გურიის ფეხბურთის ფედერაციის დელეგატის შერჩევა დარღვევებით მოხდა. "ამ უკანონობის "გაპრავებას" ხელს ვერ მოვაწერ. ისევ ტყებუჩავა წარადგინეს, კენჭი უყარეს და ახლა ამაზე მიდის მსჯელობა. იქ იყო მოწვეული იურისტი, რომელმაც განმარტა, რომ კახა ებრალიძეს აქვს უფლება, პირდაპირ წარადგინოს დელეგატი. მე ვიცი, რომ ამის უფლება მას კანონით არ აქვს. ამდენი ხანია ხალხი ებრალიძეს დასდევს და ვერ ნახეს. ამ სიტუაციაში არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, თუმცა ეს არის უკანონობის დაკანონება და ეს ახლოს არის სისხლის სამართლის დანაშაულთან" - აღნიშნა ფიფიამ.
ფაქტ-მეტრი ამ საკითხით დაინტერესდა და რომან ფიფიას განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები 2015 წლის 3 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებში ხმის მიცემის უფლებით სფფ-ის წევრების მიერ წარდგენილი დელეგატები სარგებლობენ. ფედერაციის წესდების მეათე მუხლის მიხედვით, სფფ-ში 35 წევრია. სექტემბერში, გურიის ფეხბურთის ფედერაციიდან აღმასრულებელ კომიტეტში დელეგატობის ორი კანდიდატი წარადგინეს. გურიის ფედერაციის ხელმძღვანელმა, კახა ებრალიძემ, ხმის უფლების მქონე დელეგატად გოჩა ტყებუჩავა დაასახელა, რასაც გურიის ფეხბურთის ფედერაციის გამგეობის წევრების უკმაყოფილება მოჰყვა. მათი თქმით, პრეზიდენტს ამის უფლებამოსილება არ გააჩნდა და მან ეს ერთპიროვნულად გააკეთა. ამის საპასუხოდ, მათ გამგეობის სხდომა მოიწვიეს, სადაც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე დელეგატად იური ჩხეიძე აირჩიეს. 2015 წლის 7 სექტემბერს გამართულ სხდომაზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა გამგეობის მოსაზრება არ გაითვალისწინა, ბათილად ცნო მიღებული გადაწყვეტილება და დელეგატად გოჩა ტყებუჩავა დატოვა. საბოლოოდ, დაპირისპირება განსახილველად საფეხბურთო დავების განმხილველ ტრიბუნალს გადაეცა. 2015 წლის 17 სექტემბერს, ტრიბუნალის გადაწყვეტილებით,გურიის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის გამგეობის სხდომის მიერ მიღებული გადაწყვეტილება რეგიონალური ფედერაციის წესდების დარღვევის გამო უკანონოდ მიიჩნიეს. ტრიბუნალის აზრით, წესდების მიხედვით, კრების გადაწყვეტილება მაშინ არის კანონიერი, როდესაც მას წევრების 2/3-ი და რეგიონალური ფედერაციის პრეზიდენტი ან მისი მოადგილე ესწრება. მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნულ კრებას არც პრეზიდენტი (კახა ებრალიძე) და არც პრეზიდენტის მოადგილე (ეს თანამდებობა დღემდე ვაკანტურია) არ დასწრებია.
ტრიბუნალმა მეორე საკითხზეც იმსჯელა და აღმასკომის 2015 წლის 7 სექტემბრის ის გადაწყვეტილებაც გააუქმა, რომლის მიხედვითაც, გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატი გოჩა ტყებუჩავა დელეგატად დამტკიცდა. გადაწყვეტილების მიზეზი შესაბამისი ოქმის არ არსებობა იყო. ტრიბუნალმა რეგიონალური ფედერაციის გამგეობას ვადა 23 სექტემბრამდე მისცა, რათა მათ წესდების ნორმების დაცვით ემოქმედათ და დელეგატი წესების სრული დაცვით აერჩიათ. 20 სექტემბერს გამგეობამ დელეგატად კვლავ იური ჩხეიძე დაასახელა, კახა ებრალიძე კი სხდომას ისევ არ დასწრებია. საბოლოო გადაწყვეტილება 2015 წლის 23 სექტემბერს აღმასკომის შეხვედრაზე მიიღეს, სადაც გოჩა ტყებუჩავას დელეგატობა აღუდგა, ხოლო გამგეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკანონოდ ცნეს. თანამდებობიდან მოხსნესსაფეხბურთო დავების განმხილეველი ტრიბუნალის თავმჯდომარე ზურაბ ბიწაძე, რის ოფიციალურ მიზეზად მისი არაობიექტურობა დასახელდა.
