საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ორწლიანი მუშაობა შეაჯამა და თითოეული სამინისტროს შესახებ ცალ-ცალკე ისაუბრა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მუშაობის შეფასებისას, პრემიერმა ხაზი წარმატებულ რთველს გაუსვა და განაცხადა: "გასულ წლებში, რთველის დროს, ჩვენ მოვახდინეთ როგორც თეთრი, ისე წითელი ყურძნის სუბსიდირება. ორი წლის განმავლობაში სახელმწიფოს დახმარებით გლეხებისგან შესყიდულია 218 000 ტონა ყურძენი. მევენახეებმა ორი წლის განმავლობაში შემოსავლების სახით მიიღეს 289 მილიონი ლარი. რა თქმა უნდა, წარმატებულმა რთველმა განაპირობა, რომ მოსახლეობაში გაჩნდა იმედი, გაჩნდა სტიმული ვენახების გაშენების და ამ ორ წელიწადში ჩვენს ქვეყანაში დამატებით 4 000 ჰექტარზე მეტი ვენახი გაშენდა".
ფაქტ-მეტრი პრემიერის განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროდან, საქართველოში აქამდე არსებული და ბოლო ორ წელიწადში გაშენებული ვენახების სტატისტიკა გამოვითხოვეთ. სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ბოლო სასოფლო-სამეურნეო აღწერა 2004 წელს ჩატარდა. ამ აღწერის თანახმად, საქართველოს მასშტაბით 37 419 ჰექტარი ვენახი იყო აღრიცხული.
2014
წელს, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ვენახების კადასტრის პროგრამის განხორციელება დაიწყო. პირველ ეტაპზე რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის საკადასტრო აზომვა განხორციელდა. შესრულებული სამუშაოს ანალიზიდან დადგინდა, რომ რაჭაში დღეისთვის 572.3 ჰექტარი ფართობის ვენახია, რომელიც 5 510 ნაკვეთის სახით არის წარმოდგენილი და ძირითადად კერძო მეურნეებს ეკუთვნით. ვენახების უმეტესობა ამბროლაურის მუნიციპალიტეტშია გაშენებული. ლეჩხუმში (ცაგერის მუნიციპალიტეტი) დღეისთვის 233 ჰექტარი ვენახია რეგისტრირებული და რაჭის მსგავსად, ვენახების უმეტესობა აქაც კერძო მეურნეებს ეკუთვნით. 2015 წელს ანალოგიური აღწერითი სამუშაოები უკვე კახეთის რეგიონში გაგრძელდება. სააგენტოს ინფორმაციით, ყვარლის მუნიციპალიტეტის ვენახების საკადასტრო აზომვებზე ტენდერი უკვე გამოცხადდა.
2004წლის აღწერით, რაჭაში 714 ჰექტარი ვენახი იყო (ამბროლაურში - 628 ჰა და ონში - 86 ჰა), ცაგერში კი - 616 ჰექტარი. 2014 წლის საკადასტრო აზომვის მიხედვით, რაჭა-ლეჩხუმში 2004 წელთან შედარებით ვენახების რაოდენობა შემცირებულია - რაჭაში 141 ჰექტრით და ლეჩხუმში 383 ჰექტრით. ღვინის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების განმარტებით, ვენახების ფართობის შემცირება 2006-2013 წლების რუსეთის თითქმის 7 წლიანმა ემბარგომ განაპირობა. ნახევრადტკბილ ღვინოებზე ("ხვანჭკარა", "უსახელოური" და "ტვიში") მოთხოვნა შემცირდა და ამან ვენახების საერთო ფართობის შემცირება გამოიწვია. 2013 წელს რუსეთმა ქართულ ალკოჰოლურ სასმელზე ემბარგო გააუქმა, შედეგად, გასაღების ბაზარი კვლავ გაჩნდა, ყურძენზე მოთხოვნა გაიზარდა, ფასმა აიწია (1 კგ. 4-8 ლარი) და ამის გამო 2013-2014 წლებში მოსახლეობამ რაჭაში ახალი ვენახების გაშენება დაიწყო.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მთლიანად, საქართველოში, 2013-2014 წლებში დაახლოებით 5 000 ჰექტარი ვენახი გაშენდა. მათ შორის: კახეთში - 4 700 ჰექტარი, რაჭაში - 50 ჰექტარი, შიდა ქართლში, იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში - სულ 250 ჰექტარი. ღვინის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, აღწერებს შორის ვენახების ფართობის გამოთვლა მიახლოებითია და სტატისტიკის დასადგენად სხვადასხვა წყაროები გამოიყენება: მუნიციპალიტეტების და რეგიონალური სასოფლო-სამეურნეო წარმომადგენლობების ხელთ არსებული ინფორმაცია, წარმოებული ნერგის რაოდენობა, მარნებისა და მევენახეთა ინფორმაცია ახალი ვენახების გაშენების შესახებ და ა.შ. ყველა ამ მონაცემის შეჯერებით, გაშენებული ვენახების მიახლოებითი ფართობის გამოთვლა ხდება.
ბოლო ორი წლის განმავლობაში ვენახების გაშენების დამადასტურებელი მასალა ინტერნეტ სივრცეშიც მოვიპოვეთ. ამ მასალების მიხედვით, ვენახები გაშენდა რაჭა-ლეჩხუმში (რაჭაში 45 ჰა ვენახი და ცაგერში 10 ჰა ვენახი), ყვარლის რაიონში (380 ჰა საფერავი, 162 ჰა რქაწითელი და 10 ჰა კახური მწვანე) და კახეთის სხვა რეგიონებშიც. პრემიერი თავის განცხადებაში ბოლო ორი წლის განმავლობაში მევენახეებისგან შესყიდული ყურძნის რაოდენობასა და შესყიდვიდან მიღებულ შემოსავლებზეც ამახვილებს ყურადღებას. ღვინის ეროვნული სააგენტოს სტატისტიკისმიხედვით, 2013 და 2014 წლებში სულ 217 678 ტონა ყურძენი გადამუშავდა (2013 წელს 93 072 ტონა და 2014 წელს 124 606 ტონა) და მისი რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა 289 091 593 ლარი შეადგინა (2013 წელს 175 341 271 ლარი და 2014 წელს 113 750 322 ლარი), რაც ირაკლი ღარიბაშვილის მიერ, განცხადებაში მოყვანილ რიცხვებს ემთხვევა.
დასკვნა
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2013-2014 წლებში საქართველოში დაახლოებით 5 000 ჰექტრამდე ახალი ვენახი გაშენდა, მათ შორის: კახეთში - 4 700 ჰექტარი, რაჭაში - 50 ჰექტარი, შიდა ქართლში, იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში კი - სულ 250 ჰექტარი. ფაქტ-მეტრის მიერ მოპოვებულ მასალებში მევენახეები და ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ვენახების გაშენება წარმატებულმა რთველმა და ჩაბარებული ყურძნიდან მიღებულმა მაღალმა შემოსავალმა განაპირობა.
რაც შეეხება ბოლო ორი წლის განმავლობაში სარეალიზაციოდ გასული ყურძნის რაოდენობას, 2013-2014 წლებში 217 678 ტონა ყურძენი გადამუშავდა და შემოსავალმა 289 091 593 ლარი შეადგინა.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება: ორი წლის განმავლობაში 4 000 ჰექტარზე მეტი ვენახი გაშენდა, არის სიმართლე.