რომ სამი წლის წინ, ტარიფის დაახლოებით 4 თეთრით შემცირების შედეგად, საქართველოს მოსახლეობამ 150 მლნ ლარამდე თანხა დაზოგა. პრემიერის აზრით, ეს ის თანხაა, რასაც მოსახლეობა წლების განმავლობაში ზედმეტად იხდიდა.
თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ნებისმიერ პროდუქტზე დაბალი ფასის ხელოვნურად დადგენის შემთხვევაში, მომხმარებლის დანაზოგის ზრდა მწარმოებლის დანაზოგს ამცირებს. ელექტროენერგიის ტარიფის შემთხვევაში, საინვესტიციო ვალდებულებაში ასახული დანაზოგი გარდაიქმნა მომხმარებელთა "დანაზოგად", რომელიც სხვა პროდუქტების შეძენაში დაიხარჯა. ქვეყნის გრძელვადიან განვითარებას კი, საინვესტიციო დანაზოგი იწვევს და არა მეტი სამომხმარებლო პროდუქციის შეძენა. მით უმეტეს, რომ საქართველოში სამომხმარებლო პროდუქციაზე დახარჯული თანხის 65% იმპორტირებულ პროდუქტზე მოდის. ნებისმიერ პროდუქციაზე ფასის კლება კარგი და მისასალმებელი იმ შემთხვევაშია, თუ ეს ბუნებრივად ხდება - წარმოების დანახარჯების შემცირების ან/და კონკურენციის ზრდის გამო.
ელექტროენერგიის ბაზარი სპეციფიკურია, რადგან ბაზარზე ერთი მიმწოდებელია (თბილისში "თელასი", ხოლო რეგიონებში - "ენერგოპრო") და კონკურენცია ვერ მყარდება. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს უწევს ელექტროენერგიის ფასის დადგენაში ჩაერიოს. საქართველოში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) ადგენს. ფასის დადგენისას სემეკი ელექტროენერგიის თვითღირებულებას, განაწილების ტარიფს და ენერგოკომპანიების მოგების წილს ითვალისწინებს.
2006წელს ტარიფის მნიშვნელოვანი მატება მოხდა. ის 10 თეთრიდან საშუალოდ 15 თეთრამდე გაიზარდა. აღნიშნული ცვლილების შედეგად, გაიზარდა ელექტროენერგიის მიწოდება, ხოლო მოსახლეობამ ელექტროენერგიის უფრო ეკონომიურად მოხმარება დაიწყო, რის შედეგადაც საქართველომ 24 საათიან ენერგომომარაგებას მიაღწია. 2007 წელს 2006 წელთან შედარებით საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა 300%-ით გაიზარდა. მათ შორის, ჰიდროსადგურების მიერ გამომუშავებული პროდუქცია 377%-ით გაიზარდა.
ელექტროენერგიის ტარიფის შემცირება "ქართული ოცნების" ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. 2012 წლის ბოლოს სემეკს და ენერგოკომპანიებს ტარიფის შემცირების რესურსის მოძიება "დაევალათ". 2013 წლის პირველი იანვრიდან ტარიფი მართლაც შემცირდა. მოსახლეობისთვის 300 კვტსთ-მდე მოხმარებული ელექტროენერგიის ტარიფი 3.54 თეთრით, ხოლო 300 კვტსთ-ს ზემოთ დაახლოებით 2.7 თეთრით შემცირდა. იურიდიული პირებისთვის კი, ტარიფი უცვლელი დარჩა.
ტარიფის შემცირება ძირითადად ენერგოკომპანიების მოგების წილის შემცირების ხარჯზე მოხდა, რის სანაცვლოდაც კომპანიებს საინვესტიციო ვალდებულებები შეუმცირდათ. 2012 წლის ბოლოს ტარიფის შემცირებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე მიმდინარე წლის 25 ივლისს, რუსთავი 2-ის საღამოს საინფორმაციო გამოშვებაში სემეკის ყოფილმა თავმჯდომარემ, გურამ ჩალაგაშვილმა ისაუბრა: "რაც შეეხება ენერგოკომპანიებთან ხელშეკრულებებს, რომლებიც გაუქმდა, მათ შესაბამისად დარგში ასეულობით მილიონის ინვესტირება უნდა მომხდარიყო".
ტარიფის შემცირება ენერგეტიკის სფეროში მოზიდულ ინვესტიციებზეც აისახა. 2014 წელს 2012 წელთან შედარებით ენერგეტიკის დარგში 45%-ით ნაკლები პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. 2015 წლის პირველ კვარტალში ინვესტიციები კიდევ უფრო შემცირდა და სულ 11 მლნ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 10.4%-ით, ხოლო 2012 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელზე 63%-ით ნაკლებია.
გრაფიკი 1:
ენერგეტიკის სექტორში მოზიდული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წლიური და პირველი კვარტლის მაჩვენებლები, მლნ აშშ დოლარი
2014
წელს გაუარესდა ელექტროენერგიით საგარეო ვაჭრობის ბალანსიც. გაუარესება იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობის ზრდამ გამოიწვია. 2014 წელს 2013 წელთან შედარებით 64%-ით მეტი კვტსთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა.
ცხრილი 1:
ელექტროენერგიით საგარეო ვაჭრობის ბალანსი
მლნ. კვტსთ | 2011 | 2012 | 2013 | 2014 | 2015 (6 თვე) |
იმპორტი | 471 | 615 | 484 | 793 | 349.5 |
ექსპორტი | -931 | -528 | -450 | -545 | -400 |
ბალანსი | 460 | -86 | -34 | -248 | 51 |
ბოლო თვეებში ლარის მნიშვნელოვნად გაუფასურებამ ენერგეტიკის სექტორს დამატებითი პრობლემები შეუქმნა. 2014 წლის მონაცემებით, საქართველოს ელექტროენერგიის შიდა მოხმარებაში იმპორტირებული ელექტროენერგიის წილი 7.7%-ია, 2015 წლის პირველ ნახევარში კი ის 6% იყო. მოხმარებული ელექტროენერგიის 19% თბოსადგურების მიერაა გამომუშავებული, რომლებიც ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის იმპორტირებულ ბუნებრივ აირს მოიხმარენ. ლარის კურსის გაუფასურება ლარებში გამოხატულ იმპორტირებულ ელექტროენერგიას და თბოსადგურებისთვის საჭირო ბუნებრივ აირს აძვირებს.
ცხრილი 2:
ელექტროენერგიის მიწოდება (მლნ. კვტსთ)
ელექტროენერგიის მიწოდება (მლნ. კვტსთ) | 2006 | 2007 | 2008 | 2009 | 2010 | 2011 | 2012 | 2013 | 2014 | 2015 (6 თვე) |
გამომუშავება | 2757 | 8346 | 8451 | 8408 | 10057 | 10105 | 9695 | 10059 | 10370 | 5575 |
თბოსადგურები | 945 | 1515 | 1282 | 991 | 683 | 2212 | 2472 | 1788 | 2036 | 1102 |
წილი მიწოდებაში | 34.4% | 17.6% | 14.4% | 11.6% | 6.7% | 21.3% | 24.5% | 17.3% | 18.5% | 19.0% |
ჰიდროსადგურები | 1813 | 6831 | 7169 | 7417 | 9375 | 7892 | 7223 | 8271 | 8334 | 4473 |
წილი მიწოდებაში | 66.0% | 79.4% | 80.3% | 86.9% | 92.4% | 76.0% | 71.6% | 80.0% | 75.7% | 77.1% |
იმპორტი | 60 | 433 | 649 | 255 | 222 | 471 | 615 | 484 | 852 | 350 |
წილი მიწოდებაში | 2.2% | 5.0% | 7.3% | 3.0% | 2.2% | 4.5% | 6.1% | 4.7% | 7.7% | 6.0% |
სულ რესურსი | 2817 | 8779 | 9100 | 8663 | 10280 | 10575 | 10309 | 10543 | 11222 | 5925 |
დანაკარგი | 72 | 176 | 169 | 130 | 139 | 192 | 226 | 198 | 216 | 125 |
ქსელში მიწოდება | 2745 | 8603 | 8930 | 8533 | 10141 | 10383 | 10087 | 10345 | 11006 | 5800 |
იქიდან გამომდინარე, რომ შესყიდვა დოლარში ხდება, ელექტროენერგიის იმპორტზე და თბოსადგურების მიერ შესყიდული ბუნებრივი აირის ფასზე ლარის კურსის გაუფასურება პირდაპირპროპორციულად აისახება. ვალუტის კურსის გარდა, მნიშვნელოვანია შესასყიდი ფასის ცვლილება დოლარში. ამ მხრივ, იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე მზარდი ტენდენციაა.
2012წლის შემდეგ ლარის საშუალო წლიური კურსი 32%-ით გაუფასურდა. ამასთან, 2012 წლის შემდეგ იმპორტირებული კვტსთ ელექტროენერგიის შესასყიდი ფასი 1.23 ცენტით (23%-ით) გაიზარდა. ჯამში, ლარის გაუფასურებამ და იმპორტირებული ელექტროენერგიის შესასყიდი ფასის მატებამ კვტსთ ელექტროენერგიის ღირებულება 5.5 თეთრით (62%-ით) გაზარდა.
სამომხმარებლო ტარიფზე იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასზე მეტად თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის თვითღირებულების ცვლილებას აქვს გავლენა. თბოსადგურებზე მოდის მოხმარებული ელექტროენერგიის 19%. ბუნებრივი აირის ფასი დოლარში ფიქსირებულია, მაგრამ ლარის გაუფასურების გამო, 2012 წელთან შედარებით, თბოსადგურებს ყოველ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში 32%-ით მეტი ლარის გადახდა უწევთ.
ელექტროენერგიის თვითღირებულების ზრდით დაზარალებულმა კომპანიებმა – "ენერგოპრომ" და "თელასმა" სემეკს სამომხმარებლო ტარიფის ზრდის განაცხადებით მიმართეს. 23 ივლისის სხდომაზე სემეკმა ტარიფის ზრდის გადაწყვეტილება მიიღო. შედეგად, რეგიონებში ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის ერთი კვტსთ-ის ტარიფი 3.35 თეთრით გაიზარდა, თუმცა, "ენერგოპრო" ტარიფის 4.5 თეთრით ზრდას ითხოვდა. სემეკის 24 აგვისტოს სხდომაზე კომისიამ პრეზენტაცია წარმოადგინა, რომლის თანახმადაც 2015 წლის სექტემბრიდან 2016 წლის დეკემბრის ჩათვლით, კომპანია "თელასს" სავარაუდო შესყიდვის ფასი ერთ კვტსთ-ზე 11.2 თეთრი განუსაზღვრა. ამ დრომდე შესყიდვის საშუალო შეწონილი ფასი ერთ კვტსთ-ზე 5.5 თეთრია.
ცხრილი 3: "
ენერგოპროს" სამომხმარებლო ტარიფის ცვლილება
სამომხმრებლო ტარიფის ცვლილება | ტარიფი 2013 წლამდე (კვტსთ/თ) | ტარიფი 2013 წლიდან 2015 წლის აგვისტომდე (კვტსთ/თ) | ტარიფი 2015 წლის აგვისტოდან (კვტსთ/თ) |
0–101 კვტსთ | 12.98 | 7.63 | 10.978 |
101–301 კვტსთ | 16.52 | 11.00 | 14.348 |
301 კვტ.სთ და მეტი | 17.5 | 14.83 | 18.178 |
მთავრობამ გადაწყვიტა, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის გაზრდილი ტარიფის სუბსიდირება განახორციელოს, რაც ბიუჯეტის ხარჯების ზრდას გამოიწვევს. ბუნებრივია, სუბსიდირება ენერგოსექტორის გაჯანსაღების და ზოგადი ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესების გზა არ არის. თუ გავითვალისწინებთ, რომ ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი ბიუჯეტიდან პერიოდულად ბევრი ფულის ხარჯვა და შიდა ვალის აღებაა, სუბსიდირება კიდევ უფრო ზრდის რისკებს ვალუტის კურსის სტაბილურობის მიმართ და აქედან გამომდინარე, თუნდაც გაზრდილი ელექტროენერგიის ტარიფის შენარჩუნების ალბათობა კლებულობს.
დასკვნა 2006
წელს საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რის შედეგადაც საქართველოს 24 საათიანი ენერგომომარაგება გახდა შესაძლებელი, ხოლო ენერგეტიკულ სექტორში ინვესტორების მიმზიდველობა ამაღლდა. გაზრდილი ტარიფის სანაცვლოდ ენერგოკომპანიებს ენერგოსექტორში ინვესტიციების განხორციელების ვალდებულება დაეკისრათ.
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო ტარიფის შემცირება და მართლაც, 2013 წლის პირველი იანვრიდან სამომხმარებლო ტარიფი 3.54 თეთრით შემცირდა. ტარიფის შემცირება ძირითადად ენერგოკომპანიებისთვის მოგების მარჟის და საინვესტიციო ვალდებულებების შემცირების ხარჯზე მოხდა. შედეგად, ენერგომოხმარების ზრდას ჩამორჩა შიდა წარმოების ზრდა და საქართველოს დამოკიდებულება იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე გაიზარდა. ბოლო თვეებში ლარის კურსის მნიშვნელოვნად გაუფასურების გამო, ენერგოკომპანიებს გაუძვირდათ იმპორტირებული და თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ღირებულება. შედეგად, სემეკს მოუხდა "ენერგოპროსთვის" ტარიფი 3.35 თეთრით გაეზარდა, ხოლო "თელასთან" დაკავშირებით კი, ტარიფის 5.7 თეთრით ზრდა იგეგმება.
პრემიერ-მინისტრმა 2013 წლამდე არსებული ელექტროენერგიის ტარიფი "ზედმეტად" ჩათვალა და ბოლო წლებში ტარიფის შემცირებით მიღებულ მოსახლეობის დანაზოგზე ისაუბრა. უნდა აღინიშნოს, რომ მოსახლეობის "დანაზოგი" მწარმოებლების დანაკარგია და ამ შემთხვევაში, ეს ენერგეტიკის სექტორში ჩასადებ ინვესტიციებს დააკლდა. 2013 წლამდე ტარიფში "ზედმეტად გადახდილი თანხა" იყო ენერგეტიკის სექტორის განვითარების ერთ-ერთი წინაპირობა. ტარიფის შემცირებით კი, აღნიშნული განვითარება შეფერხდა. მწარმოებლის საინვესტიციო დანაზოგი მომხმარებლის დანაზოგად გადაიქცა, რომელიც სხვა პროდუქციის შეძენაში დაიხარჯა და საბოლოოდ, ქვეყნის გრძელვადიან ეკონომიკურ განვითარებაზე დადებითად არ აისახა.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, პრემიერის განცხადება, რომ მოსახლეობა წლების განმავლობაში ზედმეტად იხდიდა და ბოლო წლებში 150 მლნ ლარი დაიზოგა, არის მეტწილად მცდარი.