წლის 3 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობაზე, ხმათა უმრავლესობით, პრეზიდენტად ლევან კობიაშვილი აირჩიეს. 33 მონაწილე დელეგატიდან 18 ხმა ლევან კობიაშვილს, 15 კი რევაზ არველაძეს ერგო. პრეზიდენტობის კიდევ ერთმა კანდიდატმა, მამუკა კვარაცხელიამ ვერცერთი ხმა ვერ მიიღო. საარჩევნო პროცესი მთელი დღის განმავლობაში დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა.
ფაქტ-მეტრი არჩევნების თემით კიდევ ერთხელ დაინტერესდა და 3 ოქტომბერს მომხდარი მოვლენები გააანალიზა (ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში სახელმწიფოს როლის შესახებ ფაქტ-მეტრს კვლევაერთხელ უკვე გამოქვეყნებული აქვს).
ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების გამჭვირვალედ და დემოკრატიულად ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ ადრეც დამდგარა. 2003 წლის არჩევნების დროს მერაბ ჟორდანიასა და მის კონკურენტს შორის საარჩევნო მარათონი სპეცრაზმის თანდასწრებით მიმდინარეობდა. 2007 წლის 13 მაისის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებიდან ერთ საათში გიორგი ნემსაძე თანამდებობიდან გადადგა. საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთულმა ეს ნაბიჯი პრეზიდენტ სააკაშვილის ჩარევით ახსნა. ლევან კობიაშვილსა და რევაზ არველაძეს შორის წინასაარჩევნო დაპირისპირებამ პიკს არჩევნების დღეს მიაღწია, რასაც წინ არველაძის მხარდამჭერი დელეგატის, გეგა გობეჯიშვილის ნარკოტების მოხმარების ბრალდებით დაკავება უძღოდა. დაკავებულის განცხადებით, ის უკანონოდდაიჭირეს და ამ დაკავების მიზეზი მის მიერ რევაზ არველაძის მხარდაჭერა გახდა.
მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთის ფედერაციის მიერ მოწვეულ სტუმართა ოფიციალურ სიაში ვიცე-პრემიერი კახა კალაძე არ იმყოფებოდა, ენერგეტიკის მინისტრი საარჩევნო პროცესს სასტუმრო "ჰოლიდეი ინნში" მთელი დღის განმავლობაში ესწრებოდა. მან საარჩევნო პროცესს არანორმალური, ხოლო ამ პროცესებში მის ჩარევას სიცრუე უწოდა. სასტუმროში მიმდინარე ყრილობაზე ყოფნა რომ გაემართლებინა, კალაძემ უეფას ვიცე-პრეზიდენტთან, გრეგორი სურკისთან მეგობრული ურთიერთობა მოიშველია. მოგვიანებით, კალაძე კვლავ შეეხო საარჩევნო ყრილობაზე დასწრების საკითხს და განაცხადა, რომ უქმე დღის (არჩევნები შაბათს, 3 ოქტომბერს გაიმართა) გატარებაარჩევნებზე მოწვეული სტუმრის სტატუსით გადაწყვიტა.
კენჭისყრის პროცესი 8 საათიანი დაგვიანებით დაიწყო. რევაზ არველაძემ და მისმა მხარდამჭერმა დელეგატებმა გეგა გობეჯიშვილის გათავისუფლებამდე საარჩევნო რეგისტრაციის გავლაზე უარი განაცხადეს. საპასუხოდ, კონკურენტი არჩევნების ჩაშლაშიდაადანაშულა ლევან კობიაშვილმა. მისი განცხადებით, რევაზ არველაძემ საარჩევნო პროცესის ჩაშლის მიზნით დელეგატების ნაწილი დარბაზში ჩაკეტა, რათა მათ კენჭისყრაში მონაწილეობის საშუალება არ მისცემოდათ.
მოგვიანებით, უეფას წარმომადგენლების რეკომენდაციით, გეგა გობეჯიშვილს ხმის მიცემის უფლება ჩამოართვეს და იგი "ქომაგთა ლიგის" ხელმძღვანელით, ზურაბ პეტრიაშვილით ჩაანაცვლეს. თავად დაკავებული სასამართლომ 500 ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა. გობეჯიშვილის გათავისუფლების შემდეგ დელეგატებმა საარჩევნო რეგისტრაციის გავლა დაიწყეს.
საარჩევნო კენჭისყრის დაწყებამდე კვლავ გაურკვეველი იყო, ეყოლებოდათ თუ არა დელეგატები რაჭისა და გურიის რეგიონალურ ფედერაციებს. აღსანიშნავია, რომ 30 სექტემბერს რაჭისა და გურიის რეგიონალური ფედერაციების დელეგატებს სასამართლომ უფლებამოსილება გაუუქმა. ორივე დელეგატი რევაზ არველაძის მხარდამჭერად მოიაზრებოდა. არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, უეფას წარმომადგენლობამ "რეკომენდაცია გასცა, რომ ფორსმაჟორული სიტუაციის გათვალისწინებით, ამ ორი ფედერაციის ხელმღვანელს (კახა ებრალიძეს და გია შარაბიძეს) დაეტოვებინათ აღმასკომი და გადადგომის შემდეგ თავად მინიჭებოდათ დელეგატის სტატუსი".საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტი და აღნიშნული კანდიდატებიც ამ წინადადებას დათანხმდნენ. შესაბამისად, 2015 წლის 3 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა ყველა, ოცდათხუთმეტ დელეგატს უნდა მიეღო.
აღნიშნული შეთანხმების მიუხედავად, არჩევნების დღეს სფფ-ის საარჩევნო ყრილობამ დელეგატების საკითხი მაინც განიხილა და კენჭისყრის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებით, გურიისა და რაჭა-ლეჩხუმის დელეგატებს ხმის უფლება ჩამოართვა.შესაბამისად, 2 ოქტომბრის შეთანხმება არ შესრულდა და არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა 35-ის ნაცვლად 33 დელეგატს მიეცა. 3 ოქტომბრის არჩევნებში, სამი ხმის უპირატესობით, ლევან კობიაშვილმა გაიმარჯვა. კულუარული ინფორმაციის თანახმად, რომელსაც პირად საუბრებში როგორც ფედერაციის, ისე ორივე კონკურენტი მხარის წარმომადგენლები ადასტურებენ, აღნიშნული გადაწყვეტილება უეფას ვიცე-პრეზიდენტის, გრეგორი სურკისის მოთხოვნის საფუძველზე, არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე იქნა მიღებული.
კენჭისყრის პროცედურის დასრულების და შედეგების გაცნობის შემდეგ, მხარეებმა საარჩევნო გარემო შეაფასეს. რევაზ არველაძის განცხადებით, ის მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უთანასწორო ბრძოლაში იმყოფებოდა. გამარჯვებულმა ლევან კობიაშვილმა კი, მედიასთან გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა, რომ მისი გამარჯვება ფეხბურთის გამარჯვება იყო. ლევან კობიაშვილს წარმატება კახა კალაძემ და გრეგორი სურკისმა მიულოცეს. უეფას ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით,დაძაბული სიტუაციის მიუხედავად არჩევნებმა გამჭვირვალედ და ღირსეულად ჩაიარა.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებულმა პერიპეტიებმა, ასევე არჩევნების დღეს ყოფილი ფეხბურთელის და ამჟამად ქვეყნის ვიცე-პრემიერის ყრილობაზე აშკარა აქტიურობამ, 2007 წლის შემთხვევის მსგავსად, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში სახელმწიფოს ჩარევა კიდევ ერთხელ დაადასტურა.