონალიზმში დაადანაშაულა: "ძალიან ბევრი ჟურნალისტის გამონათქვამებში იგრძნობა დილეტანტობა, არცოდნა თემის... თქვენ არ ხართ ფოსტალიონები! თქვენ - ჟურნალისტებმა, მიღებული ინფორმაცია უნდა გადაამოწმოთ, გააანალიზოთ. თუ ეს ესე არ არის, მაშინ ერთი-ერთზე არ უნდა გადააწოდოთ. ერთი-ერთზე თუ აწვდით, მაშინ ეს ფოსტალიონობაა, წერილის გაგზავნაა". ყოფილი პრემიერის მხრიდან ანალოგიური განცხადებები არაერთხელ გაჟღერდა. 2014 წლის სექტებერში მან განაცხადა: "ჩემთვის დღეს უფრო მძიმეა სხვა ტელევიზიები - გინდაც "პირველი არხი", "მაესტრო" თუ "იმედი", რადგან ნებსით თუ უნებლიედ პრაქტიკულად იმეორებენ და აჟიტირებას უკეთებენ იმ თემებს, რასაც წამოსწევს "რუსთავი 2". რა არის ამის მიზეზი? პროფესიონალიზმი? დამოკიდებულება? შეიძლება ასეც იყოს... სამი ტელევიზია დავასახელე და საუბედუროდ არ ჩანს, რომ მათ ჰქონდეთ დამოუკიდებელი ხელწერა, ჩაატარონ სერიოზული კვლევა, ანალიზი და არ იმეორონ ის, რაც აიწევა"რუსთავი 2"-დან.
2014 წლის სექტემბრიდან, მედიაში, კერძოდ კი ტელევიზიებში საყურადღებო ცვლილებები დაიწყო. ტელეკომპანია "მაესტროზე" საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები დაიხურა. არხი დატოვესგენერალური დირექტორის მოადგილემ და მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა ნინო ჟიჟილაშვილმა, ასევე არხის სახეებმა: ვახო სანაიამ, დიანა ტრაპაიძემ, ნინო გეგელიამ და სხვებმა.
2014 წლის 15 ივლისს საკუთარი სახლის ავტოფარეხში ცეცხლსასროლი იარაღით გარდაცვლილი იპოვეს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი. მან გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: "მე მინდა ვუთხრა ივანიშვილს, როცა "რუსთავი 2"-ზე საუბრობს, თვალებში მე შემომხედოს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამ ვიცით მეც და მანაც ისეთი, რისი გამომჟღავნებაც ბევრ ადამიანს დააზარალებს. აქვე მოვუწოდებ მას, რომ თუკი როგორც ერთ-ერთ ვიდეოში აცხადებს, ქიბარ ხალვაშმა და მან რაიმე ისეთი იციან, რაც მე არ ვიცი, ან ხამამაღლა გამოაცხადოს, ან როგორც იტყვიან სამუდამოდ გაჩუმდეს". ეროსი კინწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება კვლავ მიმდინარეობს, თუმცა ოჯახის ადვოკატი ძიების პროცესის გაჭიანურებაზე საუბრობს და სამართალდამცავების მუშაობით უკმაყოფილოა. 2015 წლის ზაფხულიდან ქართულ სატელევიზიო მედიაში მოვლენები დინამიურად განვითარდა. 2015 წლის 5 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ქონებას ყადაღა დაადო. 2015 წლის 30 აგვისტოს, ტელეკომპანია "იმედზე", არხის ხელმძღვანელობის ბუნდოვანი განცხადების შემდეგ, ორი საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ დაიხურა. "ეს ამბავი გადაწყდა სოლოლაკში. ივანიშვილის გადაწყვეტილებით დაიხურა ჩემი გადაცემები. მეგობრებო, ნუ "გააპრავებთ" ამ გადაწყვეტილებას. მე მგონია, 2 წლის მერე თქვენ იქნებით ოპოზიციაში" - ეს განცხადება ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ ზემოაღნიშნული გადაცემების დახურვის შემდგომ გააკეთა. 2015 წლის 4 სექტემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე ჟურნალისტ ეკა მიშველაძის საავტორო გადაცემა მისი ოჯახური მდგომარეობის გამო დაიხურა.ის პოლიტიკოს ალექსანდრე პეტრიაშვილზე დაქორწინდა და არხის ხელმძღვანელობამ ეს ფაქტი ინტერესთა კონფლიქტად მიიჩნია.
2015 წლის 1 ოქტომბერს საქალაქო სასამართლომ ქიბარ ხალვაშის მოთხოვნით "რუსთავი 2"-ის 51%-იანი წილის მფლობელი "ტელეკომპანია საქართველოს" სრული ქონება დააყადაღა, რამაც შეუძლებელი გახადა "ტელეკომპანია საქართველოს" პარტნიორების მიერ გარიგების დადება, რომლითაც რუსთავი 2-ის კაპიტალში რამდენიმე მილიონის შეტანა იგეგმებოდა. "ის, რომ ჩვენ ეთერში არ შემოვარდნილა ვიღაც და კაბელი არ გადაუჭრია, არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება არ გვხურავს. კაბელის გადაჭრის აღდგენა მარტივად ხდება ამ კაბელის ხელახლა მიერთებით. ფინანსური ზიანის მიყენება გაცილებით უფრო მძიმეა" - განაცხადა "რუსთავი 2"-ის დირექტორმა ნიკა გვარამიამ. "რუსთავი 2"-ის თაობაზე დაწყებული სასამართლო დავა გრძელდება,საქმის არსებითი განხილვა 28 ოქტომბერს დასრულდება და საბოლოო გადაწყვეტილება გამოცხადდება, თუკი მოსამართლე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების გადადებას საჭიროდ არ ჩათვლის.
"რუსთავი 2"-თან დაკავშირებული და ზოგადად ქართულ მედიაში განვითარებული მოვლენების პარალელურად, გამკაცრდა არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე მეგობარი სახელმწიფოების შეფასებები საქართველოს ხელისუფლების მიმართ.
საქართველოში არსებული წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, 2015წლის სექტემბერში ქვეყანაში ყველაზე რეიტინგული და ეროვნული დაფარვის მქონე ტელევიზიებში დაწყებული სხვადასხვა სახის ძირეული ცვლილებები ეჭვს აჩენს მათი სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობის თაობაზე, რაც თავის მხრივ საფრთხეს უქმნის მედიაპლურალიზმსა და ამომრჩეველთა ინფორმირებულობას შუალედური და მორიგი საპარლამენტო არჩევნებისათვის.
მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენლის, დუნია მიატოვიჩის 22 ოქტომბერს გაკეთებული განცხადებისთანახმად, მოსამართლის აგვისტოს გადაწყვეტილების შემდეგ, "რუსთავი 2" განიცდის მნიშვნელოვან ფინანსურ და ლოჯისტიკურ შეზღუდვებს, რის შედეგადაც არხს ეზღუდება შესაძლებლობა, იმუშაოს თავისუფლად. "ეს მალე თუ არ გაუქმდა, სასამართლოს ბრძანება გამოიწვევს სერიოზულ შეზღუდვებს მედიამრავალფეროვნებასა და მედიაპლურალიზმთან დაკავშირებით. მე ასევე ვსაუბრობდი მაღალი თანამდებობის პირების განცხადებებზე, რომლებმაც შესაძლოა ნეგატიური გავლენა იქონიონ სასამართლოს მიმდინარეობაზე".
26 ოქტომბერს "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით განცხადებაგაავრცელა საქართველოში ევროკავშირის ადგილობრივმა წარმომადგენლობამ. "ჩვენ თავს ვიკავებთ კონკრეტული სასამართლო საქმის კომენტირებისგან, თუმცა გვაწუხებს საკითხები, რომლებიც რეაგირებას საჭიროებენ; მოველით, რომ კანონის უზენაესობის, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და მედიის თავისუფლების პრინციპები საქართველოსთვის ამ უმნიშვნელოვანეს პერიოდში პრაქტიკაშიც იქნება გამოყენებული. მნიშვნელოვანი მედიასაშუალების საქმიანობის შეზღუდვამ ან ხელის შეშლამ შეიძლება გამოიწვიოს დემოკრატიული პროცესის შესუსტება, 2016 წლისთვის დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ჩათვლით... მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტსა და პოლიტიკურ მოთამაშეს, თავი შეიკავონ დაძაბულობის ზრდისა და პოლარიზაციის ხელშემწყობი ნაბიჯებისა თუ განცხადებებისგან".
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარკ ტონერმა "რუსთავი 2"-ის პრობლემების მიმართ თეთრი სახლის ადმინისტრაციის დიდ ინტერესს გაუსვა ხაზი და ხელისუფლებას მედიასთან დაკავშირებული ყველა სამართლებრივი საკითხის მართლმსაჯულების უმაღლესი სტანდარტების სრული დაცვით წარმართვა ურჩია: "ქმედებები, რომელიც ისე ჩანს, თითქოს ზღუდავს ამ გარემოს, მედიის თავისუფლებას ან მედიაპლურალიზმს, გულწრფელად გითხრათ, შემაშფოთებელია, განსაკუთრებით საპარლამენტო არჩევნების წინ. ჩვენ ამას სერიოზულად ვეკიდებით და ვაკვირდებით".აღნიშნულ საკითხზე არაერთი განცხადება გააკეთა საქართველოში აშშ-ის ელჩმაც.
დასკვნა მართალია, ირაკლი სესიაშვილის განცხადება მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველოს წინსვლის შესახებ ფაქტობრივად სიმართლეა, მაგრამ მისი კონტექსტი არაზუსტია. აღნიშნული ინდექსი დეპუტატმა იმ კრიტიკის საპასუხოდ მოიშველია, რომელიც ბოლო თვეებში ქართულ სატელევიზიო მედიაში მიმდინარე მოვლენების გამო საქართველოს მთავრობის მიმართ გამოითქვა. თუმცა, ამ ინდექსის ბოლო მონაცემები 2013 წლის 15 ოქტომბრიდან 2014 წლის 14 ოქტომბრამდე პერიოდის ანალიზს ეყრდნობა. ამ პერიოდში კი, მთავრობის მხრიდან მედიის თავისუფლების შეზღუდვაზე ეჭვები არ ყოფილა (თუ არ ჩავთვლით ყოფილი პრემიერ-მინისტრის და მთავრობის მოქმედი წევრების განცხადებებს). შეიძლება ითქვას, რომ მედიის რეალური პრობლემები მიმდინარე წლის ზაფხულიდან დაიწყო, როცა ერთიმეორეს მიყოლებით რამდენიმე ისეთი ფაქტი მოხდა, რამაც მთავრობის მხრიდან მედიის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობის შესახებ ეჭვები გააჩინა. შესაბამისად, რთულია იმის თქმა, თუ რა გამოხმაურებას ჰპოვებს მედიაში წელს განვითარებული მოვლენები "რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს" მომავალი წლის კვლევაში. როგორც აღვნიშნეთ, ირაკლი სესიაშვილის მიერ მოყვანილი კვლევის შედეგები ასახავს არა წლევანდელ, არამედ გასული წლის მონაცემებს და მისი დღევანდელი მდგომარეობის აღსაწერად მოშველიება არარელევანტურია.