საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, რუსთავი 2-ის ეთერში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა. ის მომავალ წელს გასამართ საპარლამენტო არჩევნებსაც შეეხო და განაცხადა: "ბიძინა ივანიშვილმა აშკარად გააყალბა მოსახლეობის აღწერის შედეგები. რუსეთში დააფიქსირა საქართველოს 800 000 მოქალაქე. რატომ რუსეთში? იმიტომ, რომ როცა გაიხსნება რუსეთში საარჩევნო უბნები, მან და მისმა მთავარმა წარმომადგენელმა რუსეთში (ზურაბ აბაშიძემ) ზუსტად იციან როგორ ჩამოიტანონ ხმები. საქართველოს 800 000 მოქალაქე რუსეთში არ არსებობს, იქ მაქსიმუმ 150 000-200 000 მოქალაქეა".
ფაქტ-მეტრი ამ საკითხით დაინტერესდა და ექსპრეზიდენტის განცხადების სიზუსტის გადამოწმება სცადა.
მიხეილ სააკაშვილი აღნიშნულ განცხადებაში მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგებზე საუბრობს. საქსტატის მიხედვით (წინასწარი მონაცემით), აღწერის შედეგად საქართველოში, 2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 3 729 635 მცხოვრები დაფიქსირდა, წინა აღწერის მიხედვით კი, რომელიც 2002 წელს ჩატარდა, საქართველოში 4 371 500 კაცი ცხოვრობდა. ხოლო, საქსტატის 2014 წლის 1 იანვრის მონაცემით,აღნიშნული რიცხვი 4 490 500-ს შეადგენდა.
ექსპრეზიდენტის აზრით, მსგავსი კლება ხელოვნურად მოხდა, რათა ემიგრაციაში, კერძოდ კი რუსეთში მცხოვრები ქართველების მაღალი რიცხვი დაფიქსირდეს და ამით ხელისუფლებამ არჩევნების გაყალბება შეძლოს. შესაბამისად, ექსპრეზიდენტი გულისხმობს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ და საქართველოში გამართულ არჩევნებში ხმის მიცემის უფლებით სარგებლობენ. რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის საარჩევნო უბნები 2008 წლის შემდეგ (რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ) აღარ გახსნილა. ზემოაღნიშნულ განცხადებაში კი, მიხეილ სააკაშვილმა ივარაუდა, რომ საქართველოს ხელისუფლება მომავალი არჩევნებისთვის რუსეთში საარჩევნო უბნებს გახსნის.
იმის გასარკვევად, თუ რამდენი საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს რუსეთში 2014 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით, ფაქტ-მეტრი საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს დაუკავშირდა. საქსტატიდან მიღებული საპასუხო წერილისთანახმად, 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემები მუშავდება და ის 2016 წლის აპრილის ბოლოს გამოქვეყნდება. მიღებული ინფორმაციის მიხედვით, რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების შესახებ უახლესი მონაცემები 2002 წლის საყოველთაო აღწერის შედეგებს ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ფედერაციაში საქართველოდან წასული 72 950 ემიგრანტი დაფიქსირდა.
რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები ქართველების რაოდენობის შესახებ ფაქტ-მეტრი ადრეც წერდა,როდესაც 2013 წლის მიწურულს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთში მილიონზე მეტი ქართველი ცხოვრობს. საინტერესო იყო ოფიციალური უწყების, დიასპორის სამინისტროს არაოფიციალური ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, რუსეთში 800 ათასიდან 900 ათასამდე ქართველი ცხოვრობს. თუმცა, აღნიშნული მონაცემი, თავად სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, არაოფიციალურია და მას ვერ დავეყრდნობით.
რუსეთში მცხოვრები ქართველების შესახებ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის საყოველთაო აღწერის გარდა, კიდევ ორი ოფიციალური მონაცემი არსებობს (სხვა ოფიციალური წყარო ფაქტ-მეტრმა ვერ მოიპოვა). 1989 წლის საბჭოთა კავშირის მოსახლეობის აღწერის შედეგების თანახმად, რუსეთში 130 688 ეთნიკურად ქართველი ცხოვრობდა, 2010 წლის რუსეთის ფედერაციის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის თანახმად კი - 157 803.
უნდა აღინიშნოს, რომ ზემოაღნიშნული რიცხვები რუსეთში მცხოვრებ ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას ეხება, ხოლო მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეებზე, ანუ ხმის უფლების მქონე სუბიექტებზე საუბრობს. კვლევის პროცესში ფაქტ-მეტრმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირება და განცხადების დასუზტება სცადა. სამწუხაროდ, ექსპრეზიდენტისგან ჩვენს კითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ. ჩვენ ასევე მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს, ანდრო ბარნოვსაც დავუკავშირდით. ფაქტ-მეტრთან საუბრისას ბარნოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციაში ამ რაოდენობით დაფიქსირებული ქართველების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. მან ვერც ის წყარო დაგვისახელა, რაზე დაყრდნობითც მიხეილ სააკაშვილს აღნიშნული განცხადების გაკეთება შეეძლო.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ექსპრეზიდენტმა დაშვება გააკეთა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის რუსეთში საარჩევნო უბნები გაიხსნება და იქ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ხმის მიცემას შეძლებენ. ამ საკითხზე ფაქტ-მეტრი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ რუსეთში საარჩევნო უბნების გახსნა პოლიტიკური გადაწყვეტილების საგანია, თუმცა, ამ ეტაპზე, ამ მიმართულებით რაიმე რეალური ნაბიჯების შესახებ უწყება ინფორმაციას არ ფლობს.
დასკვნა
ჩვენს ხელთ არსებულ ოფიციალურ მონაცემთა შორის რუსეთში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველთა ყველაზე მაღალი რიცხვი 157 803-ია, რომელიც 2010 წლის რუსეთის ფედერაციის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგად დაფიქსირდა. ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ რუსეთში მცხოვრები საქართველოს იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომელთაც საქართველოში გამართულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ, უფრო მცირეა ვიდრე რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები ეთნიკური ქართველების რაოდენობა.
მიხეილ სააკაშვილმა თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგებს გულისხმობდა. თუმცა, საქსტატის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, აღწერის შედეგების ნაწილი და მათ შორის რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების რიცხვი ჯერჯერობით დამუშავების პროცესშია და 2016 წლის აპრილამდე არ გამოქვეყნდება.
ექსპრეზიდენტისგან ფაქტ-მეტრმა ვერ მოიპოვა ინფორმაცია, თუ რაზე დაყრდნობით ახსენა რიცხვი 800 000, თუმცა სავარაუდოა, რომ მან 2014 წლის 1 იანვრის მდგომარეობით დაფიქსირებულ მონაცემებს საყოველთაო აღწერის შედეგები გამოაკლო და იგულისხმა, რომ აღნიშნულ სხვაობას (761 000) მთლიანად რუსეთში ემიგრირებულ ქართველებზე დააფიქსირებენ. ცესკო-ს ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციაში საარჩევნო უბნების გახსნის საკითხი ჯერჯერობით დღის წესრიგში არ დგას.
ამ ეტაპზე ფაქტ-მეტრი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას უვერდიქტოდ ტოვებს, თუმცა შესაბამისი სტატისტიკის გამოქვეყნებისა და მოვლენების განვითარების კვალდაკვალ საკითხს კვლავ დაუბრუნდება.