სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის თქმით, სახელმწიფო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებთან მიმართებაში ნეიტრალიტეტს იცავს. "ჩვენ სრულ ნეიტრალიტეტს ვიცავთ ბოლო მომენტამდე, იმიტომ, რომ მე ვფიქრობ საფეხბურთო სამყაროს შესწევს იმის ძალა, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩაატაროს დემოკრატიული, გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნები" - განაცხადა ხეჩიკაშვილმა.

მკითხველის თხოვნის საფუძველზე, ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადებით დაინტერესდა და ფეხბურთის ფედერაციის არჩევნების ირგვლივ შექმნილი ვითარება შეისწავლა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) წესდების

თანახმად, ფეხბურთის ფედერაცია ფეხბურთის ხელმძღვანელი ერთადერთი ორგანოა საქართველოში, რომელიც დამოუკიდებლად და სრულად წარმართავს საფეხბურთო საქმიანობას. მისი იურისდიქცია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება.

სფფ-ის აღმასკომის 14 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები 2015 წლის 3 ოქტომბერს გაიმართება. მომავალ არჩევნებზე კენჭს ფედერაციის ყოფილი გენერალური მდივანი რევაზ არველაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი ლევან კობიაშვილი და უეფას მედიაოფიცერი მამუკა კვარაცხელია იყრიან.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების დამოუკიდებლად და დემოკრატიულად ჩატარება საქართველოში ადრეც გამხდარა მითქმა-მოთქმის საფუძველი. შეგვიძლია გავიხსენოთ თუნდაც 2007 წლის არჩევნები, როდესაც ყოფილი ფეხბურთელი გიორგი ნემსაძე 13 მაისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყრილობაზე, ფედერაციის პრეზიდენტად არჩევიდან ერთ საათში თანამდებობიდან გადადგა.

მაშინ ბევრი ამ მოულოდნელი გადაწყვეტილების მიზეზად პოლიტიკური წრეების ზეწოლას ასახელებდა.

მიმდინარე წლის ივლისში, ლევან კობიაშვილი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის თამაშებზე ოლიმპიური სოფლის მერად წარადგინა. 2015 წლის 27 ივლისს ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, ჩაერეოდა თუ არა სახელმწიფო ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ უპასუხა: "

სახელმწიფო უნდა ჩაერიოს. რომ არ ჩაერიოს, ეს იქნება დანაშაული და პრობლემა. სახელმწიფო ყოველწლიურად დაახლოებით 40 მილიონზე მეტს ხარჯავს ქართულ ფეხბურთში. დღეს ეტყობა ქართულ ფეხბურთს რაიმე, რომ 40 მილიონი ლარი იხარჯება? ის, რაც ხდება ფეხბურთის ფედერაციაში, ის ჭაობი, რაც არის, უნდა დავასრულოთ ერთიანი ძალისხმევით".

როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წესდება ითვალისწინებს, სფფ დამოუკიდებელი ორგანოა. ფიფას (ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია) წესდების 17-ე მუხლის შესაბამისად და უეფას (ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირი) წესდების 7 მუხლის თანახმად, თითოეული წევრი ფედერაციის (მათ შორის სფფ-ის) აღმასრულებელი ორგანო (მათ შორის პრეზიდენტი) თავისუფლად უნდა იყოს არჩეული, ე.ი. პროცედურის შესაბამისად, რომელიც არჩევნების სრულ დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს. ეს უკანასკნელი კი იმას გულისხმობს, რომ როგორც ფიფასთვის, ისე უეფასთვის საარჩევნო პროცესში მთავრობის მხრიდან ნებისმიერი ჩარევა მიუღებელია.

3 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებში საპრეზიდენტო კანდიდატებისთვის ხმის მიცემის უფლებით სფფ-ის წევრების მიერ შერჩეული დელეგატები სარგებლობენ. ფედერაციის წესდების

მეათე მუხლში ჩამოთვლილია სფფ-ის 35 წევრი - რეგიონალური ფედერაციები, საფეხბურთო კლუბები, ფეხბურთთან დაკავშირებული ასოციაციები და გაერთიანებები. საპრეზიდენტო კანდიდატურებსაც სფფ-ის სუბიექტები წარადგენენ. 2015 წლის 25 აგვისტოს საპრეზიდენტო კანდიდატად ოფიციალურად დარეგისტრირდა ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე. ის გურიის, აფხაზეთის, ცხინვალის, იმერეთის და სამეგრელოს რეგიონალური ფედერაციებმა, ასევე საქართველოს ფუტზალის ასოციაციამ, საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა კავშირმა და საფეხბურთო კლუბმა "ვით-ჯორჯიამ" წარადგინა.

