სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას თქმით,

ხორბლის ან პურის ფასის მატება არც ერთ ლოგიკას არ ექვემდებარება. "ჩვენს ხელთ არსებული ყველა მეთოდი უნდა გამოვიყენოთ, რომ ამის პრევენცია მოხდეს. თუ რამე ხელშეწყობაა საჭირო სახელმწიფოს მხრიდან, ჩვენ ამ დარგს ხელს შევუწყობთ, მაგრამ პურის გაძვირება ლოგიკას ნამდვილად არ ექვემდებარება" - განაცხადა დანელიამ.

ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადება გადაამოწმა და პურის ფასის გარშემო შექმნილი ვითარება შეისწავლა.

2015

წელს საქართველოში დაახლოებით 170 000 ტონა ხორბალი მოვიდა, რაც ბოლო წლების ხორბლის მოსავლის რეკორდული რაოდენობაა:

ცხრილი 1: 2010-2014

წლებში ხორბლის ნათესი ფართობი (ათასი ჰა) და მოწეული მოსავალი (ათასი ტონა)

2010 2011 2012 2013 2014
ნათესი ფართობი 50.0 47.0 50.0 45.0 51.1
მოწეული მოსავალი 48 97 81 81 50

წყარო: სოფლის მეურნეობის სამინისტრო

2010-2014

წლების მონაცემების მიხედვით, საქართველო წელიწადში საშუალოდ 940 000 ტონა ხორბალს მოიხმარს. საჭირო ხორბლის დაახლოებით 90% იმპორტირებულია. 2010-2014 წლებში მოხმარებულ ხორბალში ადგილობრივი წარმოების წილი 6%-13% იყო.

ცხრილი 2:

ხორბლის ბალანსი

image001 წყარო: საქსტატი

ხორბალი საქართველოში იმპორტირებული საქონლის პირველ ათეულში შედის და მთლიანი იმპორტის დაახლოებით 1.8% უჭრავს. ხორბლის იმპორტი ძირითად რუსეთიდან, ყაზახეთიდან და უკრაინიდან ხორციელდება. 2014 წელს რუსეთის წილი ხორბლის იმპორტში 87.2% (494 035 ტონა), ყაზახეთის - 10.4% (58 984 ტონა), უკრაინის კი - 1.8% (10 424 ტონა) იყო.

ცხრილი 3:

ხორბლის იმპორტი ქვეყნების მიხედვით (2015 წლის იანვარ-ივლისი)

ქვეყანა ტონა ქვეყნის წილი ხორბლის მთლიან იმპორტში
რუსეთი 223,460.7 92.9%
უკრაინა 12,133.5 5.0%
ყაზახეთი 5,000.0 2.1%
თურქეთი 0.02 0.00%
სულ 240,594

წყარო: საქსტატი

ვინაიდან ძირითადი იმპორტიორი ქვეყნები რუსეთი და უკრაინა არიან, გთავაზობთ ამ ქვეყნებში არსებულ ხორბლის ფასებს წლების მიხედვით.

ცხრილი 4: 2010-2015

წლებში რუსეთსა და უკრაინაში ხორბლის წლიური საშუალო ფასები (აშშ დოლარი/ტონა)

წელი 2010 2011 2012 2013 2014 2015 (8 თვე)
რუსეთი 350.9 415.7 248.8 281.0 221.6 166.6
უკრაინა 166.0 229.7 237.2 245.4 205.7 172.4

პურის გაძვირების საკითხი აქტუალური ლარის გაუფასურების გამო გახდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ლარი 40%-ით გაუფასურდა და ოფიციალური კურსი 2.45-ს გაუტოლდა (როდესაც პურის გაძვირებაზე დისკუსია დაიწყო, ლარის კურსი დოლარის მიმართ ჯერ კიდევ 2.30 იყო). მეორეს მხრივ, რუსული ხორბალი წელს 25%-ით, უკრაინული კი 16%-ით გაიაფდა. შესაბამისად, აშკარაა, რომ იმპორტირებული ხორბლის დოლარში გამოხატული ფასის გაიაფება ვერ აბალანსებს ლარის გაუფასურებით გამოწვეულ გაძვირებას. აქვე გასათვალისწინებელია, რომ ადგილობრივი წარმოება გაიზარდა, თუმცა ესეც არ არის საკმარისი, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურების ეფექტი სრულად გადაიფაროს.

ხორბლის ფასთან დაკავშირებით, ჩვენ კომენტარი საქართველოში ხორბლის შემომტანი ერთ-ერთი უმსხვილესი ფირმის - "აგრიკომის" ხელმძღვანელს, კოკი ოსიპოვს ვთხოვეთ. მისი ინფორმაციით, 2015 წლის ივლისის მონაცემით, რუსული ხორბალი გაიაფებულია. თუ წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 1 ტონა ხორბალი 215-225 დოლარი ღირდა, ახლა 1 ტონა რუსული ხორბალი 205 დოლარი ღირს. ამას ემატება ტრანსპორტირების ხარჯი - 25 დოლარი და დღგ (18%). მთლიანად, 1 ტონა რუსული ხორბალი მეწარმეს 683 ლარი უჯდება. კოკი ოსიპოვის განცხადებით, რუსულ ხორბალზე ასეთი დაბალი ფასი ბოლო 6 წელია არ დაფიქსირებულა.

მართალია ხორბალი გაიაფდა, თუმცა პურის ფქვილზე ფასი გაიზარდა. ფაქტ-მეტრმა ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი საქართველოს ხორბლისა და პურ-პროდუქტების ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს, ლევან სილაგავას სთხოვა. მისი განცხადებით, პურის ფქვილის ფასის მატება ლარის კურსის ვარდნამ განაპირობა. მართალია ხორბალი გაიაფებულია, მაგრამ წისქვილკომბინატები ხორბალს დოლარში ყიდულობენ და შესაბამისად ფქვილის ფასიც იმატებს (ამ შემთხვევაში 37 ლარიდან 44 ლარამდე). აქვე, ლევან სილაგავამ (მისი აზრით) შემდეგ მნიშვნელოვან მომენტსაც გაუსვა ხაზი: "პურის მწარმოებლების მხრიდან მუდმივად ხდება წისქვილკომბინატებზე გადაბრალება, ფქვილმა მოიმატა და პური უნდა გავაძვიროთო, თუ ფქვილის ფასის მატება პურზე ფასის მატებით უნდა აისახოს, ფქვილზე ფასის კლება რატომ არ აისახებოდა პურის ფასზე? მაგალითად, 2013 წლის მარტში ფქვილის ფასი 47 ლარიდან 35 ლარამდე ჩამოვიდა, მაგრამ ეს პურის ფასს არ დატყობია. თითქმის ორი წელი, ერთი ტომარა ფქვილი 35 ლარი ღირდა (2015 წლის იანვრამდე). მთავარი კითხვაა: რაც არ გაიაფებულა [პური], რატომ უნდა გაძვირდეს? სად არის ლოგიკა?" - აღნიშნა ჩვენთან საუბარში ლევან სილაგავამ.

პურის ფასის შესაძლო ზრდასთან დაკავშირებით კომენტარი პურ-პროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარეს, მე-4 პურის ქარხნის დირექტორს მალხაზ დოლიძესაც ვთხოვეთ. მისი განცხადებით, ფქვილის ფასი ბოლო ერთი თვის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. თუ ერთი ტომარა ფქვილი (50 კგ) 37 ლარი ღირდა, ახლა ის 44 ლარი ღირს. ფქვილის გაძვირება ლარის კურსის ვარდნამ და აგრეთვე საბაზრო პრინციპების შელახვამ გამოიწვია. მისი თქმით, მეწარმეს უნდა ჰქონდეს არჩევანის საშუალება როგორც ფასში, ისე ხარისხში. "რამდენადაც ვიცი, ბაზარზე შეფერხებებია სხვა ქვეყნის ფქვილზე. არის ვერსია, რომ ადგილობრივ წარმოებას უწყობენ ხელს. მეც მომხრე ვარ ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის, მაგრამ არა ჩვენი და მოსახლეობის ხარჯზე" - აღნიშნა დოლიძემ. მისი თქმით, გაძვირებულია ყველა ის პროდუქტი, რაც პურის დასამზადებლადაა საჭირო: მარილი, საფუარი, ცხიმი. ამას ემატება ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა და თუ ასე გაგრძელდა ყველა პირობა იქნება იმისთვის, რომ პურზე ფასი გაიზარდოს.

ფქვილის და ხორბლის იმპორტის შეფერხებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა 17 აგვისტოს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ხორბლის და ფქვილის იმპორტი ქვეყანაში არ ბრკოლდება და საბაჟო გაფორმებასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა 1 დღეში სრულდება.

დასკვნა 2015

წელს საქართველოში ხორბლის რეკორდული რაოდენობა მოვიდა (დაახლოებით 170000 ტონა). თუმცა, ადგილობრივი ხორბალი საქართველოსთვის საჭირო ხორბლის (საშუალოდ 940000 ტონა, მარაგის ჩათვლით) მხოლოდ 6-13 პროცენტს შეადგენს. ამასთან, სპეციალისტების განმარტებით, სასურსათო დანიშნულების, საქართველოში მოწეული ხორბლის მხოლოდ 12-15%-ია. საქართველოს უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყანა რუსეთია (90%-იანი წილით). რუსეთში ხორბალი გაიაფებულია, თუმცა იმპორტირებული ხორბლის დოლარში გამოხატული ფასის გაიაფება ვერ აბალანსებს ლარის გაუფასურებით გამოწვეულ გაძვირებას და შესაბამისად, პურის ფქვილის ფასის მატებაც ძირითადად ამ ფაქტორითაა განპირობებული.

პურის მწარმოებლები ფქვილის შემოტანაში შექმნილ ბარიერებზეც მიუთითებენ, თუმცა შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ამ მხრივ ქვეყანაში არანაირი შეფერხება არ არსებობს.

სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადების ის ნაწილი, სადაც ის ხორბლის ფასის კლებაზე და ხორბლის მარაგზე საუბრობს, სიმართლეა. ხორბალი გაიაფებულია და ქვეყანაში ხორბლის მარაგიც არის (სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში მინიმუმ ორი თვის ხორბლის მარაგი მუდმივად არის). თუმცა, მაშინ როცა პურის ფქვილი უკვე გაძვირებულია, ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდა, ქვეყანაში მზარდი ინფლაციის ტემპია და ლარი გაუფასურებას ისევ განაგრძობს, ეს პურის ფასზე გავლენას ახდენს. პურის მწარმოებლები აცხადებენ, რომ პურის საწარმოებლად საჭირო ყველა პროდუქტზე ფასები გაზრდილია.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ოთარ დანელიას განცხადება არის მეტწილად მცდარი.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი