ქალბატონო ეკა,
გიკავშირდებით FactCheck-იდან, რომელიც საჯარო პერსონების/პოლიტიკოსების განცხადებების ფაქტობრივ სიზუსტეს ადგენს და შესაბამისი კვლევის სახით, საზოგადოებას გადამოწმებულ ინფორმაციას აწვდის.
2013წლის 9 სექტემბერს რუსთავი 2-ზე, გადაცემა “არჩევანში” თქვენ განაცხადეთ: “…აქვე მინდა შევეხო ერთ-ერთ ორგანიზაციას, რომელიც ცოტა ხნის წინ პოლიტიკოსების გამონათქვამების სისწორეს ამოწმებდა და თავად ამბობდა ტყუილს. იანვარში დაიწყო დათვლა ამნისტიით გამოშვებული პატიმრების, როდესაც იანვარში, როცა ვეტო დაედო ამნისტიის კანონს, იანვარში შევიდა ძალაში და ამის შემდეგ დაიწყო გათავისუფლების პროცესი, რომელიც მთელი წელი გაგრძელდა და ვერაფრით ვერ დაითვლიდა იანვარში ამნისტიით გათავისუფლებულთა რაოდენობას. ეს იყო ერთ-ერთი ტყუილი, რომელიც თქვენმა მონათესავე ორგანიზაციამ გაავრცელა.”
2014წლის 25 აგვისტოს ფაქტ-მეტრმა თქვენს განცხადებასთან დაკავშირებით გამოაქვეყნა კვლევა. ის ამნისტიის ფონზე შექმნილ კრიმინოგენულ ვითარებას ეხებოდა. როგორც თქვენ განაცხადეთ, „...ასეთი უპრეცედენტო ამნისტიის შემდეგ, როდესაც პატიმრების 60 პროცენტი გავათავისუფლეთ, კრიმინალი არ გაიზარდა. ბუნებრივია, მოსალოდნელი იყო, რომ ფონი შეცვლილიყო. ვნახეთ საოცარი რამ, რომ კრიმინალი შემცირდა“. ბუნებრივია, რუსთავი 2-ის ეთერში გაკეთებული, და სამწუხაროდ, არაკორექტული განცხადებაც, სწორედ ამ კვლევას ეხებოდა.
ფაქტ-მეტრის სტატიაში დეტალურად არის განხილული ამნისტიის შემდეგ (2013 წლის პირველ კვარტალში) ქვეყანაში შექმნილი კრიმინოგენული ვითარება. ასევე დეტალურად არის ახსნილი ისიც, თუ რატომ ვერ მოვახერხეთ (დეტალური სტატისტიკის არარსებობის გამო) შემდგომი პერიოდის გაანალიზება.
თქვენ სწორად განაცხადეთ, რომ ამნისტია ძალაში იანვრიდან შევიდა, რაც ანალოგიურად არის აღნიშნული ჩვენს სტატიაშიც. თუმცა, როგორც შემდეგ განცხადებაში თქვენ ამბობთ, ამნისტირებულთა რაოდენობის და კრიმინალზე მათი გავლენის შემოწმება იანვარი-მარტის პერიოდში შეუძლებელი იყო, რადგან ამნისტირებულების ციხეებიდან გამოშვება მთელი წლის განმავლობაში პერიოდულად ხდებოდა.
“ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ამნისტიის აღსრულების ვადა კანონის ამოქმედებიდან 2 თვე იყო, გარდა იმ პირებისა, რომლებიც თაღლითობის მუხლით იყვნენ მსჯავრდებულნი. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციისთანახმად, ორთვიანი ვადა 13 მარტს ამოიწურა. 2013 წლის იანვარში ამნისტირებული იყო 8407, თებერვალში - 7669, მარტში კი - 458. ჯამში ამნისტირებული 16534 პირიდან სასჯელის მოხდისგან 2013 წლის 13 მარტისთვის სრულად 8265 პირი გათავისუფლდა. ბუნებრივია, იმ პირთა გათავისუფლება, ვისაც სასჯელის განახევრება ან შემსუბუქება შეეხო, მართლაც მოგვიანებით მოხდა და ეს პროცესი კვლავაც გრძელდება, თუმცა ფაქტია, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, 13 მარტისთვის სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან 8265 პირი გათავისუფლდა.
მიუხედავად ამისა, ჩვენს კვლევაში არსად არაა აღნიშნული, რომ დანაშაულის ზრდა ამნისტირებულთა მიერ განმეორებით ჩადენილმა დანაშუალებმა გამოიწვია. კრიმინოგენული ვითარების გაუარესება 2013 წლის პირველ კვარტალში მთელ რიგ ფაქტორებს შეიძლება გამოეწვია, მათ შორის, სახელმწიფოს მიერ სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის შემსუბუქებას. თქვენც სწორედ ეს დაშვება გააკეთეთ იმ განცხადებაში, რომელიც ჩვენ გადავამოწმეთ. კერძოდ, თქვენ განაცხადეთ, “...ბუნებრივია, მოსალოდნელი იყო, რომ ფონი შეცვლილიყო”. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ამნისტირებულთა ძირითადი ნაწილი სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან იანვარ-თებერვალში გათავისუფლდა. ჩვენი ანალიზიც სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა. რეალურად, აღმოჩნდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, კრიმინალი გაიზარდა და „საოცრება“ არ მოხდა, ისე როგორც ამას თქვენ აღნიშნავდით.
ფაქტ-მეტრის კვლევაში ასევე დეტალურად იყო ახსნილი, თუ რატომ ვერ მოხერხდა 2013 წლის მარტის შემდგომი პერიოდის კრიმინოგენული ვითარების გაანალიზება. გამომდინარე იქიდან, რომ სამინისტროს მიერ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული სტატისტიკები ერთმანეთს არ ემთხვევა, ეს მდგომარეობა, ალბათ დაგვეთანხმებით, რომ კითხვის ნიშნებს აჩენს.
ჩვენ ვცდილობთ მივიღოთ ამომწურავი პასუხები ჩვენს კითხვებზე. თითქმის ერთი წელია ფაქტ-მეტრი ცდილობს დეტალური ინფორმაციის მიღებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემის ბიუროსგან. ასევე, არაერთხელ ვითხოვეთ შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან, ლევან იზორიასთან, თუმცა ვერცერთი ზემოთ აღნიშნული დღემდე ვერ მოხერხდა. ჩვენ კვლავ გავაგარძელებთ მცდელობას, რათა მივიღოთ ამომწურავი პასუხები, რის შესახებაც ინფორმაციას აუცილებლად მოგაწვდით.
ჩვენ მივესალმებით იმ ფაქტს, რომ პოლიტიკოსები აქტიურად იყენებენ ფაქტ-მეტრის კვლევებს, თუმცა მიუღებელია დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანიზაციის მიმართ დაუსაბუთებელი და არაკორექტული განცხადებები. ჩვენთვის გაუგებარია, თუ რას ნიშნავს თქვენი სიტყვები (“თქვენი მონათესავე ორგანიზაცია”), რითაც “საქართველოს რეფორმების ასოციაცია” და ფაქტ-მეტრი მოიხსენით. ფაქტ-მეტრმა თავისი კვლევებით დაამტკიცა, რომ ის დამოუკიდებელი, ობიექტური და მიუკერძოებელი მედია პროექტია. ჩვენი შეფასებები დამოკიდებულია არა პარტიულ კუთვნილებაზე, არამედ ფაქტების ობიექტურ შეფასებაზე. თუ ყურადღებას მიაქცევთ, ჩვენს კვლევებში ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები, მათ შორის თქვენი, შეფასებულია სიმართლედ. ისევე, როგორც ოპოზიციის წარმომადგენლების მცდარი განცხადებებია შეფასებული ადექვატურად. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ ფაქტ-მეტრი დაუყოვნებლივ ახდენს სტატიების კორექტირებას იმ შემთხვევაში, თუ განცხადების ავტორი ან მკითხველი სტატიაში შეცდომის არსებობაზე მიგვითითებს და დაგვიდასტურებს. ჩვენ ასევე ვცდილობთ ობიექტურობის ხარისხის გაზრდას იმითაც, რომ განცხადების შემოწმებისას აქტიურ კომუნიკაციას ვამყარებთ განცხადების ავტორთან. ალბათ გახსოვთ, რომ მსგავსი კომუნიკაცია იყო თქვენთანაც. უფრო მეტიც, სტატიის გამოქვეყნებამდე ჩვენ სამუშაო ვერსიაც კი გამოგიგზავნეთ.
იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი არგუმენტები თქვენთვის გასაგები და ნათელია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში წერილს პირადად თქვენ გწერთ და მას არ ვასაჯაროებთ. ჩვენი მიზანი არა პოლიტიკოსებთან დაპირისპირება, არამედ თანამშრომლობაა. ჩვენი სურვილია, რომ თქვენთან თანამშრომლობა გაგრძელდეს. აქვე გვინდა თქვენთვის მოსახერხებელ ნებისმიერ დროს მოგიწვიოთ ჩვენს ორგანიზაციაში, რათა ვისაუბროთ სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე.
საუკეთესო სურვილებით,
პაატა გაფრინდაშვილი