გურიის ფეხბურთის ფედერაციის წესდება ამ საკითხის ირგვლივ ზუსტი დასკვნების გამოტანის საშუალებას არ იძლევა. აღნიშნულ დოკუმენტში ზუსტად არ არის განსაზღვრული დელეგატის არჩევის პროცედურები. ასევე, არ არსებობს კონკრეტული ნორმა, რომელიც გამგეობისა და ფედერაციის პრეზიდენტის უფლებამოსილებას გამიჯნავს. წესდებაში ზოგადი დებულების სახით წერია, რომ "ფედერაციის გამგეობა წარმოადგენს ხელმძღვანელ და წარმომადგენლობით ორგანოს, რომელიც წესდების 5.15-ე მუხლის თანახმად იღებს გადაწყვეტილებებს იმ საკითხებზე, რაც არ განეკუთვნება ფედერაციის უმაღლესი ორგანოს - საერთო კრების კომპეტენციას. ხოლო წესდების 5.16-ე მუხლის მიხედვით, პრეზიდენტი "ასრულებს გამგეობის და საერთო კრების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს". თუმცა, მეორეს მხრივ, სახეზე გვაქვს ამავე წესდების 5.8 მუხლი, რომლის მიხედვითაც "ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლება გააჩნია პრეზიდენტსაც, გამგეობასთან ერთად".
არსებული პრაქტიკის მიხედვით, არჩევნებში მონაწილე დელეგატს უფლებამოსილებას რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის გამგეობა ხმის მიცემის უფლებით ანიჭებს. მსგავსი გზით აირჩიეს წარმომადგენელი აჭარაში და რაჭა-ლეჩხუმში. აქვე საყურადღებოა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წესდების 21-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც დელეგატი უნდა "დაინიშნოს ან აირჩეს შესაბამისი სათანადო ორგანოს მიერ". შესაბამისად, ამ ნორმითაც რთულია განისაზღვროს თუ რომელ კონკრეტულ ორგანოს ეკისრება დელეგატის არჩევის პასუხისმგებლობა.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ აღმასრულებელმა კომიტეტმაც და ტრიბუნალმაც, გურიის ფეხბურთის ფედერაციიის გამგეობის გადაწყვეტილება ბათილად პროცედურული წესების დარღვევის და არა უფლებამოსილების არქონის მიზეზით სცნო. ადგილობრივი ფედერაციის წესდების მიხედვით, გამგეობას დელეგატის არჩევის შესაძლებლობა არ ეკრძალება. კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაბათილების მიზეზი სხდომაზე პრეზიდენტის დაუსწრებლობაიყო. გამგეობის წევრების მტკიცებით, კახა ებრალიძე წესდების მიხედვით, 2 დღით ადრე იყო ინფორმირებული შეხვედრის შესახებ, თუმცა სხდომას მაინც არ დაესწრო, რისი უფლებაც მას წესდებით არ ჰქონდა. თავად პრეზიდენტი ამ ფაქტს უარყოფს და სხდომის გაცდენის მიზეზად არაინფორმირებულობას ასახელებს. საინტერესოა ტრიბუნალის გადაწყვეტილება, რომელმაც გურიის ფეხბურთის ფედერაციას გამგეობის სხდომის ჩატარება და დელეგატის არჩევა 23 სექტემბრამდე მოთხოვა. სფფ-ის წესდების 59-ე მუხლით, საფეხბურთო დავების განმხილველ ტრიბუნალს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილების განხილვა და შეცვლა შეუძლია. ტრიბუნალის გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ გურიის რეგიონალური ფედერაციის დელეგატი გამგეობის სხდომის საფუძველზე უნდა იქნას არჩეული.
დასკვნა
გოჩა ტყებუჩავას დელეგატად განმეორებით დამტკიცებაში სახეზეა სხვადასხვა პროცედურული სახის, თუმცა არა სისხლის სამართლებრივი დარღვევა. დელეგატის წარდგენასთან დაკავშირებით რამდენიმე გარემოებაა გასათვალისწინებელი. დავა გრფფ-ის და სფფ-ის წესდებამ წარმოშვა, სადაც პირდაპირ არ არის განსაზღვრული, თუ ვის კომპეტენციაში შედის დელეგატის არჩევა. თუმცა, არსებობს ზოგადი პრაქტიკა და სპორტული ტრიბუნალის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომელიც კანდიდატის დანიშვნას გამგეობის სხდომის საფუძველზე მოითხოვდა.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, რომან ფიფიას განცხადება არის მეტწილად სიმართლე.