ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ეს პროექტი წლების განმავლობაში შეჩერებული იყო. 2008 წელს უნდა დაწყებულიყო, მას შემდეგ კი, 4 წლის განმავლობაში გაჩერებული იყო. აქტიური სამუშაოები ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ დაიწყო, ვინაიდან რაღაც პრობლემები იყო მოსაგვარებელი".
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
სასტუმრო ჰილტონის მშენებლობას შპს "ტურინვესტი" ახორციელებდა. იმის გასარკვევად, ჰქონდა თუ არა მშენებლობის შეფერხებას ადგილი, ჩვენ კომპანია "ტურინვესტს" დავუკავშირდით. კომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. ამის შემდეგ, ჩვენ შესაბამისი ინფორმაციის მისაღებად პრემიერის პრესსამსახურს მივმართეთ. ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, თუ რას გულისხმობდა ირაკლი ღარიბაშვილი "პრობლემებში", რომელიც მან მშენებლობის შეფერხების მიზეზად დაასახელა და რა ინფორმაციაზე დაყრდნობით გააკეთა აღნიშნული განცხადება. პრესსამსახურმა თავის მხრივ უშუალოდ პრემიერს მიმართა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, განცხადების გაკეთებისას ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, დავით ბალაძის ინფორმაციას დაეყრდნო. ჩვენც, აღნიშნული საკითხის გასარკვევად მინისტრს დავუკავშირდით.
დავით ბალაძის პრესსამსახურის ინფორმაციით, სასტუმრო "ჰილტონის" მშენებლობის პირველი ნებართვა კომპანია "ტურინვესტმა" 2008 წლის 18 ივნისს მიიღო, რაც 2010 წლის 5 ივნისის მშენებლობის ეტაპის დასრულების ოქმით დასტურდება. მშენებლობის ნებართვას ვადა 2010 წლის 28 მაისს გაუგრძელდა და მშენებლობის ნებართვის ახალი დრო 2013 წლის 23 სექტემბრით განისაზღვრა. 2013 წლის 16 დეკემბერს, სამშენებლო ნებართვა კიდევ ერთხელ გაგრძელდა, ამჯერად 2014 წლის 20 დეკემბრამდე. როგორც ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციიდანირკვევა, მშენებლობის პროცესი შვიდი წლის მანძილზე გრძელდებოდა.
სამშენებლო ეტაპების დასრულების დამადასტურებელი ოქმებიდან შესაძლებელია გავარკვიოთ, თუ როგორ მიმდინარეობდა სასტუმრო "ჰილტონის" მშენებლობის პროცესი წლების მიხედვით. ოქმებიდან ირკვევა, რომ სასტუმრო "ჰილტონის" საძირკვლის მოწყობის სამუშაოები 2011 წლის 6 ივლისს დასრულდა.აღნიშნულ სამშენებლო სამუშაოებს შპს "ფიროსმანი" აწარმოებდა.
ბათუმის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, 2011 წლის 6 ივლისიდან 2012 წლის ოქტომბრამდე (15 თვის განმავლობაში), მშენებლობა ფაქტიურად გაჩერებული იყო, რასაც ახალ სამშენებლო კომპანიასთან (შპს "ანაგთან") გაფორმებული ხელშეკრულება (01.10. 2012 წელი) ადასტურებს. აღნიშნული ხელშეკრულებით, სამშენებლო სამუშაოების წარმოება შპს "ანაგს" დაევალა, მშენებლობის დასრულების ვადა კი 16 თვით განისაზღვრა.
სასტუმრო "ჰილტონთან" დაკავშირებით ინფორმაცია ბათუმის მერიიდანაც გამოვითხოვეთ. აღსანიშნავია, რომ მიღებულ წერილში ნახსენები ფაქტები ზემოთ მოყვანილ თარიღებს არ ემთხვევა. აღნიშნული ინფორმაციის მიხედვით, სასტუმრო "ჰილტონის" (საცხოვრებელი და სასტუმრო კომპლექსის) მშენებლობისთვის ნებართვა შპს "ტურინვესტის" სახელზე ორჯერ გაიცა (2009 წლის 22 ივნისი და 2013 წლის 16 დეკემბერი). 2014 წლის 2 დეკემბრის ბრძანებით, მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა 2015 წლის 20 მაისამდე გაგრძელდა.ზემოთ მოყვანილ ორ წყაროს შორის არსებული ფაქტობრივი განსხვავებების გამო, ჩვენ სასტუმრო "ჰილტონის" ნებართვის გაცემის თარიღები გადავამოწმეთ. ბათუმის მერიის ინფორმაციით, 2008 წელს შპს "ტურინვესტის" სახელზე გაცემული ნებართვა ობიექტის დემონტაჟის და არა მშენებლობის ნებართვას გულისხმობდა.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა შპს "ტურინვესტს" რაიმე სახის სამართლებრივი დარღვევა, რაც შეიძლება მშენებლობის შეჩერების საფუძველი გამხდარიყო. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, საცხოვრებელი და სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა სანებართვო პირობების დარღვევით განხორციელდა, რაც დამატებითი სართულის უნებართვოდ დაშენებამ გამოიწვია. 2013წლის 30 სექტემბერს, აღნიშნული დარღვევის გამო, შპს "ტურინვესტის" სახელზე ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა მითითება გასცა და სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაიწყო. მითითების თანახმად, შპს "ტურინვესტს" გაფრთხილება მიეცა, 7 დღის ვადაში ან სამშენებლო სამუშაოები შეეჩერებინა, ან შესაბამისი დოკუმენტაცია წარედგინა. მითითებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის აღმოუფხვრელობის გამო, 2013 წლის 15 ოქტომბერს შპს "ტურინვესტის" დაჯარიმების, მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის სამშენებლო დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე #224 დადგენილება გაიცა. საქმე აჭარის სააღსრულებო ბიუროში გადაიგზავნა. მოგვიანებით, ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა კომპანიას შესაბისი ჯარიმები დააკისრა.
შპს "ტურინვესტის" მიერ 2013 წლის 16 დეკემბერს წარმოდგენილი იქნა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გაცემული ნებართვა, პროექტში ცვლილების შეტანისა და ახალი მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ, მშენებლობის სანებართვო მოწმობა და ჯარიმების გადახდის დამადასტურებელი ქვითრები, რის საფუძველზეც შპს "ტურინვესტზე" არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოება შეწყდა.
დასკვნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, დავით ბალაძის ინფორმაციით, სასტუმრო "ჰილტონის" მშენებლობის ნებართვა სამჯერ გაიცა (პირველი ნებართვა 2008 წელს, ხოლო მესამე ნებართვის ვადა 2014 წლის 20 დეკემბრამდე განისაზღვრა). აღსანიშნავია, რომ სასტუმრო "ჰილტონის" საძირკვლის მოწყობის სამუშაოები 2011 წლის 6 ივლისს დასრულდა. სასტუმროს მშენებლობა 2012 წლის ოქტომბერში შპს "ანაგმა" ჩაიბარა, რომელსაც მშენებლობის დასრულება 16 თვეში დაევალა.
შპს "ანაგის" ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, კომპანია სასტუმრო "ჰილტონს" 2012 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის თებერვლამდე აშენებდა.
ბათუმის მერიის ინფორმაციით კი, მშენებლობის ნებართვა შპს "ტურინვესტის" სახელზე ორჯერ გაიცა: 2009 წლის 22 ივნისს და 2013 წლის 16 დეკემბერს, ხოლო 2014 წლის 2 დეკემბრის ბრძანებით, მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა გაგრძელდა და ის 2015 წლის 20 მაისამდე განისაზღვრა. მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ სახელმწიფოს მხრიდან მშენებლობის შეჩერების ერთადერთი შემთხვევა 2013 წელს, მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მოხდა. აღნიშნული უწყების ინფორმაციით, 2008 წელს შპს "ტურინვესტზე" გაცემული ნებართვა ობიექტის დემონტაჟის ნებართვას და არა მშენებლობის დაწყების გულისხმობდა.
მიუხედავად სახელმწიფო სექტორიდან მიღებულ მონაცემებს შორის არსებული გარკვეული უზუსტობისა, ზემოთ მოყვანილი დოკუმენტაციის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სასტუმრო "ჰილტონის" მშენებლობა 2008-2015 წლებში მიმდინარეობდა. აქედან, 2008 -2011 წლებში საძირკვლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობდა. მთლიანად სასტუმროს მშენებლობა კი 2012 წლის ოქტომბრიდან 29 თვეში დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ ჩვენ მიერ მოძიებული ინფორმაციის მიხედვით, მშენებლობის 4 წლის მანძილზე შეჩერება არ დასტურდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ხელთ გვაქვს სასტუმროს მშენებლობის პროცესის დოკუმენტაცია, ჩვენთვის უცნობია, რა მიზეზით გაგრძელდა მშენებლობა რვა წლის განმავლობაში - ეს კომპანიის ფინანსურ პრობლემებს უკავშირდება, თუ არსებობდა სახელმწიფოს მიერ შექმნილი ხელოვნური პრობლემები.
მიუხედავად არაერთი მცდელობისა, სამშენებლო სამუშაოების შეჩერებისა და გაჭინაურების რეალური მიზეზები ფაქტ-მეტრმა ბოლომდე ვერ დაადგინა. შესაბამისად, ჩვენ თავს ვიკავებთ ვერდიქტის გამოტანისგანაც. ასევე, ვაცხადებთ მზადყოფნას, მივიღოთ და კვლევაში შესაბამისად ავსახოთ ამ თემასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის სანდო და არგუმენტირებული ინფორმაცია ჩვენი მკითხველისგან, რაც კვლევის საბოლოოდ დასრულებაში დაგვეხმარება.