სექტემბრის პარლამენტის სხდომაზე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, მიხეილ მაჭავარიანმა "ქართული ოცნების" ეკონომიკური პოლიტიკა გააკრიტიკა და ლარის კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მთავრობამ პრივატიზაციასთან დაკავშირებით დაპირება ვერ შეასრულა და დაპირებული 350 მლნ დოლარის ნაცვლად, 48 მლნ დოლარი მოიზიდა.
ფაქტ-მეტრმა მიხეილ მაჭავარიანის განცხადება გადაამოწმა.
პრივატიზაციის პროცესის დაჩქარებაზე საქართველოს ვიცე-პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა მიმდინარე წლის 22 თებერვალს განაცხადა.მაშინ, ლარის კურსი დოლარის მიმართ 2.17 იყო და ხელისუფლებამ კურსის გაუფასურების შესაჩერებლად გარკვეული ღონისძიებების გატარება დაგეგმა. ერთ-ერთი ასეთი ღონისძიება პრივატიზაციის პროცესის გააქტიურება გახლდათ. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სამინისტროს "ძალიან კონკრეტულ ნაბიჯებზე გათვლილი გეგმა" ჰქონდა და უახლოეს მომავალში (რამდენიმე თვეში) პრივატიზაციის გააქტიურებიდან ქვეყანა 250-300 მილიონ აშშ დოლარს მიიღებდა.
2015წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველ ვარიანტში (რომელიც პარლამენტმა გასული წლის დეკემბერში მიიღო) პრივატიზაციიდან (ძირითადი აქტივების და მიწის გაყიდვიდან შემოსავალი) მისაღები შემოსავლების გეგმა 83 მლნ ლარი იყო, რაც ბიუჯეტში აღნიშნული მაშინდელი ლარის კურსის (1.80) მიხედვით, 46 მლნ დოლარს შეადგენდა. მიმდინარე წლის ივლისში სახელმწიფო ბიუჯეტის კანონი შეიცვალა და პრივატიზაციიდან მისაღები შემოსავალი 84 მლნ ლარის დონეზე განისაზღვრა. განახლებულ ბიუჯეტში ლარის კურსი 2.30-ის დონეზე დაფიქსირდა. აქედან გამომდინარე, დოლარში გამოხატული საპრივატიზაციო გეგმა 37 მლნ დოლარამდე შემცირდა.
მიხეილ მაჭავარიანმა პარლამენტში განცხადება 16 სექტემბერს გააკეთა, ამ დროისთვის კი პრივატიზაციიდან შემოსავლების მიმდინარე წლის პირველი 8 თვის მაჩვენებლები იყო ცნობილი. იანვარ-აგვისტოში პრივატიზაციიდან სახელმწიფო ბიუჯეტში 47 მლნ ლარი, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებში კი 39 მლნ ლარი შევიდა. ჯამში, ქვეყნის ნაერთ ბიუჯეტში 86 მლნ ლარი შევიდა,რაც მიმდინარე წლის ლარის საშუალო კურსით მაქსიმუმ 40 მლნ დოლარია.
19 სექტემბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განაცხადეს,რომ მიმდინარე წელს, ამ ეტაპზე, პრივატიზებულია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 7 მსხვილი ობიექტი, რომელთა პრივატიზებიდან შემოსული თანხა 48 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. ამასთან, გარდა ზემოთხსენებული საპრივატიზებო საფასურისა, ინვესტორებმა ვალდებულება აიღეს, აღნიშნულ უძრავ ქონებაზე მინიმუმ 73 მლნ აშშ დოლარის და 30 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელონ.
უფრო კონკრეტულად, პრივატიზებულია:
- თბილისში, ბაღდადის ქუჩაზე მდებარე 26 295 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;
- ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ყოფილი მიხაილოვის საავადმყოფო;
- ქ. წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ყოფილი სანატორიუმი "მეშახტე";
- ქ. ბათუმი, ნინოშვილი/ჟღენტის ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონება (ბათუმი თაუერი);
- ქ. თბილისში ჭანტურიას ქუჩაზე მდებარე შენობა, რომელშიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა განთავსებული;
- ქალაქ თბილისში, დ. აბაშიძის ქუჩაზე მდებარე 7 823 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;
- თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე შენობა.
მიუხედავად იმისა, რომ პრივატიზაცია სახელმწიფო ბიუჯეტში არსებულ გეგმასთან შედარებით გადაჭარბებით სრულდება, ამ ეტაპზე არსებული მონაცემები მნიშვნელოვნად ჩამორჩება თებერვლის ბოლოს ეკონომიკის მინისტრის მიერ დასახელებულ რიცხვებს. პრივატიზაციდან 250-300 მლნ დოლარის მოზიდვის შემთხვევაში, გაიზრდებოდა საქართველოში შემოვალი დოლარის ნაკადი და შესაბამისად, ლარის კურსი დოლარის მიმართ ნაკლებად გაუფასურდებოდა.
დასკვნა 22
თებერვალს, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების იმჟამინდელმა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ კონკრეტული გეგმის თანახმად, პრივატიზაციის გააქტიურებით, უახლოეს მომავალში 250-300 მლნ აშშ დოლარს მოიზიდავდა.
ამ განცხადებიდან 7 თვის შემდეგ პრივატიზაციიდან 48 მლნ დოლარია მოზიდული. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელთან და მიმდინარე წლის დასაწყისთან შედარებით პრივატიზაციის პროცესი მართლაც გააქტიურდა, ის 7 თვის წინ დაპირებულ ტემპს, რასაც ლარის კურსზე მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა უნდა მოეხდინა, არ შეესაბამება.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, მიხეილ მაჭავარიანის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.