პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, თოქ-შოუ "პირველ სტუდიაში" 13 ივნისის სტიქიაზე საუბრისას განაცხადა: "ჩვენი სამშობლო გაცილებით უკეთ უნდა შევისწავლოთ, რომ მყისიერი პროგნოზის საშუალება გვქონდეს. ამისთვის საჭიროა ძალიან ბევრი იმ სისტემის და სტრუქტურის აღდგენა, რომელიც განადგურდა ამ ქვეყანაში არა ბოლო ორი წლის განმავლობაში, არა იმ ცხრა წელიწადში, რომელიც ხშირად არის ნახსენები, არამედ ცოტა უფრო ადრე. დღევანდელი მდგომარეობით, ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი ბრძანებს, რომ თუ 30 წლის წინ საქართველოში იყო 400 მეტეოსადგური, რომელიც აკვირდებოდა ნალექის რაოდენობას, დღეს არის - 40".
ფაქტ-მეტრი საქართველოში მეტეოროლოგიური სადგურების რაოდენობით დაინტერესდა და შესაბამისი ინფორმაციისთვის გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიმართა.
ცხრილი 1:
მეტეოროლოგიური სადგურების და საგუშაგოების რაოდენობა 1904-2015 წლების მიხედვით
წელი | 1904 | 1940 | 1990 | 2000 | 2005 | 2012 | 2013 | 2014 | 2015 |
მეტეოროლოგიური სადგური | 32 | 160 | 105 | 58 | 48 | 20 | 22 | 26 | 29 |
მეტეოროლოგიური საგუშაგო | 40 | 45 | 68 | 27 | 24 | 45 | 47 | 49 | 51 |
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,
საქართველოში 1940 წელს ყველაზე მეტი (160) მეტეოროლოგიური სადგური იყო. კლების ტენდენცია 1950-იანი წლებიდან დაიწყო (145). 1990 წლისთვის საქართველოში 105 მეტეოროლოგიური სადგური ფუნქციონირებდა, ხოლო შემდგომ წლებში მათი რაოდენობა მნიშვნელოვანი კლების ტენდენციით ხასიათდება. 2012 წლიდან მეტეოროლოგიური სადგურების რაოდენობა მცირედით, მაგრამ მაინც გაიზარდა (20-დან 29-მდე). რაც შეეხება მეტეოროლოგიურ საგუშაგოებს, ყველაზე მეტი საგუშაგო 1960 წელს იყო (100), შემდგომ წლებში მათი რაოდენობა შემცირდა (1970 წელი - 78, 2005 წელი - 24). 2010 წლიდან კი, მეტეოროლოგიური საგუშაგოების რაოდენობა მცირედით გაიზარდა და 2015 წლისთვის 51-ს მიაღწია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მეტეოროლოგიურ სადგურებში ამინდზე დაკვირვება შემდეგი პარამეტრების მიხედვით ხდება: ატმოსფერული წნევა, ჰაერის და ნიადაგის ტემპერატურა და სინოტივე, მოსული ნალექების რაოდენობა, ქარის სიჩქარე და მიმართულება და სხვა. მეტეოროლოგიურ საგუშაგოებზეკი, მხოლოდ ჰაერის ტემპერატურა და ნალექების რაოდენობა იზომება.
ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, რამაზ ჭითანავას ინფორმაციით, "საქართველოში მეტეოროლოგიურ სამსახურს 170 წლის ისტორია აქვს. თბილისში მე-19 საუკუნეში გეოფიზიკური ობსერვატორია უკვე არსებობდა. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მეტეოროლოგიური სადგურების და საგუშაგოების რაოდენობის შემცირება მასიურად დაიწყო, რაც საბჭოთა კავშირის დანგრევით იყო განპირობებული - დარგის დაფინანსება მოსკოვიდან ხორციელდებოდა და დაფინანსების შეწყვეტამ ინფრასტრუქტუირის განადგურება გამოიწვია. მეტეოროლოგიური სადგურების აღდგენის და ახლის გახსნის პროცესი სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის და ქვეყნის (მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია (WMO), კლიმატის ადაპტაციის ფონდი, აშშ, კანადა, ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი) დახმარებით ძირითადად 2000-იანი წლების მეორე ნახევრიდან დაიწყო. თუმცა, 2006 წელს სააგენტოს დაფინანსების შემცირების გამო, იძულებული გახდნენ, თანამშრომლების რაოდენობა მნიშვნელოვნად შეემცირებინათ. ბოლო წლებში, მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალა. თუმცა, დღეს არსებული მეტეოროლოგიური სადგურების და საგუშაგოების რაოდენობაც არ არის საკმარისი დარგის სრულყოფილილი ფუნქციონირებისთვის. მაგალითად, თბილისში მხოლოდ ერთი მეტეოროლოგიური სადგურია, რაც თბილისის სრულყოფილი კვლევისთვის არასაკმარისია".
ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელისვე ინფორმაციით, "2015 წლის 13 ივნისის სტიქიის წინ, სააგენტოს მიერ გაცემული იყო გაფრთხილება აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ ტერიტორიაზე შესაძლო ძლიერი ნალექის, სეტყვის, ქარის შკალური გაძლიერების და ცალკეულ მდინარეებზე ღვარცოფული ნაკადების ფორმირების შესახებ. სააგენტო მაღალი ტექნიკური შესაძლებლობების მქონე რადარით არ არის აღჭურვილი, ამის გამო მოსალოდნელი სტიქიის შესაძლო ეპიცენტრი წინასწარ ვერ განისაზღვრა. რადარის ფლობის შემთხვევაში, სტიქიის შესაძლო ადგილის განსაზღვრა სტიქიამდე 1-2 საათით ადრე იქნებოდა შესაძლებელი. აღსანიშნავია ისიც, რომ გარემოს ეროვნულ სააგენტოს სტიქიამდე მდინარე ვერეს აუზში ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების არცერთი პუნქტი არ გააჩნდა. მხოლოდ 13-14 ივნისის სტიქიური მოვლნების შემდეგ, მდინარის აუზში 2 ერთეული ავტომატური ნალექმზომი და 1 ერთეული წყლის დონის მზომი დამონტაჟდა".
ამ თემაზე ჩვენ კომენტარი გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების ყოფილ მინისტრს, გოგა ხაჩიძესაც ვთხოვეთ. მისი თქმით, 1990-იან წლებში საქართველოში ყველანაირი ინფრასტრუქტურა მოიშალა და განადგურდა. საგრძნობლად შემცირდა მეტეოროლოგიური სადგურების რაოდენობაც. დარგის რეაბილიტაცია მოგვიანებით, 2000-იანი წლების ბოლოს დაიწყო. ხაჩიძის ინფორმაციით, მისი მინისტრობის პერიოდში (2008-2012 წლები) არცერთი მეტეოსადგური არ გაუქმებულა და 22 ცალი მეტეოროლოგოური პარამეტრების ავტომატურად მზომი სისტემა იქნა შეძენილი. ინტერნეტსივრცეში მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ახალი მეტეოროლოგიური სადგურები ქუთაისში, დარიალის ხეობაში, კასპში და თეთრიწყაროსმუნიციპალიტეტში გაიხსნა.
დასკვნა
საქართველოში მეტეოროლოგიური სადგურების ისტორია მე-19 საუკუნიდან იწყება. დარგის აქტიური განვითარება გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან დაიწყო და პიკს მეორე მსოფლიო ომის დროს მიაღწია. საქართველოში ყველაზე მეტი მეტეოროლოგიური სადგური (160) 1940 წელს იყო. 1990-იანი წლებიდან მოყოლებული სადგურების რაოდენობა შემცირდა.
ამინდზე დაკვირვება მეტეოროლოგიური სადგურების და მეტეოროლოგიური საგუშაგოების საშუალებით ხორციელდება. თუ სადგურების და საგუშაგოების რაოდენობას შევაჯამებთ, 1940 წელს - 205, 1990 წელს - 173, 2000 წელს - 85, 2012 წელს - 65, 2015 წელს კი - 80 იყო. მართალია, პარლამენტის თავმჯდომარე მეტეოროლოგიური სადგურების რაოდენობაზე საუბრისას რიცხვებს არასწორად ასახელებს, მაგრამ განცხადების კონტექსტი, რომ მეტეოროლოგიური სადგურების კლების ტენდენცია 1990-იანი წლებიდან დაიწყო და ამ მხრივ დღესაც არასახარბიელო მდგომარეობაა, სიმართლეა.
შესაბამისად, დავით უსუფაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.