მიმდინარე წლის 30 სექტემბერს, ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა მელიამ ყურადღება თბილისის მერიაში არსებულ საკადრო პრობლემებზე გაამახვილა. "რეალურად, ახლა სამთავრობო კრიზისი აქვს მერიას. არქიტექტურის სამსახური არ ჰყავს, ეკონომიკური პოლიტიკის სამსახური არ ჰყავს, ვაკის გამგებელი ვერ დანიშნეს რამდენი ხანია. ახლა კეთილმოწყობის სამსახური დაემატა" - განაცხადა მელიამ.
არსებული მონაცემებით, თბილისის მერიაში შემდეგი სამსახურების ხელმძღვანელების თანამდებობიავაკანტური: ქონების მართვის სააგენტო, ტექნოლოგიური განვითარების ფონდი, არქიტექტურის სამსახური, ეკონომიკური პოლიტიკის სამსახური, საქალაქო ზედამხედველობის სამსახური, კეთილმოწყობის სამსახური და თბილისის მერიის სასწრაფო სამედიცინო ცენტრი. ამასთან, ვაკანტურია ვაკის გამგებლის თანამდებობაც.
თბილისის საქალაქო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა გეგა ნიჟარაძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს დატოვა. ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი გაგოშიძემ თანამდებობა მიმდინარე წლის მარტში დატოვა და მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრში გადავიდა. მიმდინარე წლის მაისში თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი თემურ ხომერიკი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. 26 ივნისს თანამდებობა თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსმა ირაკლი ბერეკაშვილმა დატოვა. მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს თანამდებობა თბილისის სასწრაფო სამედიცინო ცენტრის დირექტორმა თეიმურაზ ბარკალაიამაც დატოვა. მიმდინარე წლის 30 სექტემბერს თანამდებობიდან თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ავთანდილ სუდაძე გადადგა. ვაკის რაიონის ყოფილი გამგებელი ლაშა აბაშიძე კი, მიმდინარე წლის 5 სექტემბერს თბილისის ვიცე-მერის თანამდებობაზე დაინიშნა.ვაკის რაიონის გამგებლის თანამდებობა ამ დრომდე თავისუფალია.
თბილისის მერიაში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებთან დაკავშირებით განმარტება 7 ოქტომბერს ქალაქის მერმაც გააკეთა. დავით ნარმანიამ მერიაში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებული აჟიოტაჟი აბსურდულად მიიჩნია. მისი განმარტებით, მერიაში არსებული ვაკანტური ადგილები უახლოეს მომავალში კვალიფიციური კადრებით შეივსება. მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელების თანამდებობებიდან წასვლა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ჟორჟოლიანმაც შეაფასა და აღნიშნული მენეჯმენტის შესაძლო ცვლილებას დაუკავშირა. 7 ოქტომბერს საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა თბილისის მერის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნის შესახებ განცხადება გაავრცელეს და დავით ნარმანია უმოქმედობაში, უპასუხისმგებლობასა და კორუფციაში დაადანაშაულეს. "რატომ უნდა გადავდგე? ხალხის მიერ არჩეული მერი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის გადასაყენებელი არ არის. ეს არის ხელოვნურად აწეული აჟიოტაჟი, რომლის რეალური საფუძველი არ არსებობს. მობრძანდით მერიაში და ნახეთ როგორ მუშაობენ სამსახურები" - ასე გამოეხმაურაქალაქის მერი მისი გადადგომის შესახებ მოთხოვნას.
დასკვნა
მოცემული მომენტისთვის თბილისის მერიაში 7 საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი თანამდებობა ვაკანტურია. ზოგიერთ საქალაქო სამსახურს ხელმძღვანელი რამდენიმე თვეა არ ჰყავს და მათი შემცვლელი პირების თანამდებობებზე დანიშვნა დროში გაიწელა. ამ დრომდე ვაკანტურია ვაკის რაიონის გამგებლის პოსტიც. დავით ნარმანიას განმარტებით, ვაკანტური თანამდებობები კვალიფიციურმა კადრებმა უნდა დაიკავონ.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ნიკა მელიას განცხადება არის სიმართლე.