მიმდინარე წლის 16 სექტემბერს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ ფოთში მცირეწლოვან ბავშვებს ძალადობრივი კადრების შემცველი ვიდეო აყურებინეს. მოგვიანებით კი, ვიდეოჩვენების იდეის ავტორი გუბერნატორის თანამდებობაზე დაინიშნა.

ფაქტ-მეტრი დეპუტატის განცხადებით დაინტერესდა და მისი გადამოწმება გადაწყვიტა.

მიმდინარე წლის მარტში, არასამთავრობო ორგანიზაცია "ყველა თაობა საქართველოსთვის" ორგანიზებით, ფოთში, ზუგდიდსა და ხობში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის 9 წლისადმი მიძღვნილი ფილმის ჩვენება გაიმართა. ფილმში ძალადობის ამსახველი კადრები იყო ნაჩვენები. ფილმის ჩვენებას სკოლის მოსწავლეებიც დაესწრნენ. თავად სკოლის მოსწავლეების განმარტებით, ისინი ჩვენებაზე მოტყუებით, ვითომდა კულტურულ ღონისძიებაზე დასასწრებად მიიყვანეს,

რეალურად კი, ძალადობის ამსახველი ფილმი აჩვენეს. მოსწავლეების ნაწილმა განაცხადა, რომ ფილმის ჩვენებაზე მათივე სკოლის მასწავლებელმა წამოიყვანა, ნაწილის თქმით კი, მათი ფილმის ჩვენებაზე დასწრება რაიონის გამგებლის ორგანიზებით განხორციელდა.

ფილმის ჩვენებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და პედაგოგებიც დაესწრნენ. თუმცა, მათი განმარტებით, ჩვენებაზე დასწრებას იძულებითი ხასიათი არ ჰქონია. ადგილობრივი რესურსცენტრის წარმომადგენლების თქმით, ისინი აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულები არ ყოფილან და მოსწავლეებისთვის ფილმის ჩვენების პროცესში მონაწილეობა არ მიუღიათ. თავად არასამთავრობო ორგანიზაცია "ყველა თაობა საქართველოსთვის" ხელძღვანელის, გია სალუქვაძის განმარტებით, მათი მიზანი ამ ფილმის ბავშვებისთვის ჩვენება არ ყოფილა.

მან ადგილობრივ რესურსცენტრებთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან კავშირი კატეგორიულად უარყო.

სკოლის მოსწავლეების ფილმზე დასწრების ფაქტზე შეშფოთება არასამთავრობო ორგანიზაციებმაც გამოხატეს და ხელისუფლებას ბავშვთა უფლებების დაცვისკენ მოუწოდეს.

არასრულწლოვნებისთვის ძალადობრივი სცენების შემცველი ფილმის ჩვენების ფაქტი საპარლამენტო ოპოზიციამ გაუმართლებლად მიიჩნია. აღნიშნული, პარლამენტის უმრავლესობის წარმომადგენელმა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ელისო ჩაფიძემაც დაგმო.

სკოლის მოსწავლეების ფილმზე დასწრების ფაქტთან დაკავშირებით პარტია "ქართულმა ოცნებამ" განცხადება გაავრცელა და მომხდარის გამო შეშფოთება გამოთქვა. ამასთან, შესაბამის ორგანოებს საკითხის შესწავლისა და პასუხისმგებელი პირების მიმართ შესაბამისი ზომების გატარებისკენ მოუწოდა. ფაქტს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროც გამოეხმაურა

და მოზარდებისთვის ფილმის ჩვენება ბავშვთა უფლებების უხეშ დარღვევად შეაფასა. უწყების შიდა აუდიტის დეპარტამენტმა განათლების მინისტრის, თამარ სანიკიძის ბრძანებების საფუძველზე, ზუგდიდის, ხობის და ფოთის რესურსცენტრების და მის დაქვემდებარებაში არსებული სკოლების ინსპექტირება დაიწყო.

სკოლის მოსწავლეებისთვის ფილმის ჩვენების ფაქტი ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემაც შეაფასა. "ბავშვების იმ ფილმის სანახავად წაყვანას, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" სისხლიან რეჟიმს ასახავდა, როგორც მშობელი ვეწინააღმდეგები, მაგრამ ფილმის ყველა კადრი რეალურია. ასე ექცეოდნენ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ეს ყველამ უნდა იცოდეს" - განაცხადა კალაძემ. შეფასებებში კიდევ უფრო შორს წავიდა პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი. მან, მართალია ერთის მხრივ დაგმო ფილმზე ბავშვების დასწრების ფაქტი, თუმცა ის "ნაციონალური მოძრაობის" პროვოკაციად შეაფასა. "ქალაქ ფოთში ორგანიზება გაუკეთეს "თავისუფალი ზონის" მხარდამჭერებს, ბავშვებს, ახალგაზრდებს, სკოლის მოსწავლეებს. მოხდა მათი გამიზნულად მიყვანა და ამ ფილმის ჩვენება. შემდეგ აქცენტი გადაიტანეს იმაზე, რომ ბავშვები აღმოჩნდნენ ამ დარბაზში" - განაცხადა

პრემიერმა.

მიმდინარე წლის 14 მაისს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სერგო რატიანმა განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დასკვნა გაასაჯაროვა.

დასკვნის თანახმად, ფილმის - "სააკაშვილის სისხლიანი ქრონიკის" ჩვენებაზე ბავშვები მხოლოდ ფოთში მიიყვანეს. ჩვენებაზე სკოლის მოსწავლეების დასწრება ფოთის მერის დავალებით, ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა გოჩა ქირიამ უზრუნველყო. აუდიტის დასკვნის მიხედვით, დაირღვა ზოგადი განათლების შესახებ კანონი, ასევე სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსი და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის გადაწყვეტილებით, განათლების სამინისტროს ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, გოჩა ქირიას მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომა, ხოლო ფოთში არსებულ 11 სკოლას კანონმდებლობის დარღვევისთვის გაფრთხილება მიეცა.

აღსანიშნავია, რომ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ფოთში, ზუგდიდსა და ხობში თანამდებობიდან არავინ გაუთავისუფლებიათ, ხოლო მიმდინარე წლის 11 მაისს არასამთავრობო ორგანიზაცია "ყველა თაობა საქართველოსთვის" ხელმძღვანელი გია სალუქვაძე გურიის სახელმწიფო რწმუნებულად დაინიშნა.

დასკვნა

მიმდინარე წლის მარტში, არასამთავრობო ორგანიზაცია "ყველა თაობა საქართველოსთვის" ორგანიზებით, ფოთში, ზუგდიდსა და ხობში ფილმის - "სააკაშვილის სისხლიანი ქრონიკის" ჩვენება გაიმართა. ფილმში ძალადობის ამსახველი კადრები იყო ნაჩვენები. ჩვენებას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების ჩართულობით საჯარო სკოლის მოსწავლეებიც დაესწრნენ. ხელისუფლებამ მომხდარი ფაქტი დაგმო და ამასთან, ის პროვოკაციად შეაფასა. მიმდინარე წლის 11 მაისს კი, არასამთავრობო ორგანიზაცია "ყველა თაობა საქართველოსთვის" ხელმძღვანელი, გია სალუქვაძე გურიის გუბერნატორად დაინიშნა.

ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ დეპუტატ თინა ბოკუჩავას განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი