2015

წლის 31 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ინტერპოლის ძებნილთა სიიდან დავით კეზერაშვილის ამოღებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "ინტერპოლში გარკვეული მეთოდოლოგია შეიცვალა და ამით არის ეს ყველაფერი განპირობებული... იანუკოვიჩიც ამოიღეს ძებნილთა სიიდან".

ფაქტ-მეტრი პრემიერის ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

2015 წლის 31 ივლისს, ზურაბ ადეიშვილის შემდეგ, ინტერპოლის ძებნილთა სიიდან

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილიც ამოიღეს, ხოლო მიხეილ სააკაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის გამოცხადებაზე ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ უარი განაცხადა. სწორედ ზემოაღნიშნული ფაქტების კომენტირებისას განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რომ ეს ინტერპოლის მეთოდოლოგიების ცვლილებით იყო გამოწვეული.

დავით კეზერაშვილის ადვოკატმა, შოთა მინდელმა ამ თემასთან დაკავშირებით განაცხადა: "

კეზერაშვილთან დაკავშირებით ინტერპოლის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, ის ამოღებული იქნა წითელი ცირკულარიდან. ეს საქართველოსთვის უკვე მეორე პრეცედენტია. ამან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ისეთი კომპეტენტური და სანდო ორგანიზაცია, როგორიც ინტერპოლია, ადასტურებს, რომ საქართველოში კეზერაშვილის მიმართ ნამდვილად ხორციელდებოდა პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნა".

ინტერპოლის მეთოდოლოგიის ცვლილება უარყო

 "მიგრანტთა და უცხოელ მოქალაქეთა უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის ცენტრის" თავმჯდომარემ, საფრანგეთის ქალაქ ბერჟერაკის მერიის მრჩეველმა, ნუგზარ სულაშვილმა: "ინტერპოლში არანაირი მეთოდები არ შეცვლილა და ისინი დღემდე ხელმძღვანელობენ 1956 წელს მიღებული კანონმდებლობით, სადაც მე-3 მუხლის თანახმად, პოლიტიკური ნიშნით პირებზე დევნის გამოცხადება აკრძალულია და იგი ეწინააღმდეგება ორგანიზაციის კონსტიტუციას".

საქართველოს პარლამენტის უმცირესობის წევრის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, ინტერპოლის გადაწყვეტილება ამ ორგანიზაციის კონსტიტუციის მე-3 მუხლზე

დაყრდნობით მოხდა: "ინტერპოლმა უარყო საქართველოს პროკურატურის მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის საერთაშორისო ძებნის გამოცხადებასთან დაკავშირებით, რადგან ეს ქმედება ინტერპოლის კონსტიტუციის მე-3 მუხლს ეწინააღმდეგება, რომლის მიხედვითაც, ორგანიზაციას პოლიტიკური ნიშნით პირებზე დევნის გამოცხადება აკრძალული აქვს. აღნიშნული მუხლი 1956 წელსაა მიღებული. ამიტომ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებები, სადაც ის აღნიშნავს, რომ თითქოს უარის თქმის მოტივი ორგანიზაციაში განხორციელებული ცვლილებაა, კომიკურია".

ფაქტ-მეტრი დავით კეზერაშვილის ადვოკატს, შოთა მინდელს დაუკავშირდა. ადვოკატის განცხადებით, მას ინტერპოლის მიერ მიღებულ დოკუმენტზე წვდომა აქვს, თუმცა საჯაროდ მას ვერ გამოიყენებს. მაგრამ, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ძებნილთა სიიდან ამოღება პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეებით დევნის გამო მოხდა, რაც ინტერპოლის კონსტიტუციის მე-3 მუხლს ეწინააღმდეგება. პრემიერ-მინისტრის განცხადებას ინტერპოლში "გარკვეული მეთოდოლოგიების ცვლილების თაობაზე" ადვოკატმა "პოლიტიკური ტრიუკები" უწოდა და აღნიშნა, რომ ინტერპოლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ორგანიზაციაში რაიმე სახის სამართლებრივ ცვლილებებთან არანაირი კავშირი არ აქვს.

ამ საკითხზე საქართველოს ხელისუფლებიდან კომენტარი

 ასევე იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გააკეთა: "ინტერპოლის ეს გადაწყვეტილება საქართველოს ძალოვან სტრუქტურებს ხელს უშლის დანაშაულთან ბრძოლის საქმეში. ეს სამწუხარო ფაქტია, რადგანაც ჩვენ ინტერპოლთან ტრადიციულად ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს. მე მაქვს ჩემი კითხვის ნიშნები, თუ როგორ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, რადგან მათ მეთოდი შეცვალეს". ირაკლი ღარიბაშვილის მსგავსად, თეა წულუკიანმაც განაცხადა, რომ ინტერპოლმა მეთოდოლოგია შეცვალა, თუმცა არც პრემიერს და არც იუსტიციის მინისტრს არ დაუკონკრეტებიათ, კონკრეტულად რა "მეთოდოლოგიის", ან "მეთოდის" ცვლილებაზეა საუბარი.

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებაში

აღნიშნულია, რომ "ამჯერად, ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ გადაწყვეტილება მიიღო ისე, რომ ქართულ მხარეს არ მისცემია შესაძლებლობა წარედგინა საკუთარი არგუმენტები დავით კეზერაშვილის საჩივარში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით". ასევე, პროკურატურის განცხადებით, საქართველოს მთავარი პროკურატურა საჭირო მასალებს ამზადებს და გეგმავს, ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს მიმართოს და მიხეილ სააკაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის გამოცხადება, ხოლო დავით კეზერაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის აღდგენა მოითხოვოს. ნიშანდობლივია, რომ პროკურატურის ამ განცხადებაში ინტერპოლში რაიმე სახის მეთოდოლოგიურ ცვლილებებზე საუბარი არ არის. ამასთან, პროკურატურა არ ასაჯაროებს მის ხელთ არსებულ დოკუმენტს და საზოგადოებას არ აწვდის ინფორმაციას იმ გარემოებების შესახებ, რომლებსაც ინტერპოლი აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო.

დავით კეზერაშვილი ინტერპოლის სიაში 2013 წლიდან იყო, მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მას რამდენიმე ბრალი წარუდგინა. 2013 წლის ოქტომბერში კეზერაშვილი საფრანგეთში დააკავეს, თუმცა რამდენიმე თვეში გაათავისუფლეს და მის ექსტრადიციაზე ქართულ მხარეს უარი უთხრეს. ფრანგმა პროკურორმა სოლანჟ ლეგრასმა სასამართლოს განუცხადა,

რომ მას ექსტრადიციის მოთხოვნასთან დაკავშირებით "დიდი ეჭვები" აქვს, რომელიც პოლიტიკურად მოტივირებული აღმოჩნდა.

იურისტ ლევან ალაფიშვილის განცხადებით, "

იმ სტატუსის მინიჭების კვალობაზე, რასაც პოლიტიკური დევნილის სტატუსი ჰქვია, უკვე საერთაშორისო პროცედურაც იცვლება და სწორედ ამან განაპირობა ის, რასაც ჰქვია კეზერაშვილის ძებნილთა სიიდან ამოღება". თუმცა, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იმ საფუძვლით, რომ პირზე პოლიტიკური დევნა ხორციელდება, ავტომატურად პოლიტიკური დევნილის სტატუსის ოფიციალურ მინიჭებას არ ნიშნავს. ფაქტ-მეტრი ამ საკითხთან დაკავშირებითაც ესაუბრა დავით კეზერაშვილის ადვოკატს. მისი განცხადებით, "დავით კეზერაშვილს ასეთი სტატუსი არ ჰქონია და არც ამჟამად აქვს. იცით, რომ მას ისრაელის მოქალაქეობაც აქვს. შესაბამისად, მას რომელიმე მესამე ქვეყნისაგან ვერ მიენიჭება დევნილის სტატუსი. შესაბამისად, მისი ცირკულარიდან ამოღება დევნილის სტატუსს, რომელიც უბრალოდ არც აქვს, არ უკავშირდება".

ირაკლი ღარიბაშვილი თავის განცხადებაში უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ინტერპოლის ძებნილთა სიიდან ამოღებაზეც საუბრობს. 2015 წლის 21 ივლისს, ვიქტორ იანუკოვიჩი ამ სიიდან მართლაც ამოიღეს, თუმცა, სხვა საკითხია, თუ რამდენად სწორია ამ ფაქტის "ინტერპოლში გარკვეული მეთოდოლოგიური ცვლილებების" ჩარჩოში მოქცევა. კომპანია "Joseph Hage Aaronson"-ის ადვოკატების განცხადებით,

რომელთაც იანუკოვიჩის სიიდან ამოღებას მიაღწიეს, ინტერპოლმა პირზე პოლიტიკური ნიშნით დევნის შესახებ არგუმენტი გაითვალისწინა.

