მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა: "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში საგზაო შემთხვევები იზრდება, მაშინ როცა ევროპასთან ასოცირების ნაწილში გვაქვს გარკვეული ვალდებულებები, რათა აღნიშნული რაოდენობა შემცირდეს. ვიმედოვნებ, რომ დღევანდელი შეხვედრა იქნება წარმატებული და ყველა ის მიგნება, რომელიც სტრატეგიაშია ჩამოყალიბებული, დეტალურად განიხილება".
ფაქტ-მეტრი საქართველოში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მხრივ არსებული ვითარებით დაინტერესდა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და 2015-2020წლების სამოქმედო გეგმის დოკუმენტზე მუშაობა აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მე-4 პროექტის(EWHIP4)ფარგლებში,2015 წლის მარტში, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით დაიწყო. საქართველოს საგზაო უსაფრთხოების გრძელვადიანი ეროვნული სტრატეგია მიზნად საგზაო უსაფრთხოების თანამედროვე და ეფექტიანი მოდელის ეტაპობრივად დანერგვას და განხორციელებას ისახავს. დოკუმენტისაგზაოუსაფრთხოებისსამუშაოჯგუფმა (RSWG)შეიმუშავა, რომლის შემადგენლობაში საქართველოს სხვადასხვა სამთავრობო უწყების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები იყვნენ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკისთანახმად, 2008 წლიდან 2011 წლის ჩათვლით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რიცხვი ყოველწლიურად იკლებდა, თუმცა 2012 წლიდან ეს მაჩვენებელი მართლაც მზარდია. 2011 წელს 4 486 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, 2012 წელს - 5 359, 2013 წელს - 5 510, ხოლო 2014 წელს - 5 992. რაც შეეხება მიმდინარე წელს, 6 თვის (იანვარი-ივნისი) მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით 2 869 ავარია მოხდა. თუმცა, ასევე აღსანიშნავია, რომ 2008 წლის მონაცემებთან შედარებით, საკმაოდ შემცირებულია 100 000 რეგისტრირებულ ავტომანქანაზე ავტოსაგზაო შემთხვევათა რაოდენობა. 2008 წელს აღნიშნული მონაცემი 980, 2009 წელს - 840, 2010 წელს - 860, 2011 წელს - 620, 2012 წელს - 660, 2013 წელს - 630, ხოლო 2014 წელს - 622 იყო. ის ფაქტი, რომ 100 000 რეგისტრირებულ ავტომანქანაზე ავარიების რიცხვი მეტწილად კლების ტენდენციით ხასიათდება და ამავდროულად ავტოსაგზაო შემთხვევათა აბსოლუტური მაჩვენებელი მაინც იმატებს, საქართველოში ავტომანქანების რაოდენობის მატებით უნდა აიხსნას. როგორც ვიცით, ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომანქანების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. ავტოავარიების რაოდენობის ზრდასთან ერთად, აღნიშნული შემთხვევების შედეგად დაშავებულთა რიცხვიც იზრდება. თუ 2011 წელს ეს მაჩვენებელი 6 638-ს უდრიდა, გასულ წელს იგი 8 536-ს, ხოლო მიმდინარე წლის 6 თვეში 4 130-ს უტოლდება.
რაც შეეხება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობას, ეს მაჩვენებელი კლების ტენდენციით ხასიათდება. 2008 წელს ავარიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 867 იყო, ხოლო გასულ წელს ეს მონაცემი 511-ს უდრიდა. მიმდინარე წლის ექვს თვეში კი, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 284-ს შეადგენს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია OECD-ის (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) 2013 წლის მონაცემების მიხედვით, 1 მილიონ მოსახლეზე ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობით (118 გარდაცვლილი) საქართველოს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სტატისტიკა აქვს. ჩვენს ქვეყანაზე უარესი მაჩვენებელი ევროპაში მხოლოდ მონტენეგროს, აზერბაიჯანს, ალბანეთს და რუსეთს აქვთ.
გრაფიკი 1:საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების დინამიკა საქართველოში, 2008-2014 წლები
წყარო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ავტოსატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევ მიზეზებს შორის დიდი წილი (1 391 შემთხვევა) სიჩქარის გადაჭარბებას ეკავა. 262 შემთხვევა ალკოჰოლური თრობის დროს ავტომობილის მართვამ გამოიწვია, ხოლო დანარჩენ 4 339 შემთხვევას სხვადასხვა გამომწვევი მიზეზი ჰქონდა. მიმდინარე წლის ექვს თვეში სიჩქარის გადაჭარბების შედეგად 604 ავარია, მთვრალ მგომარეობაში ავტომობილის მართვის შედეგად 112, ხოლო სხვა დანარჩენი მიზეზებით კი 2 153 შემთხვევა მოხდა.
ეკონომიკის მინისტრმა თავის განცხადებაში ასევე აღნიშნა, რომ საგზაო უსაფრთხოების კუთხით საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ნაწილში გარკვეული ვალდებულებები აქვს. ასოცირების შეთანხმება ტრანსპორტის კუთხით ევროპულ კანონმდებლობაში არსებული ოთხი ძირითადიპირობის შესრულებას მოითხოვს. ესენია: ტექნიკური, უსაფრთხოების, სოციალური და ფინანსური პირობები.რეგულაციები პირველ რიგში საერთაშორისო გადაზიდვების და სამგზავრო ტრანსპორტის კატეგორიის ავტომობილებზე სიჩქარის შეზღუდვის მოწყობილობის დამონტაჟებას და აღნიშნული კატეგორიის ტრანსპორტის მაქსიმალური პარამეტრების და წონის განსაზღვრას ეხება. აგრეთვე, უნდა დარეგულირდეს მართვის მოწმობის გაცემასთან დაკავშირებული საკითხები. გარდა ამისა, ხელი უნდა შეეწყოს სატრანსპორტო სისტემის მოდერნიზაციას, საგზაო მოძრაობაში მონაწილე ყველა სუბიექტის,შშმ პირების, ქვეითად მოსიარულეთა და ბავშვების უფლებების დაცვას (წყარო: eugeorgia.info).
დასკვნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, 2008 წლიდან 2011 წლის ჩათვლით საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რიცხვი ყოველწლიურად იკლებდა, თუმცა 2012 წლიდან ეს მონაცემი მზარდია. 2011 წელს 4 486 ასეთი შემთხვევა მოხდა, 2012 წელს - 5 359, 2013 წელს - 5 510, ხოლო 2014 წელს - 5 992. რაც შეეხება მიმდინარე წელს, 6 თვის (იანვარი-ივნისი) მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით 2 869 ავარია მოხდა. ასევე მზარდია ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა რაოდენობაც, თუმცა ავარიების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა კლების ტენდენციით ხასიათდება.
საგზაო უსაფრთხოების კუთხით, საქართველოს გარკვეული ვალდებულებები (ასოცირების შეთანხმების საფუძველზე) მართლაც აქვს აღებული. მართალია, ეს ვალდებულებები პირდაპირ ავტოავარიების რიცხვის შემცირებაზე არ მიუთითებენ, თუმცა მოიცავენ ისეთ ტექნიკურ, ფინანსურ, სოციალურ და საკანონმდებლო ასპექტებს, რომლებიც საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ზრდას ხელს შეუწყობს და შესაბამისად ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვსაც შეამცირებს.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადება არის სიმართლე.