პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, პაატა კიკნაველიძემ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე ისაუბრა, რომელიც სასამართლოსთვის მიმართვის გარეშე უძრავი ნივთების უკანონო მფლობელების გამოსახლების შესაძლებლობის გაუქმებას ითვალისწინებს. "ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა დედამიწის ზურგზე, რომელიც პირის სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე გამოსახლებას უშვებს" - განაცხადა კიკნაველიძემ.
ჩვენ ევროპის, აშშ-ის და სხვა განვითარებული დემოკრატიული ქვეყნების პრაქტიკის გადამოწმებას შევეცადეთ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2006 წლის 8 დეკემბრის ცვლილებით, აღნიშნული კოდექსის 172-ე მუხლს მე-3 ნაწილი დაემატა. ამ ცვლილების თანახმად, თუ უძრავ ნივთზე საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს ამ მოქმედების აღკვეთა მოსთხოვოს. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავაც გაგრძელდება, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია შესაბამისი ორგანოებისგან მოქმედების აღკვეთა სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე მოითხოვოს. აღნიშნული პუნქტის დამატების მთავარ მოტივსსაკუთრების უფლების დროული და ეფექტური დაცვის უზრუნველყოფა წარმოადგენდა.
ამ საკანონმდებლო ცვლილების გათვალისწინებით, "პოლიციის შესახებ" კანონის მე-9 მუხლს ქვეპუნქტი დაემატა და განისაზღვრა, რომ პოლიციას უფლება აქვს, პირის მიერ საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე აღნიშნული პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგავარად ხელშეშლის აღკვეთა უზრუნველყოს. სწორედ ამ ცვლილებებს მოჰყვა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის №747-ე ბრძანებისგამოცემა, სადაც კონკრეტულად არის გაწერილი პოლიციის მიერ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესები.
ამჟამად პარლამენტში განსახილველი ახალი საკანონმდებლო ინიციატივისმიხედვით, ძალადაკარგულად ცხადდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომელიც "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტთან ერთად, პოლიციის მიერ უძრავი ქონებიდან გამოსახლების საშუალებას იძლევა.
განსახილველი კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით,კანონპროექტის მიღება არსებითი ხასიათის სამართლებრივი ხარვეზითაა გამოწვეული, რაც არასასამართლო, მათ შორის საპოლიციო წესით უძრავი ქონებიდან პირთა გამოსახლების ინსტიტუტს ახასიათებს. ასევე, საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტი საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტს ეწინააღმდეგება, რომლის თანახმადაც, არავის აქვს უფლება შევიდეს საცხოვრებელ ბინაში და სხვა მფლობელობაში მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ, თუ არ არის სასამართლოს გადაწყვეტილება ან კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობა. საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტი კი, ბინაში ან სხვა საკუთრებაში სწორედ მფლობელი პირის ნების საწინააღმდეგოდ, მათ შორის, ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით შესვლას გულისხმობს. კანონპროექტის ინიციატორთა მოსაზრებით, დღეს არსებული მოდელი წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის 21-ე მუხლთანაც (საკუთრების უფლება), ეწინააღმდეგება ერთიანი მართლწესრიგის იდეას, ასევე ევროპული სახელმწიფოების კანონმდებლობასა და პრაქტიკას.
ფაქტ-მეტრის კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საფრანგეთში, გაერთიანებულ სამეფოში, გერმანიაში (გვ. 2), ლატვიაში (გვ. 23), ლიტვაში (გვ. 2), ესპანეთში, აშშ (მაგ. ნევადა, ილინოისი, ტენესი, მასაჩუსეტსი, ჯორჯია, ტექსასი)გამოსახლების საკითხს დიდ ყურადღებას აქცევენ და რეგულირება თითქმის ყველა ქვეყანაში ერთნაირია. კერძოდ, პრაქტიკა პირის გაფრთხილებას, დროის მიცემას და ამ დროის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში სასამართლოსთვის მიმართვას გულისხმობს. მხოლოდ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შემდგომ არის შესაძლებელი პირის, მათ შორის იძულების წესით, გამოსახლება.
ამ მხრივ, ასევე მნიშვნელოვანია, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე"საღინაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ". აღნიშნულ საქმეში მოსარჩელეები იძულებით გადაადგილებულ პირებს წარმოადგენდნენ, რომლებიც 2004 წელს, მინისტრის ზეპირი ბრძანების საფუძველზე, იძულებით გამოასახლეს სამინისტროს კუთვნილი კოტეჯიდან, სადაც ისინი 1994 წლიდან ცხოვრობდნენ. სასამართლომ დაადგინა, რომ სამოქალაქო კოდექსისა და "დევნილთა შესახებ" კანონის თანახმად, სამინისტროსთვის კოტეჯის პირველი განმცხადებლის მფლობელობიდან დაბრუნების ერთადერთი კანონიერი გზა შეჯიბრებითობის პრინციპით გამართული სასამართლო პროცესი იყო (პარ. 111). სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ შეჯიბრებითი პროცესი მხარეებს საშუალებას მისცემდა თვითნებური ქმედებების წინააღმდეგ ეფექტური დამცავი ზომები გამოეყენებინათ. შესაბამისად, ეს პროცესი გამოსახლების წინმსწრები უნდა ყოფილიყო.
აღსანიშნავია, რომ გამოსახლების მიზეზი შეიძლება სხვადასხვა იყოს. ფაქტ-მეტრის მიერ შესწავლილი პრაქტიკა ძირითადად სამ საფუძველს ემყარება: 1) დავალიანების გამო უძრავი ქონების ახალ მესაკუთრეზე გადასვლა, რომლის შემდგომაც თავდაპირველი მესაკუთრე კვლავ განაგრძობს ქონებით სარგებლობას ახალი მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ, 2) გამქირავებელსა და დამქირავებელს შორის არსებული ურთიერთობა, როდესაც მიუხედავად იმისა, რომ დამქირავებელს არ აქვს უძრავი ქონებით სარგებლობის სამართლებრივი საფუძველი, ის მაინც აგრძელებს სარგებლობას და 3) ე.წ. "სკვოტერების" პრობლემა, რომლის დროსაც სხვის საკუთრებაში უნებართვოდ შესახლება ხდება. უმრავლეს შემთხვევაში, განსხვავებული საფუძვლების მიუხედავად, გამოსახლების ძირითადი პროცედურა ზემოაღნიშნულ ქვეყნებში ერთნაირია, ანუ ის სასამართლო გადაწყვეტილებასსაჭიროებს. ჩატარებული კვლევის ფარგლებში არ მოიძებნა ქვეყანა, რომელიც აღნიშნულ პრაქტიკას ეწინააღმდეგება.
აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ იურიდიული კომიტეტის მიერ მომზადებულ კანონპროექტს ჰყავს მოწინააღმდეგე მხარეებიც, რომლებიც არასაკმარისად მიიჩნევენ კანონპროექტის ინიციატივის დასაბუთებას. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აღნიშნავს,რომ არსებობს იმის რეალური რისკი, რომ კანონი ვერ შეძლებს იპოთეკართა უფლებების დაცვას და პირიქით, უფრო უარყოფითი შედეგის მომტანიც კი შეიძლება გახდეს მათთვის. შესაძლოა, ცვლილებებმა მხოლოდ დროში გაწელოს მათი გამოსახლების პროცესი და შედეგი მაინც გარდაუვალი აღმოჩნდეს. ამასთან, მესაკუთრემ შეიძლება სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლი გამოიყენოს თავის სასარგებლოდ და სისხლის სამართლის საქმე აღძრას პირის მიმართ, რომელიც უკანონოდ, მისი ნების საწინააღმდეგოდ იმყოფება მისსავე ბინაში ან სხვა საკუთრებაში. კანონის ამგვარი ინტერპრეტაცია გაცილებით უფრო დაამძიმებს იპოთეკართა მდგომარეობას. ასევე, "საერთაშორისო გამჭვირვალობის" მოსაზრებით, კანონპროექტი ნეგატიურ გავლენას მოახდენს საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე და ა.შ. საბანკო სექტორი იძულებული იქნება კრედიტის გაცემის პროცედურები გაართულოს, რაც ბუნებრივად გააძვირებს საბანკო პროდუქტებს. აღნიშნული კი, პირდაპირ აისახება ეკონომიკაზე და განხორციელებულ ინვესტიციებზე - ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დასკვნაში.
განსახილველ კანონპროექტთან დაკავშირებით თავისი უარყოფითი დამოკიდებულება დააფიქსირა ბიზნეს-ომბუდსმენის აპარატმაც. აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშინათქვამია, რომ უძრავ ნივთზე საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის ადმინისტრაციული (არასასამართლო) წესი საკუთრების უფლების დაცვის ეფექტური საშუალებაა და აღნიშნული წესის გაუქმება მესაკუთრეთა უფლებრივ მდგომარეობას გააუარესებს. კერძოდ, გაზრდის ბიზნეს სუბიექტების ხარჯებს და დროში გაახანგრძლივებს მათი უფლების დაცვის პროცესს.
ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის, ზურაბ გვასალიას მოსაზრებით,ჯერჯერობით სახელმწიფო არ არის მზად ამ ცვლილებებისთვის. სასამართლო ხელისუფლებასა და აღსრულებას არ გააჩნიათ და არც უახლოეს მომავალში ექნებათ აღნიშნული პროექტის ეფექტიანად განხორციელებისთვის საკმარისი რესურსი.
დასკვნადეპუტატის აზრით, კანონპროექტის მიღების ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი საერთაშორისო პრაქტიკაა, რომლის მიხედვითაც დაუშვებელია სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე პირის გამოსახლება. როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ევროპის სამართალი არ იცნობს მფლობელობიდან პირის გამოსახლებას სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე. ფაქტ-მეტრის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოში, აშშ-ში და სხვა განვითარებულ ქვეყნებში მსგავსი პრაქტიკა მოქმედებს.
მართალია, კვლევის ფარგლებში არ მოიძებნა ქვეყანა, რომელიც აღნიშნულ პრაქტიკას ეწინააღმდეგება, თუმცა გამოიკვეთა ის უარყოფითი შედეგები, რაც შეიძლება თან ახლდეს შემოთავაზებული კანონპროექტით გათვალისწინებულ პროცედურას (გაჭიანურებული პროცესი, დიდი ხარჯი, საკუთრების უფლების შეზღუდვა და ა.შ.). "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" და ბიზნეს-ომბუდსმენის პოზიციის თანახმად, ისეთ განვითარებად ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, აღნიშნული ცვლილება ზიანს მიაყენებს საბანკო სექტორს.
თავის განცხადებაში პაატა კიკნაველიძემ ზემოთხსენებულ რისკებზე ყურადღება არ გაამახვილა. ამდენად, მის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია ფაქტობრივად სწორია, თუმცა, მას აღნიშნული კონტექსტი აკლია.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, პაატა კიკნაველიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.