გასულ წლებში, ციხეებში, ერთ ოთახში 40-მდე პატიმარი იყო, ცოტა მოზრდილში - 150. ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტის რეკომენდაციის გათვალისწინებით, პატიმართა საცხოვრებელი ფართობი 2 კვადრატული მეტრიდან 4 კვადრატულ მეტრამდე გაიზარდა. ამასთან, მსჯავრდებულთათვის ახალი კვების სტანდარტი განისაზღვრა. გაიხსნა განახლებული, თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი სასჯელაღსრულების ცენტრალური საავადმყოფო. დაიწყო C ჰეპატიტის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამა, რომელშიც სახელმწიფო მილიონებს ხარჯავს.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
2010წლის 1 ოქტომბრამდე მოქმედი "პატიმრობის შესახებ" კანონით, პატიმართა საცხოვრებელი სადგომის ორ სახეობას - საკანსა და საერთო საცხოვრებელს იცნობდა. ამჟამად მოქმედი "პატიმრობის კოდექსის" თანახმად, დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მსჯავრდებულები საერთო საცხოვრებელში არიან განთავსებულნი, ხოლო დახურული ტიპისა და განსაკუთრებული რისკების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში - სპეციალურ საკნებში. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის 16 აპრილამდე მსჯავრდებულთა საცხოვრებელი ფართობის ნორმა ნახევრად ღია დაწესებულებებში მინიმუმ 2 კვ.მ, დახურულ დაწესებულებებში 2.5 კვ.მ, ქალთა სპეციალურ და არასრულწლოვანთა სპეციალურ დაწესებულებებში კი 3 კვ.მ უნდა ყოფილიყო. 2014 წლის 16 აპრილს "პატიმრობის კოდექსში" ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც, ყველა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მსჯავრდებულზე საცხოვრებელი ფართის ნორმა მინიმუმ 4 კვ.მ-ით, ხოლო ბრალდებულზე მინიმუმ 3 კვ.მ-ით განისაზღვრა.
ციხეებში არსებული მდგომარეობის მონიტორინგს სახალხო დამცველი ახორციელებს. შესაბამისად, იმის გასარკვევად, ნამდვილად ჰქონდა თუ არა ადგილი გასულ წლებში ერთ ოთახში 40-დან 150-მდე პატიმრის განთავსებას, ჩვენ სახალხო დამცველის აპარატს მივმართეთ.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 2008, 2009, 2010, 2011, 2012 წლებში ციხეებში ე.წ. ბარაკები (საერთო საცხოვრებლები) განსაკუთრებით გადატვირთული იყო. აღნიშნული უწყების 2011 წლის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ქსნის N15 დაწესებულებაში, რომელიც ორსართულიანია, მსჯავრდებულთათვის 588 ადგილი იყო განკუთვნილი. აღნიშნულ შენობაში პირველ სართულზე ერთი ოთახი, ხოლო მეორე სართულზე ოთხი ოთახია. ამ ე.წ. ბარაკის საცხოვრებელი ფართი 913 კვ.მ-ია. თუ შენობაში პატიმრებისთვის გამოყოფილ ოთახების რაოდენობას პატიმართა რაოდენობაზე გავყოფთ, ვნახავთ, რომ ერთ საერთო საცხოვრებელში 117 მსჯავრდებული ცხოვრობდა, თითოეული მსჯავრდებულისთვის კი 1.55 კვ.მ ფართი იყო გამოყოფილი. ამ ფაქტიდან გამომდინარე ჩანს, რომ 2011 წელს მოქმედი "პატიმრობის კოდექსი" (რომლის მიხედვითაც ერთ პატიმარზე გამოყოფილი საცხოვრებელი ფართი 2 კვ.მ-ზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო) ირღვეოდა.
ე.წ. ბარაკებში პატიმართა გადატვირთულობის და ცუდი საცხოვრებელი პირობების პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ N1 ორთაჭალის (ამჟამად გაუქმებულია), N9 (მატროსოვი), N10 (ამჟამად გაუქმებულია), N14 (გეგუთი), N7 ქსნის (ამჟამად N15), N1 რუსთავის (ამჟამად N16) და N2 რუსთავის (ამჟამად N17) დაწესებულებებში იდგა.
ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა, 2012 წლის 19-23 ნოემბერს საქართველოში განხორციელებული ვიზიტის შემდგომ, საქართველოს მთავრობას რეკომენდაციით მიმართა, დაგვიანების გარეშე განეხორციელებინა საკანონმდებლო ცვლილებები, რაც თითოეულ პატიმარს არანაკლებ 4 კვ.მ საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფდა. აღსანიშნავია, რომ რეკომენდაციის მიხედვით, 2014 წლის 16 აპრილს "პატიმრობის კოდექსში" ცვლილებები შევიდა, რის მიხედვითაც, ყველა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მსჯავრდებულზე საცხოვრებელი ფართის ნორმა მინიმუმ 4 კვ.მ-ით, ხოლო ბრალდებულზე მინიმუმ 3 კვ.მ-ით განისაზღვრა. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის წამების სააწინააღმდეგო კომიტეტის რეკომენდაციის გათვალისწინებით "პატიმრობის კოდექსში" ცვლილებები ნამდვილად განხორციელდა, 2014 წლის სახალხო დამცველის ანგარიშშივკითხულობთ, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში ჩატარებული მონიტორინგის დასკვნით, დაწესებულებებში პატიმართა საცხოვრებელი ფართი პატიმრობის კოდექსით განსაზღვრულ სტანდარტებს კვლავაც არ შეესაბამება. კანონმდებლობით განსაზღვრული სტანდარტი დარღვეულია სასჯელაღსრულების N7 (2-3.6 კვ.მ), N15 და N2 დაწესებულებებში. ხოლო N8, N14, N16, N17 (2.2-3 კვ.მ) დაწესებულებების შემთხვევაში პატიმართა საცხოვრებელი ფართის სტანდარტი გარკვეულ საკნებში დარღვეულია. თუმცა, წინა წლებთან შედარებით, მდგომარეობა გაუმჯობესებულია.
რაც შეეხება ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვების საკითხს, ის "ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვების ნორმებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების შესახებ" საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 20-25 მაისის ერთობლივი ბრძანებით რეგულირდება. კვების რაციონის შეცვლასთან დაკავშირებით, ბრძანებაში 2011 წლიდან დღემდე ცვლილებები ოთხჯერ შევიდა. 2014 წლის სახალხო დამცველის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ პატიმართა კვების სტანდარტი განახლდა, რომელიც სხვადასხვა ფიზიკური აქტივობის, კატეგორიისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე პატიმრებისთვის 12 მიზნობრივ რაციონს ითვალისწინებს.
საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წლის იანვარში განახლდა და თანამედროვე აპარატურით აღიჭურვა N19 ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრი, ხოლო 2014 წლის ივლისში განახლდა და თანამედროვე აპარატურით აღიჭურვა N18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულება. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ სახალხო დამცველის 2014 წლის ანგარიშის მიხედვით, წინა წლებთან შედარებით პენიტენციალური ჯანდაცვის დაფინანსება გაიზარდა. 2014 წლის მონაცემებით, აღნიშნული უწყებისთვის 15 466 000 ლარი გამოიყო, რამაც საკასო შესრულებით 13 300 800 ლარი შეადგინა. ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, სასჯელაღსრულების ცენტრალური საავადმყოფო გარემონტდა და უკვე გახსნილია, რის შედეგადაც სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის ხარისხი გაუმჯობესდა.
რაც შეეხება სასჯელაღსრულების სისტემაში C ჰეპატიტის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამას, მისი განხორცილება 2014 წლის 1 მარტიდან დაიწყო და სასჯელაღსრულების სისტემა შესაბამისი მედიკამენტებით მომარაგდა. 2014 წელს სკრინინგი 8 711 ბრალდებულს/მსჯავრდებულს ჩაუტარდა. გასულ წელს მკურნალობის კურსი 180-მა პაციენტმა გაიარა. პროგრამისთვის სულ 2.545 მლნ ლარი გამოიყო. 2014 წლის სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, აღნიშნული რეფორმები დადებითად არის შეფასებული. სასჯელაღსრულების სისტემაში C ჰეპატიტის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამასთან დაკავშირებით ჩვენ ადრეც ვწერდით. დასკვნასახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 2008-2012 წლებში პატიმართა საერთო საცხოვრებლების პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ იდგა. ომბუდსმენის 2011 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ ქსნის N15 დაწესებულებაში, ერთ შენობაში, სულ ხუთი ოთახი (ბარაკი) იყო, სადაც მსჯავრდებულთათვის 588 ადგილი იყო განკუთვნილი. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთ ოთახში (ბარაკი) მინიმუმ 117 მსჯავრდებული მაინც იყო განთავსებული. თითოეულ მსჯავრდებულზე გამოყოფილი ფართი 1.55 კვ.მ-ს შეადგენდა, რაც საქართველოს "პატიმრობის კოდექსით" განსაზღვრულ სტანდარტს ეწინააღმდეგებოდა.
ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტის რეკომენდაციით, პატიმართა საცხოვრებელი ფართის სტანდარტის შეცვლა ნამდვილად განხორციელდა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ წინა წლებთან შედარებით მდგომარეობა გაუმჯობესებულია, სახალხო დამცველის 2014 წლის ანგარიშის მიხედვით, კანონმდებლობაში მიღებული ცვლილებების მიუხედავად, პატიმართა საცხოვრებელი ფართი დადგენილ სტანდარტს ყველგან მაინც არ შეესაბამება. კანონმდებლობით განსაზღვრული სტანდარტი დარღვეულია სასჯელაღსრულების N7, N8, N14, N16, N17, N15 დაწესებულებებში.
სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წლის იანვარში განახლდა და თანამედროვე აპარატურით აღიჭურვა N19 ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრი, ხოლო 2014 წლის ივლისში განახლდა და თანამედროვე აპარატურით აღიჭურვა N18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულება. ამასთან, შეიცვალა პატიმართა კვების სტანდარტი, რომელიც პატიმრებისთვის 12 მიზნობრივ რაციონს ითვალისწინებს.
სასჯელაღსრულების სისტემაში C ჰეპატიტის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამა 2014 წლის 1 მარტიდან დაიწყო და ჯამში პროგრამისთვის 2.545 მლნ ლარი გამოიყო.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.