მიმდინარე სასწავლო წლის დაწყებამდე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ უფასო სახელმძღვანელოების თემაზე "რუსთავი 2"-ში სტუმრობისას ისაუბრა. მან ოპონენტების კრიტიკას, რომ განათლების სამინისტრომ უფასო სახელმძღვანელოების პროგრამის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად შეამცირა, არასწორი უწოდა. მინისტრის თქმით, როგორც შარშან, ასევე წელსაც, იქნება როგორც ძველი ისე ახალი სახელმძღვანელოები. "სახელმძღვანელოების პროგრამას მხოლოდ 3.5 მილიონი ლარი მოაკლდა... წელს სკოლებში 40% ახალი სახელმძღვანელოები იქნება შეტანილი" - განაცხადა თამარ სანიკიძემ.
ფაქტ-მეტრი უფასო სახელმძღვანელოების თემით კიდევ ერთხელ დაინტერესდა და განათლების მინისტრის განცხადება გადაამოწმა (იხ. ამ თემაზე მომზადებული სტატიები: სტატია 1, სტატია 2). უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2013 წელს აამოქმედა. პროგრამის ფარგლებში, 2013-2014 სასწავლო წლისთვის ჯამში 5 819 778 ცალი სახელმძღვანელო დაიბეჭდა, რისთვისაც 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 16 323 630 ლარი დაიხარჯა. 2014-2015 სასწავლო წლისთვის კი, განათლების სამინისტრომ 3 863 090 წიგნი ხელახლა დაბეჭდა, რისთვისაც ბიუჯეტით 13 216 000 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული. 2015 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსიის თანახმად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი 812 მილიონი ლარით იყო განსაზღვრული. აქედან, 2015-2016 სასწავლო წლისათვის უფასო სახელმძღვანელოების პროგრამისთვის 15.8 მილიონი ლარი გაიწერა. ბიუჯეტის კორექტირების შედეგად, განათლების სამინისტროს ბიუჯეტი ჯამში 13.1 მილიონი ლარით შემცირდა. აქედან, 3.5 მილიონი ლარი უფასო სახელმძღვანელოების პროგრამას მოაკლდა და მოსწავლეებისთვის სასკოლო სახელმძღვანელოებით მომარაგების პუნქტი 12.3 მილიონი ლარით განისაზღვრა. თუმცა, სამინისტროს ინფორმაციით, საბოლოოდ, პროგრამის ბიუჯეტი 6.2 მილიონ ლარამდე შემცირდა. იმის დასადგენად, თუ რამდენი სახელმძღვანელო იყო გასული ორი წლიდან გამოსაყენებლად ვარგისი და რამდენი ახალი სახელმძღვანელოს დაბეჭდვას გეგმავდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2015-2016 სასწავლო წლისთვის, ფაქტ-მეტრმა სამინისტროს 28 ივლისს ოფიციალური წერილით მიმართა. უწყებიდან მიღებულ პასუხშინათქვამია, რომ 2015-2016 სასწავლო წლისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 1 952 075 (მათგან 73 627 სახელმძღვანელო და 1 878 448 რვეული) ერთეული სახელმძღვანელოსა და რვეულის შეძენას გეგმავდა. აღნიშნულისთვის ჯამში 5 134 432 ლარი დაიხარჯა.
განათლების სამინისტროსვე ინფორმაციით, უწყებამ 73 627 სახელმძღვანელო შემდეგი კომპანიებისგან შეიძინა: შპს "მვპ" (41 844 სახელმძღვანელო), შპს "ინგლისური ენის წიგნი საქართველოში" და შპს "unique learning" (31 783 სახელმძღვანელო). 1 878 448 რვეულიდან 375 463 რვეული შპს "მვპ"-მა, 24 385 რვეული "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ", 410 821 რვეული შპს "ინგლისური წიგნი საქართველოშიმ" დაბეჭდა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, კითხვაზე, თუ რამდენი წიგნია სასწავლო პროცესისთვის გამოსაყენებლად ვარგისი 2013 და 2014 წელს დაბეჭდილი სახელმძღვანელოებიდან, გვიპასუხა: "გაცნობებთ, რომ ინფორმაცია 2013-2014 წლებში დაბეჭდილი სახელმძღვანელოებიდან რამდენი სახელმძღვანელოა 2015-2016 სასწავლო წლისთვის გამოსაყენებლად ვარგისი, არ არის მსგავსი ფორმით დამუშავებული. შესაბამისად, მოკლებული ვართ მისი მოწოდების შესაძლებლობას".იქიდან გამომდინარე, რომ განათლების სამინისტროსგან 2013-2014 წლებში დაბეჭდილი სახელმძღვანელოებიდან გამოსაყენებლად ვარგისი სახელმძღვანელოების შესახებ ინფორმაცია ვერ მივიღეთ, 2015-2016 სასწავლო წლისთვის ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების რაოდენობრივი წილი თავად გამოვთვალეთ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უფასო სახელმძღვანელოების ამოქმედების პირველ წელს განათლების სამინისტრომ 5 819 778 ცალი სახელმძღვანელო დაბეჭდა, მიმდინარე წელს კი მხოლოდ 1 952 075 ერთეული სახელმძღვანელო და რვეული, გამოდის, რომ წელს სასკოლო სახელმძღვანელოების საერთო რაოდენობასთან მიმართებით, ახალი სახელმძღვანელოების პროცენტული წილი 33.5%-ია. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, რიცხვი 1 952 075 დაბეჭდილი სახელმძღვანელოებისა და რვეულების ჯამური მონაცემია. უშუალოდ სახელმძღვანელოს რაოდენობა კი 73 627 შეადგენს. თუკი მხოლოდ სახელმძღვანელოების წილს დავითვლით, მივიღებთ, რომ მიმდინარე სასწავლო წლისთვის უფასო სახელმძღვანელოების პროგრამის ფარგლებში ახალი სახელმძღვანელოების მხოლოდ 14% იქნება.
ფაქტ-მეტრი სასწავლო პროცესის დაწყებას 192-ე საჯარო სკოლაში დაესწრო. ჩვენთან საუბარში სკოლის მოსწავლეების მშობლები აცხადებენ, რომ მოსწავლეთათვის გადაცემული სახელმძღვანელოების ნაწილი ახალია, ნაწილი კი ძველი. იგივე აღნიშნა 192-ე საჯარო სკოლის დირექტორმაც.
უნდა აღინიშნოს, რომ უფასო სახელმძღვანელოების პროგრამის ამოქმედებისას, განათლების სამინიტრომ სახელმძღვანელოების ცვეთის 3 წლიანი ვადა დაამტკიცა.ეს იმას ნიშნავს, რომ სამინისტრო სახელმძღვანელოებს სამ წელიწადში ერთხელ განაახლებს. განათლების მინისტრის განმარტებით, მომდევნო სასწავლო წლისათვის სახელმძღვანელოები განახლდება და ძველ სახელმძღვანელოებს სასწავლო პროცესიდან სრულად ამოიღებენ.
დასკვნა 2015
წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსიის თანახმად, უფასო სახელმძღვანელოების პროგრამისთვის 15.8 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული. ბიუჯეტის კორექტირების შემდეგ და მინისტრის მიერ განცხადების გაკეთების დროს, უფასო სახელმძღვანელოების პროგრამას 3.5 მილიონი ლარი მოაკლდა და აღნიშნული პუნქტი 12.3 მილიონი ლარით განისაზღვრა. მოგვიანებით კი, განათლების სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, პროგრამის ბიუჯეტი 6.2 მილიონ ლარამდე შემცირდა, საიდანაც დღეისთვის 5.1 მილიონია დახარჯული.
ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი სახელმძღვანელოა გამოსაყენებლად ვარგისი 2013-2014 წლებში დაბეჭდილი წიგნებიდან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან ვერ მივიღეთ. შევეცადეთ, მონაცემები თავად დაგვეთვალა. 2015-2016 სასწავლო წლისთვის განათლების სამინისტრომ ჯამში სულ 1 952 075 ერთეული სახელმძღვანელო და რვეული შეიძინა (აქედან, 73 627 წიგნი და 1 878 448 რვეული). 2015-2016 სასწავლო წლისთვის შეძენილი ახალი სახელმძღვანელოებისა და რვეულების წილი სახელმძღვანელოების ჯამურ მონაცემებთან მიმართებით 33.5 %-ს, ხოლო უშუალოდ ახალი სახელმძღვანელოების წილი კი 14%-ს შეადგენს. თუკი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი სახელმძღვანელო იყო გამოსაყენებლად ვარგისი გასული ორი სასწავლო წლიდან, გაურკვეველია, რა მონაცემებზე დაყრდნობით დაიბეჭდა ახალი სასწავლო წლისთვის საჭირო ახალი სახელმძღვანელოები.
ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ განათლების მინისტრის განცადება არის ნახევრად სიმართლე.