"ტელეკომპანია "იმედს" აქვს ვალდებულება, რომ თავის ეთერში ჰქონდეს საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემა. ის ვალდებულია, გონივრულ ვადებში განათავსოს მსგავსი გადაცემები".
ფაქტ-მეტრი ამ ფაქტის სიზუსტით დაინტერესდა.
2015 წლის 29 აგვისტოს "იმედმა" საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ტელეკომპანიამ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების გაშვება დროებით შეაჩერა. მიღებულ გადაწყვეტილებას, შედეგად ორი თოქ-შოუს ("რეაქცია", "იმედის კვირა") დახურვა მოჰყვა. აღნიშნულის მიზეზად განცხადებაში მოყვანილია ტელეკომპანიის სურვილი - "თვისობრივად ახალი სატელევიზიო პროდუქტის" შექმნის შესახებ. ტელეკომპანია "იმედის" 2015 წლის 4 სექტემბრის განცხადებაშინათქვამია, რომ ტელეკომპანია უარს არ ამბობს პოლიტიკური თოქ-შოუების გაშვებაზე და იმედოვნებს, რომ "ასეთი გადაცემების გაშვება ეთერში ოქტომბერ-ნოემბერში მოხერხდება".
"რეაქციისა" და "იმედის კვირის" პროდიუსერებისა და ჟურნალისტების ერთობლივი განცხადებით, 29აგვისტომდე გადაწყვეტილების შესახებ შემოქმედებით ჯგუფს არცერთი შეტყობინება არ მიუღია, რაც მათი აზრით, საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული. 2015 წლის 8 სექტემბერს, გადაცემა "არჩევანში" ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ ეჭვი გამოთქვა, რომ ტელეკომპანია "იმედმა" პოლიტიკური გადაწყვეტილება შეასრულა, რომლის ავტორიც ბიძინა ივანიშვილია. ჟურნალისტის თქმით, გადაცემის დახურვის შესახებ მას წინასწარი გაფრთხილება არ მიუღია.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, 29 ივლისს, კომისიაში ავტორიზაციის გავლისას, "იმედის" მიერ წარდგენილ სამაუწყებლო ბადეში თოქ-შოუები "რეაქცია" და "იმედის კვირა" ფიგურირებდნენ. კომისიის წევრის, კახა ბექაურის განმარტებით, "იმედს" ავტორიზაციის მოთხოვნიდან გამომდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამის სამაუწყებლო ბადეში გაშვება ევალება. ამასთან, კანონმდებლობა თოქ-შოუს აღდგენის კონკრეტულ ვადას არ აწესებს, თუმცა კომისიის პოზიციით, ეს "გონივრულ ვადაში" უნდა მოხდეს.
ფაქტ-მეტრმა კომუნიკაციების ეროვნულ მარეგულირებელ კომისიას კითხვით მიმართა, არღვევდა თუ არა "იმედი" კანონით მასზე დაკისრებულ ვალდებულებას. აღნიშნულის პასუხად მარეგულირებელმა კომისიამ "იმედის" წერილი და კომისიის მიერ გაკეთებული განმარტება გამოგვიგზავნა. ტელეკომპანია "იმედმა" კომისიისთვის გაგზავნილ წერილშიგანმარტება ითხოვა, თუ რა დროით იყო შესაძლებელი სალიცენზიო ვალდებულების შესასრულებლად მაუწყებლის მიერ საზოგადობერივ-პოლიტიკური პროგრამების ეთერში განთავსების შეჩერება.
მარეგულირებელი კომისიის მიერ ჩვენთვის გამოგზავნილ წერილშინათქვამია, რომ კომისიამ ტელეკომპანიას წერილობითი განმარტება გაუგზავნა, რომლითაც აცნობა ვალდებულება, გონივრულ ვადაში აღედგინათ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის სულ ცოტა ერთი პროგრამა. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ტელეკომპანიისთვის გაგზავნილ წერილში საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების აღდგენის კონკრეტული ვადა არ მიუთითებიათ. თუმცა, მარეგულირებლის მიერ ფაქტ-მეტრისთვის გამოგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ გადაცემების აღდგენის გონივრულ ვადად კომისია დაახლოებით ორ თვეს განიხილავს.
ფაქტ-მეტრი კომისიის წარმომადგენელსაც ესაუბრა, რომლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, "იმედი" საერთო მაუწყებელია და მას შესაბამისი ვალდებულებები აქვს. კერძოდ, საერთო მაუწყებლობა კანონმდებლობით არანაკლებ ორი თემატიკის, მათ შორის ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამებით მაუწყებლობას გულისხმობს. "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 59-ე მუხლის შესაბამისად, საერთო მაუწყებელი ვალდებულია, საუკეთესო დროს განათავსოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები. ტელეკომპანია "იმედი", როგორც აღვნიშნეთ, საერთო მაუწყებელია, რომელიც კანონის შესაბამისად ვალდებულია, სამაუწყებლო ბადეში საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემა განათავსოს.
მაუწყებლის მიერ კანონმდებლობით მასზე დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომისია ვალდებულია ტელეკომპანია წერილობით გააფრთხილოს და დარღვევის აღმოსაფხვრელად გონივრული ვადა განუსაზღვროს. კომისიამ ტელეკომპანია "იმედს" ამ უკანასკნელის თხოვნის საპასუხოდ, წერილობითი განმარტება გაუგზავნა, სადაც მისი ვალდებულება შეახსენა. კანონმდებლობა კონკრეტულ ვადას საზოგადობრივ-პოლიტიკური გადაცემის გაშვების თაობაზე პირდაპირ არ აწესებს, თუმცა, კომისიას შეუძლია ეს ვადა განსაზღვროს. ამასთან, ზოგადად, თუკი ტელეკომპანია კომისიის მიერ მიცემულ გონივრულ ვადაში გაფრთხილებაში მითითებულ დარღვევას არ აღმოფხვრის, კომისია ვალდებულია მას ჯარიმა დააკისროს.
დასკვნა 2015
წლის 29 აგვისტოს ტელეკომპანია "იმედის" მიერ გავრცელებული განცხადებით, ტელეკომპანიამ დროებით შეაჩერა საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების ("რეაქცია", "იმედის კვირა") გაშვება. ამასთან, ტელეკომპანია იმედოვნებს, რომ "ასეთი გადაცემების გაშვება ეთერში ოქტომბერ-ნოემბერში მოხერხდება".
საერთო მაუწყებლობა კანონმდებლობით განიმარტება როგორც არანაკლებ ორი თემატიკის, მათ შორის ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამებით მაუწყებლობა. "იმედი" საერთო მაუწყებელია, რაც მას ავალდებულებს, რომ საუკეთესო დროს განათავსოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები. ამ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კომისია ტელეკომპანიას წერილობით გაფრთხილებას უგზავნის და გონივრულ ვადაში კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფას თხოვს. მოცემულ შემთხვევაში კომისიას ტელეკომპანიისთვის გაფრთხილება არ გაუგზავნია. ტელეკომპანიამ საკუთარ წერილზე კომისიის წერილობითი განმარტება მიიღო.
ფაქტ-მეტრი ტელეკომპანია "იმედზე" საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების აღდგენის საკითხს მომავალშიც მიუბრუნდება. ამ ეტაპზე კი ვასკვნით, რომ ვახტანგ აბაშიძის განცხადება არის სიმართლე.