ჩვენი მოსახლეობის 50%, სამწუხაროდ და ჩვენდა სამარცხვინოდ, სიღარიბეში ცხოვრობს".
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა პრემიერის განცხადებით და სიღარიბის ოფიციალური მაჩვენებლები გადაამოწმა.
საქსტატის მონაცემებით, 2014 წელს რეგისტრირებული სიღარიბე, ანუ საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის წილი, 11.6%-ია. 2009-2013 წლების სტატისტიკური მონაცემების თანახმად, რეგისტრირებული სიღარიბის მაჩვენებელი თითქმის უცვლელი იყო. ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად 2014 წელს (გრაფიკი1) გაიზარდა, რისი მიზეზიც მოსახლეობის საყოველთაო აღწერის წინასწარი შედეგები გახდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განმარტებით, 2014 წლის მონაცემი გაანგარიშებულია 2014 წლის 5 ნოემბრის მოსახლეობის აღწერის წინასწარი შედეგების მიხედვით. საყოველთაო აღწერისწინასწარი შედეგებით, მოსახლეობის რიცხოვნობა 4 372 ათასიდან 3 730 ათასამდე შემცირდა. შესაბამისად, საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის წილი მთლიან მოსახლეობასთან გაიზარდა.
გრაფიკი 1:
რეგისტრირებული სიღარიბე 2009-2014 წლებში
რაც შეეხება ფარდობითი სიღარიბის (იმ მოსახლეობის წილი, რომელიც საშუალო მოხმარების 60%-ს და 40%-ს ქვევით იმყოფება) მაჩვენებელს, 2014 წლის მონაცემებით, მოსახლეობის 21.4% მედიანური მოხმარების (ანუ საშუალო მოხმარების) 60%-ზე ნაკლებს მოიხმარს. მოსახლეობის 8% კი, საშუალო მოხმარების 40%-ზე ნაკლებს მოიხმარს. 2010-2014 წლების სტატისტიკის თანახმად, ფარდობითი სიღარიბე მცირედით, მაგრამ მაინც შემცირდა (გრაფიკი 2).
გრაფიკი 2:
ფარდობითი სიღარიბე პროცენტებში, 2010-2014 წლები
პრემიერ-მინისტრმა გასული წლის სექტემბერში, "ათასწლეულის განვითარების მიზნები - საქართველოს ეროვნული ანგარიშის" პრეზენტაციაზე, ქვეყანაში არსებულ სიღარიბეზე რადიკალურად განსხვავებული განცხადება გააკეთა. მისი თქმით, "მიღწეული შედეგებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ არსებითად შემცირდა სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა და ეს მაჩვენებელი პრაქტიკულად განახევრებულია". პრემიერის ეს განცხადება თავის დროზე ფაქტ-მეტრის კვლევის საგანი გახდა და ის შეფასდა, როგორც მეტწილად მცდარი (იხ. ფაქტ-მეტრის სტატია).
საქმე ის არის, რომ როცა პრემიერ-მინისტრი სიღარიბის პრაქტიკულად განახევრებაზე მიუთითებდა, ის ათასწლეულის განვითარების მიზნების საქართველოს 2014 წლის ეროვნულ ანგარიშს ეყრდნობოდა. აღნიშნულ ანგარიშში სიღარიბის მაჩვენებელი 2006-2012 წლის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობითაა განხილული. 2012 წლის მონაცემებით, სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა მთლიანი მოსახლეობის 14.8%-ია, უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა კი - 3.7%. 2006-2012 წლებში სახეზეა როგორც უკიდურესი, ისე ფარდობითი სიღარიბის შემცირების ტენდენცია, თუმცა არა განახევრება. შესაბამისად, პრემიერის შეფასება, ისევე როგორც ახლა, მაშინაც აშკარად გადაჭარბებული იყო.
დასკვნა
საქსტატის მონაცემებით, 2014 წელს რეგისტრირებული სიღარიბე, ანუ საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის წილი მთლიანი მოსახლეობის 11.6%-ს შეადგენდა. რაც შეეხება ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებელს, 2014 წლის მონაცემებით, მოსახლეობის 21.4% საშუალო მოხმარების 60%-ზე ნაკლებს მოიხმარდა. იმ მოსახლეობის წილი კი, რომელიც საშუალო მოხმარების 40%-ზე ნაკლებს მოიხმარდა 8%-ია.
მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადება საქსტატის შესაბამისი მონაცემების თანახმად გადაჭარბებულია, ფაქტ-მეტრი იზიარებს იმ პათოსს, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის სიღარიბე უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, პრემიერ-მინისტრის განცხადება: ჩვენი მოსახლეობის 50% სიღარიბეში ცხოვრობს, არის ნახევრად სიმართლე.