სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში, თბილისში მომხდარ სტიქიურ უბედურებაზე საუბრისას, თბილისის საკრებულოს წევრმა, ალექსანდრე ელისაშვილმა განაცხადა: "21-ე საუკუნეა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ტრასას გაყევით, ყველგან, მეწყერსაშიშ ფერდობებზე, არის სენსორები დამონტაჟებული და მართვის ცენტრში ავტომატურად გადაიცემა ინფორმაცია მილიმეტრებითაც რომ მეწყერი დაიძრას. საქართველოს დედაქალაქია და აქ არ იყო ეს რაღაცა, ფული არა გვაქვს?! ფულს ვერ ხარჯავს მერია, 140 მილიონი დაუხარჯავია, ნაშთებშია გადასული".
ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
თბილისის ბიუჯეტი განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესისა და მსჯელობის საგანი ბოლო პერიოდის განმავლობაში არაერთგზის გახდა. კითხვების დიდი ნაწილი დამტკიცებული ასიგნებების ათვისებაში არსებული ხარვეზებისკენ იყო მიმართული. როგორც გრაფიკ 1-ზე ჩანს, 2014 წლის განმავლობაში, ოთხივე კვარტლის ბოლოსთვის, გამოყოფილი სახსრების ათვისება შესაბამისი პერიოდის გეგმით გათვალისწინებულ მაჩვენებელს ჩამორჩებოდა.
გრაფიკი 1:
გადასახდელები - 2014 წელი (ათასი ლარი)
აღნიშნული ტენდენცია 2015 წლის პირველ ორ კვარტალშიც შენარჩუნდა. მიმდინარე წლის ექვსი თვის მანძილზე ათვისებული სახსრები 426 მლნ ლარს შეადგენს, რაც გეგმით გათვალისწინებული ასიგნებების 88.2%-ია. შესაბამისად, გადასახდელების ნაწილში გეგმისგან ჩამორჩენამ პირველ ორ კვარტალში 57 მლნ ლარი შეადგინა.
ცხრილ 1-ში მოცემულია თბილისის ბიუჯეტის გადასახდელების ნაწილის შესრულების მაჩვენებლები პრიორიტეტების მიხედვით.
ცხრილი 1:
თბილისის 2015 წლის ბიუჯეტის I-VI თვის გადასახდელების შესრულების ანგარიშგება პრიორიტეტების მიხედვით (მლნ. ლარი)
№ | დასახელება | გეგმა | საკასო შესრულება | შესრულება %-ში | სხვაობა |
1 | სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და აღდგენა | 46.20 | 42.97 | 93.03% | -3.22 |
2 | ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, ექსპლოატაცია, ავარიული შენობების გამაგრება | 59.76 | 49.27 | 82.45% | -10.49 |
3 | ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება-გაუმჯობესება | 38.04 | 33.64 | 88.43% | -4.40 |
4 | ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა | 4.43 | 2.03 | 45.87% | -2.40 |
5 | ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების გაერთიანება | 14.40 | 12.93 | 89.80% | -1.47 |
6 | ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა | 114.10 | 105.03 | 92.05% | -9.07 |
7 | განათლება | 44.26 | 41.07 | 92.80% | -3.19 |
8 | კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა | 105.67 | 90.76 | 85.89% | -14.91 |
9 | საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება | 12.35 | 12.15 | 98.36% | -0.20 |
10 | თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულბელი ორგანოები | 43.99 | 36.21 | 82.30% | -7.79 |
რაც შეეხება სადეპოზიტო ანგარიშებზე არსებულ ნაშთს, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის თანახმად, ნაშთად იწოდება "შესაბამისი ბიუჯეტის ანგარიშზე შესაბამისი პერიოდისთვის არსებული ფულადი სახსრები". გრაფიკ 2-ზე წარმოდგენილია 2014 წლის განმავლობაში, ყოველი თვის დასაწყისში თბილისის ბიუჯეტის ანგარიშზე არსებული ნაშთი. როგორც გრაფიკზე ჩანს, 2014 წლის დასაწყისისთვის ბიუჯეტის ანგარიშებზე არსებულმა ნაშთმა მთლიანობაში 50.5 მლნ. ლარი შეადგინა, ხოლო მაქსიმუმს 2014 წლის ივნისის ბოლოს მიაღწია, როდესაც ნაშთის სახით აკუმულირებული სახსრების მოცულობამ 123 მილიონ ლარს გადააჭარბა. ეს ფაქტი, თავის მხრივ, გადასახდელების ნაწილში 6 თვის გეგმისგან 45 მილიონიან ჩამორჩენასთან ერთად, შემოსულობების ნაწილში ბიუჯეტის 25.5 მილიონიანმა ზედმეტობით შესრულებამ გამოიწვია. თუმცა, 2014 წლის ივლისის განმავლობაში ნაშთი მკვეთრად შემცირდა და 55.56 მლნ ლარამდე დავიდა, დეკემბრის ბოლოსთვის კი, ის 68 მილიონამდე გაიზარდა.
გრაფიკი 2:
დეპოზიტებზე არსებული ნაშთი თვის დასაწყისში (მლნ. ლარი)
2015
წლის პირველი კვარტლის განმავლობაში პერმანენტული კლების შედეგად, აპრილის დასაწყისში ნაშთის სახით ბიუჯეტის ანგარიშებზე აკუმულირებულმა სახსრებმა 45.1 მლნ ლარი შეადგინა, თუმცა მეორე კვარტალში ნაშთი 55.4 მლნ ლარით გაიზარდა და ივნისის ბოლოს 100.5 მილიონს გაუტოლდა. შედეგად, 2015 წლის 6 თვის გეგმით გათვალისწინებული 46.4 მილიონით შემცირების ნაცვლად, მიმდინარე წლის დასაწყისთან შედარებით, ნაშთი 32.4 მლნ ლარით გაიზარდა.
როგორც ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებიდან ჩანს, გასული წლის, ასევე მიმდინარე წლის პირველი ორი კვარტლისთვის დამახასიათებელია ერთის მხრივ შემოსულობების გადაჭარბებით შესრულება, მეორეს მხრივ კი, გადასახდელების გეგმისგან ჩამორჩენა. შესაძლებელია, დადებით ასოციაციას ქმნიდეს შემოსულობების დაგეგმილზე მეტი ოდენობით მიღება, ისევე როგორც დაგეგმილთან შედარებით გადასახდელების საკასო შესრულების შემცირებული მოცულობა, თუმცა, აუცილებელია აღინიშნოს, რომ "გამოთავისუფლებული" სახსრები განუხორციელებელ ან ნელი ტემპით განხორციელებულ პროექტებს ნიშნავს.
დასკვნა
როგორც 2014 წლის და 2015 წლის 6 თვის ბიუჯეტების შესრულების ანგარიშებიდან ირკვევა, 2014 წლის იანვრიდან 2015 წლის ივნისის ჩათვლით თბილისის ბიუჯეტის გადასახდელების ნაწილში შესამჩნევია გეგმისგან მუდმივი ჩამორჩენა. 2014 წელს ბიუჯეტი გადასახდელების ნაწილში 93%-ით შესრულდა. ეს ტენდენცია 2015 წლის პირველ ორ კვარტალშიც შენარჩუნდა და 6 თვის მონაცემებით, გამოყოფილი ასიგნებები მხოლოდ 88.2%-ით იქნა ათვისებული. რაც შეეხება ანგარიშებზე აკუმულირებულ ნაშთს, თბილისის ბიუჯეტის ანგარიშებზე რიცხულ სახსრებს, 2015 წლის ივლისის დასაწყისის ჩათვლით, მას 140 მილიონი ლარისთვის არცერთ საანგარიშგებო პერიოდში არ მიუღწევია. ნაშთის მოცულობის მაქსიმუმი 2014 წლის ივნისის ბოლოს დაფიქსირდა და 123.42 მილიონი ლარი შეადგინა. შესაბამისად, ალექსანდრე ელისაშვილმა სამართლიანად მიუთითა თბილისის მერიის მიერ ბიუჯეტის გეგმით გათვალისწინებული ასიგნებების ათვისებაში არსებულ ხარვეზებზე, თუმცა ბიუჯეტის ანგარიშებზე არსებული ნაშთის მოცულობა არაზუსტად დაასახელა.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ალექსანდრე ელისაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.