ერთი წელიც არ არის გასული მას შემდეგ, რაც 2014 წელს, უელსის სამიტზე საქართველოსთან არსებით ღონისძიებათა პაკეტის შემუშავების შესახებ გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ღარიბაშვილის შეფასებით, ხელისუფლებამ პაკეტით გათვალისწინებული პროექტების იმპლემენტაციის დაწყება ერთ წელზე ნაკლებ დროში მოახერხა. პრემიერ-მინისტრის თქმით, წვრთნისა და შეფასების ცენტრი პაკეტის ყველაზე მასშტაბური კომპონენტია და მისი დაარსება მიღწეულ პროგრესს ნათლად წარმოაჩენს. ასევე, ეს ცენტრი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას.
ფაქტ-მეტრი პრემიერ-მინისტრის განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
2014 წლის 5 სექტემბერს უელსის სამიტზე მიღებული დეკლარაციის ტექსტი გასაჯაროვდა. სამიტის ფარგლებში ორგანიზაციის წევრმა სახელმწიფოებმა უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის ფონზე ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წინაშე მდგარი საფრთხეები განიხილეს. ამავე კონტექსტში მნიშვნელოვანია დეკლარაციის ის პუნქტები, სადაც საქართველოს შესახებ ჩანაწერს ვხვდებით. წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) ნაცვლად საქართველომ "არსებითი პაკეტი" (substantial package) მიიღო. დეკლარაციის 93-ე პუნქტში ვკითხულობთ, რომ "არსებითი პაკეტი" საქართველოს თავდაცვითი პოტენციალის ზრდასა და წვრთნებს ითვალისწინებს, რომელთა მიზანიც საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარება და ალიანსთან თავსებადობის ზრდაა. საბოლოოდ კი, აღნიშნული კომპონენტები საქართველოს ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის სამზადისში დაეხმარება. როგორც უელსის სამიტის დეკლარაციაში ვკითხულობთ, ნატოს ლიდერები ადასტურებენ ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი. თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, ამ პაკეტს მოჰყვებოდა"განხორციელების გეგმაც".
2014 წლის 28 ოქტომბერს "არსებითი პაკეტის" პირველი სამი პუნქტი გახდა ცნობილი. რამდენიმე დღით ადრე, 22 ოქტომბერს, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ნატოს გაერთიანებული ძალების სარდალთან, გენერალ ფილიპ ბრიდლოუსთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა,რომ ნატოს საწვრთნელი ცენტრის გახსნის თაობაზე ნატოსა და საქართველოს შორის შეთანხმება მიღწეულია. ასევე, ერთობლივი წვრთნების ჩატარება და ნატოში საქართველოს გაწევრიანების მიზანი უდავოდ რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერებას ემსახურება.
2015 წლის 27 აგვისტოს კრწანისის ეროვნული საწვრთნელი ცენტრის ტერიტორიაზე ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ესწრებოდა. გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ სასწავლო ცენტრი მნიშვნელოვანი იქნება არა მარტო ქართველი სამხედროების, არამედ მოკავშირე ძალების მოსამზადებლადაც. სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა,რომ "არსებითი პაკეტის" განხორციელებას ხელშესახები შედეგები აქვს. ცენტრის გახსნა ნატოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობას კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს და საქართველოში ნატოს წარმომადგენლობას კიდევ უფრო გაზრდის.
წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნა "არსებითი პაკეტის" ძირითად კომპონენტს წარმოადგენდა. ფაქტ-მეტრი ნატოს-საქართველოს "არსებითი პაკეტის" იმპლემენტაციის თემაზე ადრეც წერდა.გარდა საწვრთნელი ცენტრისა, პაკეტის იმპლემენტაცია სხვა კომპონენტებსაც მოიცავს, თუმცა, თავდაცვის სამინისტრომ მხოლოდ ინფორმაციის ის ნაწილი მოგვაწოდა, რომელიც საჯაროა. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების დოკუმენტი გრიფით საიდუმლოს წარმოადგენს. შესაბამისად, თავდაცვის სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას, დოკუმენტის დეტალური შინაარსი მოგვაწოდოს.
თავდაცვის სამინისტროდან მიღებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით,უელსის სამიტზე მიღებული თანამშრომლობის პაკეტის განხორციელება ეროვნული დონის პრიორიტეტს წარმოადგენს. ქართული მხარე ნატოს წევრ სახელმწიფოებთან, ასევე ალიანსის საერთაშორისო სამსახურისა და საერთაშორისო სამხედრო სამსახურის წარმომადგენლებთან კონსულტაციებს აქტიურად მართავს. ამასთან, თანამშრომლობის პაკეტის აქტიურად და ეფექტიანად განხორციელების მიზნით, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომები და რამდენიმე მაღალი დონის შეხვედრა გაიმართა. პაკეტით გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელების კოორდინაციას და მონიტორინგს ნატოს ექსპერტებით დაკომპლექტებული ე.წ. "ძირითადი გუნდი" (NATO core team) უზრუნველყოფს. თითოეული ინიციატივის განხორციელებასა და მიმართულების განვითარებაში ქართულ მხარეს ნატოს წევრი სახელმწიფოების მიერ მოვლენილი ექსპერტები დაეხმარებიან.
ნატოს წევრმა რიგმა სახელმწიფოებმა ნატოს ძირითადი ჯგუფის დასაკომპლექტებლად მზადყოფნა უკვე გამოხატეს. უკვე ცნობილია ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასებების ცენტრის ჯგუფის შემადგენლობის უმეტესობაც. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პაკეტის ფარგლებში 2015 წლიდან საქართველოს ტერიტორიაზე პერიოდულად ნატოს სწავლებები ჩატარდება. მაგალითად, პირველი ასეთი სახის წვრთნა - "ღირსეული პარტნიორი" 2015 წლის მაისში გაიმართა.არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში საქართველოს შსს, საგარეო საქმეთა სამინისტრო და ნატოს სამოკავშირეო ოფისი აქტიურად არიან ჩართულები. კონკრეტული ინიციატივების განხილვაში ასევე ჩართულია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო და კრიზისების მართვისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭო.
დასკვნა
უელსის სამიტზე მიღებული "არსებითი პაკეტის" იმპლემენტაციის პროცესი საქართველოსა და დასავლელ პარტნიორებს შორის ამ დრომდე გრძელდება. აღსანიშნავია, რომ პაკეტის განხორციელების პროცესში სხვადასხვა უწყებები არიან ჩართულნი - როგორც სახელმწიფო სტრუქტურები, ისე საერთაშორისო მოკავშირეები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახნსის პროცესი აქტიურად მიმდინარეობდა და უელსის სამიტიდან 1 წლის შემდეგ გაიხსნა კიდეც. ამავე კონტექსტში, ასევე აღსანიშნავია 2015 წლის მაისში ჩატარებული სამხედრო წვრთნა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სამხედროების მონაწილეობით.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის სიმართლე.