2015 წლის 19 აგვისტოს გურიის რეგიონალური ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ებრალიძემ ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატად რევაზ არველაძე წარადგინა, ხოლო ხმის უფლების მქონე დელეგატად გოჩა ტყებუჩავა შეარჩია. აღნიშნული გადაწყვეტილებების გამო, გურიის ფედერაციის გამგეობის წევრებმა პროტესტი გამოთქვეს. აღსანიშნავია, რომ გოჩა ტყებუჩავა საქართველოს ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელია და ხელფასს უშუალოდ ეროვნული ფედერაციიდან იღებს. გურიის ფედერაციის გამგეობის წევრებს სურდათ, რომ ადგილობრივი ფედერაციის პრეზიდენტის, კახა ებრალიძის გადაწყვეტილება გაუქმებულიყო და ყრილობაზე დელეგატი საფეხბურთო კლუბ "გურიას" აღმასრულებელი დირექტორი იური ჩხაიძე ყოფილიყო. თუმცა, სფფ-ის აღმასკომმა დელეგატად ტყებუჩავა დატოვა. პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი მამუკა კვარაცხელია სფფ-ს მისსავე ეთიკის კოდექსის მე-5 მუხლზე მიუთითებს,

სადაც ინტერესთა კონფლიქტზეა საუბარი: "არავითარი უფლება არ აქვთ დელეგატად დანიშნონ ადამიანი, ვინც ფედერაციაში ხელფასს იღებს! ფედერაციამ კი, ასეთი პრეცედენტები რეგიონებში დაუშვა, სადაც დელეგატებად საკუთარი თანამშრომლები შეარჩია".

2015 წლის 17 სექტემბერს, საფეხბურთო დავების განმხილველმა სპორტულმა ტრიბუნალმა გურიის ფეხბურთის ფედერაციის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

გაუქმდა სფფ-ის აღმასკომის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც გურიის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის დელეგატად გოჩა ტყებუჩავა იყო დამტკიცებული. გურიის რეგიონალური ფედერაციის სხდომის ოქმი ბათილად იქნა ცნობილი, ხოლო გურიის ფედერაციას დელეგატის ასარჩევად გამგეობის ახალი სხდომის დანიშვნა დაევალა.

2015 წლის 3 სექტემბერს, "გურიანიუსმა" სახელმწიფოს მხრიდან საარჩევნო პროცესში ჩარევის ფაქტზე ინფორმაცია გაავრცელა. ინფორმაციის

თანახმად, გურიის გუბერნატორის მოადგილის, სოსო ერქომაიშვილის კაბინეტში გურიის ფეხბურთის ფედერაციის გამგეობის წევრები შეიკრიბნენ. შეხვედრას სუს-ის თანამშრომელი ირაკლი ანდღულაძეც ესწრებოდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით გუბერნატორის მოადგილემ შემდეგი განმარტება გააკეთა: "რაც შეეხება უშიშროების თანამშრომლის დასწრებას შეხვედრაზე, ეს იყო ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრა, პროცესი და მეტი არაფერი. ჩვენ ვხედავთ რაღაც არასწორ ნაბიჯებს ფედერაციის პრეზიდენტის მხრიდან და ჩვენ ამასთან დაკავშირებით ვაპირებთ განცხადების გაკეთებას".

2015 წლის 4 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციით,

გურიის ფეხბურთის სამხარეო ფედერაციის პრეზიდენტის, კახა ებრალიძის ოჯახის ბიზნესით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დაინტერესდა. როგორც ებრალიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, საგამოძიებო სამსახურმა საოჯახო ბიზნესის, კერძოდ ლანჩხუთში არსებული კაფე-ბარის დოკუმენტაციის შესწავლა დაიწყო. ებრალიძემ სამართალდამცველების მხრიდან დაინტერესება არჩევნებში რევაზ არველაძის მიმართ მის მხარდაჭერას დაუკავშირა.

იმერეთის ფეხბურთის ფედერაცია იმ საარჩევნო სუბიექტებს შორისაა, რომლებიც 3 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ღიად უჭერენ მხარს სფფ-ის გენერალურ მდივან რევაზ არველაძეს. "რევაზ არველაძეს ჩემგან ხმა ეკუთვნის. მე მისი თანამშრომელი ვარ და არასწორად მოვიქცევი, თუ სხვა არჩევანს გავაკეთებ. არ მინდა, მერე ჩემმა შვილიშვილებმა თქვან, რომ მოღალატე ბაბუა ჰყავდათ" - განაცხადა

იმერეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვალერი მანაგაძემ. მან იმერეთის ფედერაციის ხმის უფლება ოთარ კორღალიძეს გადასცა, რომელიც ვეტერანთა კავშირის წევრია და არველაძის კანდიდატურას ამ გაერთიანების მეშვეობითაც ემხრობა. აღსანიშნავია, რომ ბავშვთა საფეხბურთო სკოლების გაერთიანების სახელით არჩევნებში მონაწილეობას რევაზ არველაძის ძმა, არჩილ არველაძეც მიიღებს.

4 სექტემბერს, სფფ-ის აღმასკომმა 24 საფეხბურთო კლუბის მოთხოვნა განიხილა, რომლებიც სფფ-ის სუბიექტებად დარეგისტრირებას ითხოვდნენ. იმერეთის გუბერნატორის, გოგი ჭიჭინაძის ინიციატივით, იმერეთის ყველა კლუბს ფედერაციაში სასწრაფოდ გაწევრიანების თაობაზე მიმართვა გაეგზავნა. pirveliradio.ge-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით,

იმერეთის გუბერნატორმა მუნიციპალიტეტების გამგებლებს აპლიკაციის ფორმა შემდეგი შინაარსის წერილით გაუგზავნა: "საფეხბურთო კლუბის წარმომადგენლებმა უნდა უზრუნველყონ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამდივნოში აღნიშნული ინფორმაციის წარდგენა ფიზიკურად და სამუშაო დღის განმავლოში. სასწრაფოდ მიაწოდეთ გამგებლებს". წერილში ასევე აღნიშნულია, რომ გამგზავნად მითითებულია imereti.gov.ge.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით,

აღნიშნული წერილი იმერეთის გუბერნატორთან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ, აკაკი ლოდიამ გაგზავნა, რაც სპორტის მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა უარყო. ამ ფაქტთან დაკავშირებით პრეზიდენტობის კანდიდატმა მამუკა კვარაცხელიამ შემდეგი განცხადება გააკეთა: "მივესალმები იმერეთის გუბერნატორის, გოგი ჭიჭინაძის ინიციატივას, რომ გაეგზავნოს ყველა კლუბს მიმართვა ფედერაციაში სასწრაფოდ გაწევრიანების თაობაზე". ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ 24 კლუბის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ფედერაციის სუბიექტების რაოდენობა 35 წევრიდან 59 წევრამდე, სავარაუდოდ, სახელმწიფოსთვის სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ გაიზრდებოდა.

სფფ-ის გადაწყვეტილებით, ზემოაღნიშნული 24 საფეხბურთო კლუბის საკითხს რიგგარეშე აღმასკომის სხდომაზე განიხილავენ, რომელიც პირველ დეკემბრამდე ჩატარდება. ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, გიორგი ფირცხალავამ შემდეგი განცხადება

გააკეთა: "ჩვენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წევრობაზე არავისთვის გვითქვამს უარი. უბრალოდ, ამ შემთხვევაში დოკუმენტაცია არ იყო სრულყოფილად წარმოდგენილი. ჩვენ პირველივე შესაძლებლობაზე, წლის ბოლომდე რიგგარეშე ყრილობას ჩავინიშნავთ და იქ განვიხილავთ გუნდების გაწევრიანების საკითხს". შესაბამისად, 24 კლუბის სფფ-ის წევრობის განხილვა სამომავლოდ გადაიდო, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი 3 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. აღმასკომის ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან საფეხბურთო კლუბ "დინამო თბილისის" პრეზიდენტი რომან ფიფია და პრეზიდენტობის კანდიდატი მამუკა კვარაცხელია. მათ არ ესმით, თუ რატომ არ აძლევენ კლუბებს ხმის უფლებას და აღნიშნავენ, რომ კლუბების უფლებაა, იყვნენ ფედერაციის სუბიექტები და ხმის უფლებით სარგებლობდნენ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გამოაქვეყნა ფიფადან და უეფადან მიღებული წერილები, სადაც აღნიშნულია, რომ სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ყოველგვარი გარე ჩარევა დაუშვებელია და ფიფას და უეფას წესდებას ეწინააღმდეგება. ამ წერილებთან დაკავშირებით სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა შემდეგი განცხადება

გააკეთა: "რაც მათ (სფფ-მ) ფიფას და უეფას წარუდგინეს, არ არის საკმარისი მტკიცებულება იმისთვის, რომ სახელმწიფო ერევა ან ჩაერევა ფედერაციის საქმიანობაში".

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ სფფ-ის მისამართით საპასუხო წერილი

მოამზადა. წერილის ასლი ასევე გაეგზავნა უეფას. წერილში აღნიშნულია, რომ სამინისტრო მხოლოდ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით არის ინფორმირებული წინასაარჩევნო პროცესების შესახებ. სამინისტრო იზიარებს ბატონი ჯანი ინფანტინოს (უეფას გენერალური მდივანი) პოზიციას იმის თაობაზე, რომ საარჩევნო პროცესები უნდა განხორციელდეს სფფ-ის წესდების და რეგულაციების თანახმად. წერილში ძირითადი ყურადღება ფედერაციის მისამართით საპასუხო ბრალდებებს ეთმობა:

  • გურიის რეგიონალური ფედერაციის პრეზიდენტს არ გააჩნია უფლებამოსილება მიიღოს ერთპიროვნული გადაწყვეტილება ფედერაციის უმაღლესი ან/და ხელმძღვანელი და წარმომადგენლობითი ორგანოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
  • სფფ-ის მიერ არაერთხელ იქნა დარღვეული ეთიკის კოდექსის მე-5 მუხლი, როდესაც დელეგატებად სფფ-ის სხვადასხვა წევრმა, ხუთზე მეტი პიროვნება, მათ შორის ნაკრების მწვრთნელი, ყრილობის დელეგატებად წარადგინა, რომლებიც სფფ-ის თანამშრომლები არიან და რომლებმაც ხმა იმ პერიოდისთვის მათ უშუალო ხელმძღვანელს - გენერალურ მდივანს უნდა მისცენ;
  • ეთიკის კოდექსი დარღვეული იქნა თავად პრეზიდენტობის კანდიდატის (რევაზ არველაძის) მიერ, როცა მან დროულად არ მოიხსნა უფლებამოსილება.
2015 წლის 15 სექტემბერს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ტარიელ ხეჩიკაშვილი Palitra.tv-ს გადაცემა "პროვოკატორს" სტუმრობდა. ძირითადი სასაუბრო თემა სწორედ სფფ-ის მომავალი არჩევნები იყო. მან მკაცრად გააკრიტიკა ფედერაციის ხელმძღვანელობა, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელი პრეზიდენტობის კანდიდატი რევაზ არველაძეა: "ფედერაცია აბსოლუტურად ჩაკეტილი სივრცეა...", "ყელში ამოუვიდა ფეხბურთის ჯანსაღ ძალებს...", "ათეულობით ადამიანი, რომელიც პირადი კეთილდღეობისთვის არის...", "მანახეთ ვინ არის კმაყოფილი". ტარიელ ხეჩიკაშვილმა ყრილობის დელეგატების დაკომპლექტების და პრეზიდენტის არჩევის წესებზე კრიტიკული საუბრისას ასევე განაცხადა: "...

ეგრე ბლატერიც (ფიფას პრეზიდენტი) აირჩიეს და მეორე დღეს გადადგა. ამიტომ, ასე არ არის" - განაცხადა ხეჩიკაშვილმა. ცხადია, ასეთი ტიპის განცხადებები სახელმწიფოს მხრიდან ნეიტრალურობის გამოვლინების მაგალითად ნამდვილად ვერ ჩაითვლება.

  დასკვნა

სახელმწიფოს მხრიდან ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში ჩარევა ფიფას და უეფას წესდებას და ასევე ქართულ კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. საკითხის კვლევისას ნამდვილად გამოვლინდა რიგი ქმედებები, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან ფეხბურთის ფედერაციაზე ზემოქმედების და საარჩევნო პროცესში ჩარევის მცდელობის მაგალითებად შეგვიძლია მივჩნიოთ. ასევე, კითხვის ნიშნებია ფეხბურთის ფედერაციის და აღმასკომის საქმიანობაშიც. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, ჩვენი ძირითადი კვლევის საგანი ის გახლდათ, თუ რამდენად ინარჩუნებს მთავრობა ნეიტრალიტეტს ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებთან მიმართებაში.

ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ მიმდინარე წლის ივლისში განაცხადა, რომ სახელმწიფო ფედერაციის საქმიანობაში უნდა ჩარეულიყო. მოგვიანებით, 22 სექტემბერს კალაძემ განმარტა, რომ მისი ნათქვამი არასწორად იყო ინტერპრეტირებული და ის ჩარევაში "ფინანსურ ჩარევას" გულისხმობდა. მიუხედავად ამისა, კვლავ გაუგებარია, თუ რას გულისხმობდა კახა კალაძე "ფინანსურ ჩარევაში" და რამდენად ხდის ეს უფრო ლეგიტიმურს სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირის გაცხადებულ სურვილს, ავტონომიური ინსტიტუტის საქმიანობაში ჩაერიოს.

სახელმწიფოს მიერ ფედერაციის საქმიანობაში ჩარევაზე სხვა ფაქტებიც მიუთითებენ, მაგალითად, საარჩევნო პროცესში გუბერნატორების და სუს-ის თანამშრომლების აქტიურობა, აგრეთვე მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებებიც.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის განცხადება არის მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი