იტვირთება

2015 წლის 11 სექტემბერს, საქართველოს მთავრობამ მის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ყოვეწლიური ანგარიში

გამოაქვეყნა, სადაც ერთ-ერთი თავი საერთაშორისო და ადგილობრივი ფრენების განვითარებას შეეხო (გვ. 45). ანგარიშში ნათქვამია, რომ "საქართველოს ბაზარზე სხვადასხვა კომპანია შემოვიდა: "Yanair", "Air Arabia", "Air Cargo", "Air Astana", "Elinair", "Dart" და "Borajet". "Pegasus"-მა და "Belavia"-მ კი, ფრენები ქუთაისიდან დაიწყეს".

ფაქტ-მეტრი აღნიშნული საკითხით დაინტერესდა.

უკრაინული ავიაკომანია "Yanair" ქართულ ბაზარზე 2014 წელს შემოვიდა და ფრენებს კიევის მიმართულებით, საქართველოს ორი ქალაქიდან - თბილისიდან და ბათუმიდან ახორციელებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2014

წელს კიევი-თბილისი-კიევის მიმართულებით განხორციელებული რეისებით ჯამში 3 174-მა მგზავრმა ისარგებლა, ხოლო კიევი-ბათუმი-კიევის მარშრუტით 7 467 მგზავრი იქნა გადაყვანილი. გარდა კიევისა, "Yanair" ფრენებს ბათუმიდან ოდესის მიმართულებითაც ახორციელებს.

თბილისი რიგით მე-100 მიმართულება აღმოჩნდა დაბალბიუჯეტიანი არაბული ავიაკომპანია "Air Arabia"-სთვის, რომელმაც ქართულ ბაზარზე ოპერირება 2014 წლის 28 ოქტომბერს დაიწყო. კომპანია არაბთა გაერთიანებულ საემიროს ეკუთვნის და რეგულარულ ფრენებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით ახორციელებს. ქართულ ბაზარზე შემოსვლის შემდეგ კი, მგზავრთა გადაყვანას შარჯა-

თბილისი-შარჯას მიმართულებით უზრუნველყოფს.

"Air Astana" ყაზახური ავიაკომპანიაა, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2011 წელს შემოვიდა. თბილისში ოპერირების დაწყების შემდეგ, კომპანიის მიერ გადაყვანილმა მგზავრთა რაოდენობამ 120 000-ს გადააჭარბა. ამ პერიოდის განმავლობაში ყაზახური ავიაკომპანია ფრენებს თბილისდან ალმა-ატას მიმართულებით ახორციელბდა. 2014 წლის 2 ივნისიდან კი, ავიაკომპანიამ ახალი მიმართულება ასტანა-თბილისი

დაამატა, რომელიც კვირაში ორჯერ, თბილისის აეროპორტიდან სრულდება.

2015 წლის 9 ივნისიდან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სალონიკის მიმართულებით ფრენები დაიწყო 2013

წელს დაარსებულმა დაბალბიუჯეტიანმა ბერძნულმა ავიაკომპანია "Ellinair"-მა. ავიაკომპანიისთვის ეს მარშრუტი ქართულ ბაზარზე ერთადერთია. თბილისი-სალონიკის მიმართულებით ფრენა კვირაში ერთხელ სრულდება, ჯამში კი კომპანიის თვითმფრინავები 30 სხვადასხვა მარშრუტზე ასრულებენ ფრენებს.

2015 წლის 31 მაისიდან საქართველოს მიმართულებით ჩარტერული ფრენები უკრაინულმა მცირებიუჯეტიანმა კომპანია "Dart"-მა დაიწყო. ავიაკომპანია მგზავრთა გადაყვანას კიევი-ბათუმის მიმართულებით უზრუნველყოფს. ავიარეისები შეზღუდული პერიოდით, ტურისტული სეზონის დროს განხორციელდება, რაც საკურორტო ქალაქების სიაში ბათუმის შეტანით

არის გამოწვეული. უკრაინის სახელმწიფო საავიაცო სამსახურის მიერ გაცემული ნებართვის მიხედვით, ფრენა 2015 წლის 24 ოქტომბრამდე იქნება შესაძლებელი.

საქართველოს სამოქალაქო საავიაციო სააგენტოს ინფორმაციის

მიხედვით, თურქულ ავიაკომპანია "Borajet"-ს 2015 წლის 4 სექტემბრიდან სტამბული-ბათუმის მარშრუტზე რეგულარული ფრენების საშუალება მიეცა. თურქული კომპანია ძირითადად ადგილობრივი რეისების შესრულებით არის დაკავებული და ეს მიმართულება ქართულ ბაზარზე მისთვის პირველი იქნება.

მთავრობის ანგარიშში ასევე მოცემულია ავიაკომპანიები, რომლებმაც ფრენები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან დაიწყეს. ერთ-ერთი მათგანი კი თურქული "Pegasus"-ია, რომელმაც ქუთაისი-სტამბულის მიმართულებით ფრენები 2015 წლის 19 მაისიდან დაიწყო. "

პეგასუსი" ქართულ ბაზარზე უკვე 5 წელია რაც იმყოფება. ამ კომპანიამ პირველი ფრენა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 2010 წელს განახორციელა. ქუთაისიდან სტამბულის მიმართულებით ფრენები კვირაში სამჯერ ხორციელდება, ბილეთის მინიმალური ფასი კი 30 ევროა.

ბელარუსულმა ავიაკომპანია "Belavia"-მ ქუთაისი-მინსკის მიმართულებით პირველი ფრენა 2013 წლის 28 მაისს შეასრულა. თბილისისა და ბათუმის შემდეგ, ქუთაისი რიგით მესამე ქალაქი აღმოჩნდა კომპანიისთვის, საიდანაც იგი რეგულარ ფრენებს დაიწყებდა

და სწორად ამიტომაც მოხვდა ის მთავრობის გასული წლის ანგარიშში. მომხმარებლებს კომპანიის ამ სერვისით სარგებლობა კვირაში სამჯერ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან შეუძლიათ, ბილეთის ფასი კი საშუალოდ 300 ევროს შეადგენს.

დასკვნა

მთავრობის ანგარიშში მოცემული გარკვეული უზუსტობის მიუხედავად ("Air Astana", რომელიც ტექსტის მიხედვით ქართულ ბაზარზე ახლად შემოსულ კომპანიებშია დასახელებული, საქართველოში საქმიანობას 2011 წლიდან ეწევა, თუმცა მან გასულ წელს ახალი მარშრუტი დაამატა), მთლიანობაში, დოკუმენტში მოყვანილი ფაქტები სწორია. ანგარიშში მითითებული კომპანიები მართლაც ახალი შემოსულები არიან ბაზარზე, ან უკვე არსებულ სერვისებს აფართოებენ.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, მთავრობის ყოველწლიურ ანგარიშში მოყვანილი, უცხოურ ავიაკომპანიებთან დაკავშირებული ინფორმაცია სიმართლეა.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

2862 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
22%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი