მიმდინარე წლის 14 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პედაგოგებსა და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში მათ მოსვლამდე განათლების ბიუჯეტი 640 მილიონი ლარი იყო, წელს კი, 900 მილიონ ლარს შეადგენს. "დაახლოებით 50%-ზე მეტი მატებაა განათლების სამინისტროს ბიუჯეტის. მასწავლებლების ხელფასებიც გაიზარდა და დღეიდან უკვე მომატებული ხელფასით მოხდება მათი შრომის ანაზღაურება" - განაცხადა

ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, პედაგოგების ხელფასები მომავალ წელსაც გაიზრდება, რაც მათთვის სტიმულის მიმცემი იქნება.

ფაქტ-მეტრი პრემიერის განცხადებით დაინტერესდა და მისი გადამოწმება გადაწყვიტა.

იმისათვის, რომ განათლების სამინისტროს ბიუჯეტი და ზრდის ტემპი ერთმანეთისთვის შეგვედარებინა, უწყების 2006-2015 წლის მონაცემები შევისწავლეთ.

ცხრილი 1:

განათლების სამინისტროს ბიუჯეტი (მლნ ლარებში) და პროცენტული ზრდა

წელი 2006 2007 2008 2009 2010 2011 2012 2013 2014 2015
ბიუჯეტი 332.6 379.5 425.2 497.6 542.1 566.5 641.2 682.5 739.7 840.8
%-ული ზრდა - 14.1% 12% 17% 8.9% 4.5% 13.1% 6.4% 8.3% 14.7%
წყარო: სახელმწიფო ბიუჯეტი

როგორც ცხრილიდან ჩანს, განათლების სამინისტროს ბიუჯეტი ყოველწლიური ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა. ყველაზე დაბალი პროცენტული ზრდა - 4.5%, 2011 წელს, ყველაზე მაღალი - 17% კი, 2009 წელს დაფიქსირდა. განათლების სამინისტროს 2015 წლის ბიუჯეტი 2012 წლის მაჩვენებელს 31%-ით აღემატება. 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის

თანახმად, განათლების სამინისტროს ბიუჯეტი 984.7 მილიონი ლარით განისაზღვრა. აღნიშნული მაჩვენებელი 2012 წლის მონაცემებს 53.6%-ით აღემატება. 2013 წლიდან განათლების სამინისტროს ინიციატივით ე.წ. უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა ამოქმედდა, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2013 წელს 16 323 630 ლარი, 2014 წელს 13 216 000 ლარი, მიმდინარე წელს კი, დღეის მდგომარეობით, 5 134 432 ლარი დაიხარჯა.

რაც შეეხება საჯარო სკოლების პედაგოგების ხელფასებს, აღნიშნულზე ფაქტ-მეტრი უკვე წერდა (იხ. ბმულები: სტატია 1, სტატია 2). პედაგოგების ხელფასები ბოლოს 2013 წელს, პედაგოგების კატეგორიების მიხედვით, 26-59%-ით გაიზარდა. 2014 წელს პედაგოგების სახელფასო სარგოს კუთხით ცვლილება არ ყოფილა. აღნიშნულს პედაგოგების უკმაყოფილება მოყვა, რის შემდეგაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ განაცხადა, რომ პედაგოგები გაზრდილ ხელფასს 2015 წლის სექტემბრიდან მიიღებდნენ. 2015 წლის ბიუჯეტის განმარტებით ბარათში

მითითებული იყო, რომ ახალი სასწავლო წლისთვის პედაგოგების საბაზო ხელფასი 50 ლარით, სხვადასხვა კატეგორიის პედაგოგის ხელფასი კი 100-200 ლარით გაიზრდებოდა.

მიმდინარე წელს განათლების მინისტრმა განმარტა,

რომ 14 სექტემბრიდან ახალი სქემა ამოქმედდა, რომლის ფარგლებშიც მასწავლებლების საბაზო ხელფასის მატება ორჯერადად მოხდება და ჯამში, 2015-2016 სასწავლო წელს, პედაგოგების საბაზო ხელფასი 34%-ით გაიზრდება. მასწავლებლების კატეგორიის მიხედვით დანამატი დაახლოებით 180, 250 და 300 ლარი იქნება.

თამარ სანიკიძის 28 სექტემბრის ბრძანების

თანახმად, პირველ ეტაპზე პედაგოგთა საბაზო ხელფასი 16.4%-ით (50 ლარით) გაიზარდა და 355 ლარით განისაზღვრა.

დასკვნა

განათლების სამინისტროს 2015 წლის ბიუჯეტი 840.8 მილიონ ლარს შეადგენს და ის 2012 წლის მონაცემებს 31%-ით აღემატება. 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით კი, განათლების სამინისტროს ბიუჯეტი 2012 წელთან შედარებით 55.6%-ით არის გაზრდილი. აქვე უნდა ითქვას, რომ განათლების სამინისტროს ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდებოდა და ამ მხრივ 2015 წელი გამონაკლისი არ ყოფილა. ბიუჯეტის მატება ეტაპობრივად ხდებოდა და ცხადია, სამი წლის განმავლობაში გაზრდილი ბიუჯეტი ჯამურად სამი წლის წინანდელ მაჩვენებელს აღემატება. რაც შეეხება ხელფასებს, 2015 წლის 14 სექტემბრიდან ახალი სქემის ფარგლებში საჯარო სკოლის პედაგოგთა ხელფასი ორ ეტაპად, ჯამში 34%-ით გაიზრდება. პირველ ეტაპზე პედაგოგთა საბაზო ანაზღაურება 16%-ით (50 ლარით) გაიზარდა. ზრდა შეეხო მასწავლებელთა კატეგორიის დანამატსაც.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, პრემიერ-მინისტრის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5398 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი