ქვეყნიდან ჯამში 332 მლნ დოლარით ნაკლები გავიდა. ფულადი გზავნილების შემცირება მხოლოდ 202 მლნ დოლარი იყო. პრივატიზაციიდან შემოსულია 110 მლნ ლარის ექვივალენტი დოლარში... ყველანაირი საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ის, რაც ბოლო დღეებში ლარის კურსთან დაკავშირებით ხდებოდა, არის მხოლოდ აჟიოტაჟური ქცევის შედეგი".
ფაქტ-მეტრმა გიორგი კვირიკაშვილის განცხადების სიზუსტე დადაამოწმა.
ლარის კურსზე გავლენა დოლარის შემომავალ და გამავალ ნაკადებს, ლარის მასას და დოლარზე და ლარზე მოთხოვნას აქვს. თუ რომელ ვალუტაზე უფრო მეტად იქნება მოთხოვნა, ამას ეკონომიკური პროცესების გარდა (დოლარის ან ლარის ქონის საჭიროება), მოსახლეობის მოლოდინიც განაპირობებს. თუ მოსახლეობა ლარის გაუფასურებას ელოდება, დოლარს შეისყიდის და ამით კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ლარის გაუფასურებას. სწორედ ასეთ სიტუაციას გულისხმობენ "აჟიოტაჟურში" - როდესაც ეკონომიკური პროცესებიდან გამომდინარე ვალუტის მნიშვნელოვნად გაუფასურების საფრთხე არ არსებობს, მაგრამ პესიმისტური მოლოდინის გამო უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა დიდია და ეროვნული ვალუტა სწრაფად უფასურდება.
ქვეყანაში შემოსული და გასული დოლარის მოცულობა სრულად ქვეყნის საგადასახდელო ბალანსში აღირიცხება. დღეისთვის, 2015 წლის პირველი კვარტლის საგადასახდელო ბალანსის მაჩვენებლებია ცნობილი, რომლის მიხედვითაც იანვარ-მარტში საქართველოში 185 მლნ დოლარით ნაკლები შემოვიდა, ვიდრე გავიდა.
ორი კვარტლის საგადასახდელო ბალანსის მაჩვენებლები სექტემბრის ბოლოს, ხოლო სამი კვარტლის კი დეკემბრის ბოლოს გამოქვეყნდება. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია სრულად შევაჯამოთ იანვრიდან აგვისტომდე რამდენი დოლარი შემოვიდა ან გავიდა ქვეყნიდან. თუმცა, ისეთი მნიშვნელოვანი ფულადი ნაკადები, როგორიცაა საგარეო ვაჭრობა და საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილები, ყოველთვიურად ქვეყნდება და მათი ნახვა ივლისის ჩათვლითაა შესაძლებელი.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბალანსი ტრადიციულად უარყოფითია. გასული წლის აგვისტოდან ექსპორტის შემცირების ტენდენციის გამო სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა. უკვე ერთი წელია საქართველოს ექსპორტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მცირდება. 2014 წლის აგვისტოდან 2015 წლის ივლისის ჩათვლით ექსპორტის მოცულობა 636 მლნ დოლარით შემცირდა. იმპორტმა კი, შემცირება მიმდინარე წლის იანვრიდან დაიწყო და ჯამში 511 მლნ დოლარით შემცირდა. თუ ერთმანეთს მხოლოდ მიმდინარე წლის პირველ შვიდ თვეს შევადარებთ, გამოვა, რომ ექსპორტი 397 მლნ დოლარით, ხოლო იმპორტი 511 მლნ დოლარით შემცირდა. ჯამში, სავაჭრო ბალანსი 2014 წლის პირველ შვიდ თვესთან შედარებით 114 მლნ დოლარით გაუმჯობესდა და მინუს 3 036 მლნ დოლარი შეადგინა. მინისტრი ქვეყნიდან 332 მლნ დოლარით ნაკლებ გადინებაში საუბრისას, სავარაუდოდ, აგვისტოს ჩათვლით სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებას გულისხმობს, რაც დაახლოებით 200 მლნ დოლარამდე იქნება.
გრაფიკი 1: 2015
წელს ექსპორტის და იმპორტის ცვლილება 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (მლნ დოლარი)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
საზღვარგარეთიდან ფულადმა გზავნილებმა შემცირება გასული წლის ოქტომბრიდან დაიწყო და მიმდინარე წლის ივლისის ჩათვლით (10 თვეში) ჯამში 270 მლნ დოლარით შემცირდა. აქედან, 202 მლნ დოლარი 2015 წლის პირველ შვიდ თვეზე მოდის. აღნიშნულ რიცხვს მინისტრი სწორად ასახელებს.
2015 წლის იანვარ-ივლისში პრივატიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა 46 მლნ ლარი შეადგინა, რაც დაახლოებით 20 მლნ დოლარია. მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს კი, კვირიკაშვილი აცხადებდა,რომ კონკრეტულ ნაბიჯებზე გათვლილი გეგმა ჰქონდათ, რაც უახლოეს მომავალში პრივატიზაციიდან 250-300 მლნ დოლარს მოიტანდა.
საერთო ჯამში, რომ მიმოვიხილოთ, თუ რა ვითარებაა დღეს ქვეყანაში შემომავალი და გამავალი დოლარის ნაკადების მხრივ, ამისთვის სავაჭრო ბალანსის და ფულადი გზავნილების გარდა, ტურიზმიდან შემოსავალზე და საინვესტიციო და სასესხო კაპიტალის ნაკადებზე ინფორმაციაც აუცილებელია. ეს უკანასკნელი კი რამდენიმე თვის შემდეგ დაითვლება და გამოქვეყნდება. 2015 წლის პირველი კვარტლის მონაცემით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება 43%-ით შემცირდა. იანვარ-აგვისტოში ტურისტების რაოდენობა 0.1%-ით შემცირდა, ხოლო ვიზიტორების რაოდენობა (ვიზიტორია სხვა ქვეყნის მოქალაქე, რომელიც საქართველოში 24 საათზე ნაკლებს რჩება) 10%-ით გაიზარდა. ჯერჯერობით უცნობია, რა შემოსავალი მივიღეთ ტურიზმიდან ბოლო თვეებში. პირველ კვარტალში 2014 წლის პირველ კვარტალთან შედარებით ტურიზმიდან 10 მლნ დოლარით ნაკლები შემოსავალი დაფიქსირდა.
რაც შეეხება ქვეყანაში არსებული ლარის მასის ცვლილებას, სარეზერვო ფული (მასში შემავალი უცხოური ვალუტის გამოკლებით) მიმდინარე წლის ივლისში გასული წლის ივლისთან შედარებით 8.8%-ით გაიზარდა, ხოლო გასული წლის დეკემბერთან შედარებით 8.2%-ით შემცირდა. სარეზერვო ფული ეროვნული ბანკის მიერ ემიტირებული ნაღდი ფულია. თუ ეროვნული ვალუტის მასის ე.წ. ფართო ფულის მაჩვენებელს M2-ს (ბანკებს გარეთ არსებული ნაღდი ფულისა და დეპოზიტების ჯამი) ვნახავთ, ის გასული წლის ივლისთან შედარებით 7.3%-ით არის გაზრდილი, ხოლო დეკემბერთან შედარებით კი 3.4%-ით შემცირდა. ბუნებრივია, ლარის მასის მეტად შემცირებაც იყო შესაძლებელი, თუმცა ამ შემთხვევაში ეკონომიკა გარკვეული პერიოდით მაინც რეცესიაში შევიდოდა, ხოლო ლარის კურსის ხელოვნურად გამყარებით სავაჭრო ბალანსის უარყოფითი სალდო არ შემცირდებოდა.
აგვისტოში ლარის კურსზე უარყოფითი გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტმაც იქონია. გასულ თვეში სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 90 მლნ ლარი ბიუჯეტის ანგარიშზე არსებული ნაშთიდან დაიხარჯა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტის ხარჯებმა მიმოქცევაში არსებული ლარის მასა მნიშვნელოვნად გაზარდა.
აგვისტოში ლარის კურსს გაუფასურების ტენდენცია ჰქონდა და პიკს (2.42-ს) 26 აგვისტოს მიაღწია. ორ დღეში ლარი დაახლოებით 10 თეთრით გაუფასურდა. ასეთი სწრაფი გაუფასურების დროს აჟიოტაჟის და პანიკის წვლილი ყოველთვის არის, თუმცა მიზეზად მხოლოდ აჟიოტაჟის მოტანა არასწორია, ვინაიდან ის უფრო რაციონალური, ბუნებრივი რეაქციაა მოსახლეობის მხრიდან. გაუფასურების მიზეზი კი ისაა, რაც აჟიოტაჟს იწვევს.
მოსახლეობაში პოზიტიური მოლოდინი იყო, რომ ტურისტულ სეზონზე (ივლისი-აგვისტო) ლარის კურსი გამყარდებოდა. თუმცა, ასე არ მოხდა და პოზიტიური მოლოდინი ნეგატიურმა შეცვალა. მოლოდინს ეკონომიკურ პროცესებთან ერთად პოლიტიკოსთა განცხადებები და ქმედებები აყალიბებს. ამ მხრივ მოლოდინზე უარყოფითი გავლენა სავარაუდოდ ეროვნული ბანკის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკას, ბიუჯეტის ხარჯების შემცირების პირობის არ შესრულებას და ფაქტიურად გაუაქტიურებელ პრივატიზაციას ჰქონდა. ამას თან დაერთო მეზობელი ქვეყნების ეროვნული ვალუტების გაუფასურების ტენდენციის განახლება, რასაც ლარის კურსზე ასევე უარყოფითი გავლენა აქვს.
დღეისთვის ლარის კურსის მერყეობას პირველ რიგში ისევ დოლარის შემომავალი ნაკადების შემცირება იწვევს. სიტუაციას ჩვენი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების გაუფასურების ტენდენცია და მოსახლეობაში ეკონომიკური პროცესების მიმართ არსებული ნეგატიური მოლოდინი ართულებს. ბოლო თვეებში მნიშვნელოვნად შემცირდა როგორც ბიზნესმენთა, ასევე მომხმარებელთანდობის ინდექსი.
დასკვნა აგვისტოში ლარის გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ 7 თეთრით გაუფასურდა. კურსმა პიკს (2.42-ს) 26 აგვისტოს მიაღწია. გიორგი კვირიკაშვილმა კურსის ცვლილება მხოლოდ მოსახლეობის აჟიოტაჟურ ქცევას დაუკავშირა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით, 3 სექტემბერს, გადაცემა "პოლიტარტში", გიორგი კვირიკაშვილმა ლარის გაუფასურება უკვე საგადასახდელო ბალანსს ანუ დოლარის შემომავალი ნაკადების შემცირებას დაუკავშირა.
ლარის კურსზე გავლენის მქონე ფაქტორებიდან შემდეგი სურათი გვაქვს: ექსპორტი ისევ მცირდება, თუმცა ის იმპორტის შემცირებით ბალანსდება. ფულადი გზავნილები ისევ მცირდება. პირველ კვარტალში ტურიზმიდან შემოსავალი 4%-ით, ინვესტიციები კი 43%-ით შემცირდა. სავარაუდოდ, მაღალი აქტივობა არც ბოლო თვეებშია. სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი აგვისტოში მაღალი იყო, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი ნაშთის გამოყენებით დაფინანსდა და მიმოქცევაში არსებული ლარის მასა გაზარდა. პრივატიზაციიდან დაპირებული 250-300 მლნ დოლარი არ შემოვიდა. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები არ შემცირდა. დაპირისპირებაა ეროვნული ბანკის მიმართ, რაც საფინანსო ინსტიტუტებისადმი უნდობლობას იწვევს. დაბალია ბიზნესმენთა და მომხმარებელთა ნდობა ეკონომიკური პროცესების მიმართ. ჩვენი რეგიონის ორი დიდი ქვეყნის - რუსეთის და თურქეთის ეროვნული ვალუტები ისევ გაუფასურდა. ტურისტული სეზონის განმავლობაში ლარს ისევ გაუფასურების ტენდენცია ჰქონდა. ყოველივე ამან მოსახლეობის მოლოდინზე - თუ როგორი იქნება ლარის კურსი მომავალში, იმოქმედა და გარკვეულწილად აჟიოტაჟშიც გამოიხატა. თუმცა, საშუალო და გრძელვადიან პერიოდებში ლარის კურსზე ზემოთ მოყვანილ ფუნდამენტურ ფაქტორებს აქვს გავლენა.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება არის მეტწილად მცდარი.