რაც შეეხება ვიქტორ იანუკოვიჩთან დაკავშირებულ განსხვავებულ პოზიციას, ინტერპოლის უკრაინული ბიუროს განცხადების

თანახმად, იანუკოვიჩი ძებნილთა სიიდან ინტერპოლის დოკუმენტების კონტროლის კომისიამ დროებით ამოიღო, მანამ, სანამ სექტემბერში, საფრანგეთის ქალაქ ლიონში, იანუკოვიჩის საქმის არსებითი განხილვა გაიმართება. ვიქტორ იანუკოვიჩის საქმესთან მიმართებაში არცერთ მხარეს არ განუცხადებია, რომ უკრაინის ექს-პრეზიდენტის ძებნილთა სიიდან ამოღება ინტერპოლში რაიმე სახის "მეთოდოლოგიურ ცვლილებებს" უკავშირდება.

ფაქტ-მეტრი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს, ოთარ კახიძესაც დაუკავშირდა. ადვოკატის განცხადებით, მას აქვს წვდომა ინტერპოლის მიერ მიღებულ დოკუმენტთან, თუმცა, მისი გასაჯაროების უფლება არ აქვს. ამასთან, ოთარ კახიძემ განგვიმარტა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არანაირ კავშირში არაა ინტერპოლში განხორციელებულ რაიმე სახის მეთოდოლოგიურ ცვლილებებთან და ინტერპოლი ამ დოკუმენტში 1951, 1984 და 1994 წლის რეზოლუციებს ეყრდნობა. ადვოკატმა ფაქტ-მეტრთან საუბარში ასევე ის ძირითადი ფაქტორები დაასახელა, რომელსაც ინტერპოლი გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო: პოლიტიკური მოტივით დევნა, საქართველოში წინასწარი პატიმრობის მხრივ არსებული პრობლემები და პარიზის სასამართლოდან მიღებული ინფორმაცია.

დასკვნა

პრემიერი, იუსტიციის მინისტრი და პროკურატურა არ აკონკრეტებენ რა სახის "მეთოდოლოგიური/მეთოდური ცვლილების გამო" ამოიღეს დავით კეზერაშვილი ინტერპოლის ძებნილთა სიიდან. ინტერპოლის მიერ მიღებული დოკუმენტი საჯარო არ არის, თუმცა ადვოკატები, რომელთაც ამ დოკუმენტზე წვდომა აქვთ, უარყოფენ ინტერპოლში რაიმე სახის ცვლილებების გამო გადაწყვეტილების მიღებას და იმ კონკრეტულ მიზეზებზე მიუთითებენ, რაც ამ დოკუმენტს საფუძვლად დაედო. ფაქტ-მეტრმა ასევე გაარკვია, რომ დავით კეზერაშვილის ინტერპოლის ძებნილთა სიიდან ამოღება მის პოლიტიკური დევნილის სტატუსს (ასეთი სტატუსი მას არ გააჩნია) არ უკავშირდება.

რაც შეეხება უკრაინის ექს-პრეზიდენტს, ვიქტორ იანუკოვიჩს, მასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ის ინტერპოლის სიიდან ამოიღეს: ა) პოლიტიკური მოტივით დევნის გამო და ბ) დროებით, სექტემბერში გასამართ სასამართლო პროცესამდე. შესაბამისად, უკრაინის ექს-პრეზიდენტთან დაკავშირებით, ინტერპოლში მეთოდოლოგიური ცვლილებების გამო მისი ძებნილთა სიიდან ამოღებაზე (ირაკლი ღარიბაშვილის გარდა) არავინ საუბრობს. ამასთან, ინტერპოლის ძებნილთა სიაში რაიმე მასიური ცვლილებები არ მომხდარა, ანუ სახეზეა კონკრეტული პირების მიმართ მიღებული გადაწყვეტილებები და არა ძებნილთა სიიდან გარკვეული კატეგორიის პირების სისტემური ამოღება.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5661 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია